ინდოელმა დარისპანმა "გასაჭირი" მხიარულებით შეცვალა - კვირის პალიტრა

ინდოელმა დარისპანმა "გასაჭირი" მხიარულებით შეცვალა

"საქართველოს პატრიარქს სამჯერ შევხვდი. საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისგან, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობა იყო"

"წმინდა ნაწილებს დნმ-ის ექსპერტიზა ჩაუტარდა და დამტკიცდა, რომ ის მართლაც ქეთევან დედოფლის იყო. დღეს დედოფლის მარჯვენა მკლავი გოას არქეოლოგიის მუზეუმში ინახება"

"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დარისპანი დავირქვი. მეუბნებოდნენ, რაღა გაჭირვებულის სახელს ირქმევ, ჯერ დავით კლდიაშვილის მოთხრობა""დარისპანის გასაჭირი" წაიკითხეო. გადმოცემით ვიცოდი, ვინც იყო ეს პერსონაჟი და ვპასუხობდი, ახლა გასაჭირს მხიარულებით შევცვლი-მეთქი. თანაც ეს სახელი ჩემსას ხომ ჰგავს?" - გვიამბობს საქართველოზე შეყვარებული ინდუსი დარისპან (დარ პან) პრაშერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ცდილობს, ამ ორი ქვეყნის კულტურულ დაახლოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

დარისპან (დარ პან) პრაშერი: - 42 წლის წინ პენჯაბის შტატში დავიბადე, ქალაქ ამრიტსარში. დელის უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ. პირველად 2001 წელს ჩამოვედი საქართველოში, ბიზნესის დაწყება მინდოდა, მაგრამ არ გამიმართლა. 10 თვე დავრჩი, ამასობაში ქართული ვისწავლე. ახლა გამართულად ვწერ, ვკითხულობ და ვლაპარაკობ.

2003 წლის დასაწყისში ისევ დავბრუნდი და ტყავის ქურთუკების მაღაზია გავხსენი, რომელიც გამიძარცვეს.

2010 წელს ინდოეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა. ელჩმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა საელჩოში მუშაობა შემომთავაზა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა ინდოეთიდან გრანიტი ჩამომაქვს. გარდა ამისა, ვმუშაობ ერთ-ერთ ინდურ კომპანიაში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადმინისტრირება მაბარია.

- გოადან ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების საკითხით როდის დაინტერესდით?

- მეცნიერი ნიზამუდინ ტაჰირი 10 წელია ამ საკითხზე მუშაობს, სწორედ მან აღმოაჩინა წმინდა ნაწილები და საქართველოშიც ჩამოვიდა.

ნაწილებს დნმ-ის ექსპერტიზა ჩაუტარდა და დამტკიცდა, რომ ის მართლაც ქეთევან დედოფლის იყო. დღეს დედოფლის მარჯვენა მკლავი გოას არქეოლოგიის მუზეუმში ინახება. საქართველოსა და ინდოეთის მთავრობებს ამ საკითხზე 10 წელია, მიმოწერა აქვთ, მაგრამ წერილებით საქმე არ გამოვა. ამ საქმეში ყველაზე აქტიურად არის ჩართული მამა გიორგი რაზმაძე - ავჭალის წმ. ქეთევანის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. მან მთხოვა, თუ შეგიძლია, დამეხმარეო. ამ ზაფხულს მასთან ერთად შევხვდი ინდოეთის კულტურის მინისტრს, რომელიც დაგვპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა. ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია. ფინანსები არ არის საჭირო, მთავარია სურვილი და მონდომება.

ინდოეთის არქეოლოგიურმა დეპარტამენტმა 15 წელი იმუშავა დედოფლის ნაწილების აღმოჩენა-დადგენაზე. თავდაპირველად, ნაწილები ესვენა პორტუგალიელების ტაძარში, რომელიც 1938 წელს დაინგრა. 10-15 მეტრი სიმაღლის ნანგრევებში ძნელი იყო ერთი ძვლის მოძებნა, მაგრამ მოხდა სასწაული და ძვალი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ, მოულოდნელად გამოჩნდა - გზას აკეთებდნენ და ერთ-ერთ მუშას ხელზე დაეცა ქვა, რომლის ქვეშაც აღმოჩნდა ქეთევანის მარჯვენა მკლავი.

- ითქვა, რომ წმინდა ნაწილების გადმოცემის სანაცვლოდ ინდოეთის მთავრობა მილიონ დოლარს ითხოვდა...

- კი, ითქვა და ვცადე, გამერკვია, საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია. ინდოეთის მთავრობა ამ საქმეში ფულს არ ითხოვს. კულტურის მინისტრიც შეჰპირდა მამა გიორგის დახმარებას, მაგრამ ამას მხოლოდ კულტურის სამინისტრო არ წყვეტს, საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროც უნდა ჩაერიოს. =]მამა გიორგისთან ერთად მალე შევხვდები ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და ყველაფერი ამ შეხვედრაზე გადაწყდება. საქართველოს პატრიარქს სამჯერ შევხვდი. საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისგან, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობა იყო.

- თქვენ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეთ, აქ აპირებთ დასახლებას.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში გამქურდეს, მომატყუეს - მაინც აქეთ მომიწევდა გული. ყველაფერი დავკარგე - არც ბინა მქონდა, არც სამსახური, არც საჭმლის ფული. 8-9 თვე ხალხმა მაჭამა-მასვა. ისინი არც ნათესავები იყვნენ ჩემი, არც - მეგობრები. ასეთმა ხალხმა შემაყვარა ეს ქვეყანა.

ჯერჯერობით ქირით ვცხოვრობ, მინდა, ჩამოვიყვანო ჩემი ოჯახი (ჩემი ვაჟები 15 და 13 წლისანი არიან), მაგრამ ჯერ ფინანსურად უნდა მოვძლიერდე. მათ ბევრი რამ იციან საქართველოზე, ჩემი უფროსი ვაჟი ფანდურზე უკრავს და მღერის. მან ინტერნეტში მოძებნა ქართული ინსტრუმენტი და მთხოვა, მიყიდეო. ქართული სიტყვებიც იციან.

- ბოლივუდის ვარსკვლავებიც ჩამოგყავთ თურმე...

- დელიში პირველი კლასის რეჟისორებს შევხვდი, რომლებიც საქართველოში ფილმს გადაიღებენ. ინდოეთიდან კი მოდის საქართველოში სერიალები, მაგრამ მე პირიქით, მინდა იქით გავიტანო ქართული სერიალები.

- მსგავსებას თუ ხედავთ ქართველებსა და ინდოელებს შორის?

- ინდოეთში სტუმარი ღმერთია, აქაც სტუმარი ღვთისაა. მინახავს ქართული ოჯახები, მატერიალურად რომ უჭირთ, მაგრამ სტუმარს ლუკმას გაუყოფენ.

მეორე, რაც მაოცებს, მეგობრობაა. აქაური ბუნებაც ინდოეთს მაგონებს, საქართველო პატარა ინდოეთია ჩემთვის. ინდოეთში მთის და თოვლის ნახვა თუ მინდა, დედაქალაქიდან 600 კმ მაინც უნდა ვიარო, თუ ზღვის ნახვა - 1700 კმ.

ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ - შორია, საქართველოში კი 2-3 საათში მთაშიც მოხვდები და ზღვაზეც.

არც ტრადიციებია მაინცდამაინც განსხვავებული, ოღონდ ინდოეთში ამდენს არ სვამენ - ბევრი სმა უკულტურობად ითვლება. აქაური სამზარეულოც არ არის ჩემთვის უცხო. ვეგეტარიანელი ვარ, მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ჩურჩხელა, გებჟალიაზე - ვგიჟდები.

ნანა ფიცხელაური