რა აკავშირებს ნათანიელ როტშილდსა და ალფრედ ნობელს ონის სინაგოგასთან
07-12-2015
რა აკავშირებს ნათანიელ როტშილდსა და ალფრედ ნობელს ონის სინაგოგასთან
"ონს მცირე იერუსალიმსაც უწოდებდნენ"

"ტაძარში ჩაკეტილი ქალებისა და ჩვილების მოთქმა-ტირილმა სინაგოგის დასანგრევად მისული ვანდალები გააოგნა"

"1895 წელს ონის სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. ასეთი ხალხმრავლობა არ ენახა ონს. სიტყვები წარმოუთქვამთ სტუმრებს, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს. წმინდა გრაგნილები სინაგოგაში დიდი პატივით შეუბრძანებიათ"


საქართველოში არსებულ სინაგოგათა შორის ონის სა­ლოცავი გამორჩეულია. ახლახან მას 120 წელი შეუსრულდა. გვესაუბრება სინაგოგის ამშენებლის, ელია ამშიკაშვილის შვილთაშვილი თამილა ბუზუკაშვილი:
- ონის სინაგოგა მავრიტან­ული არქიტექტურული სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. პროექტი ელიამ
ევროპიდან ჩამოიტანა და ტაძარი 1890-95 წლებში ააშენა.

თამილა ბუზუკაშვილი

- რა აკავშირებდა თქვენს დიდ პაპას ევროპასთან?

- ჩემი დიდი პაპა ონელ ებრაელობას გან­ათლების მისაღ­ებად მოსკოვში­ გაუშვია. იქიდან­ 18 წლის ყმაწვ­ილი გაგზავნეს კრაკოვსა და ვარ­შ­ავაში, სადაც იმდროინდელი­ ებრაული სამყა­როს ცნობილი სას­ულიერო ცენტ­რ­ები გახლდათ.­ სწავლის დასრულების შემდეგ
ვარშავაში რაბინად აკურთხეს და ევროპაში­ დარჩენა შესთავაზეს,­ მაგრამ უარი თქვა და იქაურ რელ­იგიურ წრეებს­ ონში სინაგოგის­ ასაგებად დახმარება სთხოვა, იქვე შეუკვეთა პროექტიც (ის სინაგოგ­აში მთელი­ საუკუნე ეკიდა, სამ­წუხაროდ, რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის შედეგად დაზიანებ­ული ტაძრის რესტავრირებისას გაქრა!) დაუკავშირდა ევროპული­ საქმიანი სამყაროს გრანდს - ნათანიელ როტშილდს, ხოლო მოსკ­ოვური არხებით - ალფრედ ნობელს.

ინგლისის სამეფოს პერი ნათანიელ როტშილდი ცნობილი ფინანსური ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ (მისი ქალიშვილი ცოლად ჰყავდა ინგლისის პრემიერ როზბერის). როტშილდი მოუხიბლავს განსწავლულ, უცხო ენებზე მოსაუბრე ახალგაზრდა რაბინს, რომელსაც სურდა საქართველოში, ერთ ციცქნა დაბაში აეგო უფლის სახლი. როტშილდების ოჯახი ღრმად მორწმუნე იყო, ამას ცხადყოფს­ ნათანიელ როტშილდის მამის - ლაიონელ როტშილდის მაგა­ლითიც: 11 წლის განმავლობაში ინგლისის თემთა პალატაში მისი დეპუტატად დამტკიცება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ სადეპუტატო ფიცის ყოველი წარმოთქმისას იგი ჩუმდებოდა იმ ფრაზასთან, რომელიც მიუღებელი იყო მისი იუდეური აღმსარებლობისთვის. მხოლოდ ტექსტის შესწორების მერე დაამტკიცეს თემთა პალატაში. ნათან როტშილდმა ქართველი ებრაელი რაბინი ბაქოში თავის ბიძაშვილებთან დააკავშირა, ხოლო ბათუმში ელიას დახმარება დაავალა მათი ფირმის წარმომადგენელს, წარმოშობით პოლონელ ებრაელს სტრადლავსკის.

- ალფრედ ნობელს ელია მოსკოველი მეგობრების რეკომენდაციით დაუკავშირდაო, ბრძანეთ...

- ბაქოში "ძმები ნობელ­ების"ნავთობმომპოვებელი ამხანაგობის" ხელმძღვანელი ყოფილა­ ალფრედ ნობელის ძმისწული ემანუელ ნობელი. მამას ინფო­რმაციით, "ძმები ნობელების ამხანაგობას" განზრახული ჰქონია სურამის უღელტეხილის ქვეშ ნავთობის მილის გაყვანა. ალფრედ ნობელს ელია მოსკოველმა მეგობრებმა შეახვედრეს სანქტ-პეტერბურგში. ჭაბუკი რაბინი ყველაზე მასშტაბურ მშენებლობას იწყებს, რითაც ამ, მისთვის უსაყვარლეს და უძვირფასეს კუთხეს არა მარტო კავკასიის მთავარმართებლის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური­ ბაზრის მეგავარსკვლავების, როტშილდისა და ნობელის, თვალსაწიერშიც აქცევს - ეგებ სოციალურად გავერანებულ მის მშობლიურ მხარეს რამე ეშველოს.

სწორედ იმ ხანებში როტშილდისა და ნობელის დიდ სანავთობო ფირმებს ისე გამოუცოცხლებიათ ბათუმი, რომ, როგორც იმდროინდელი ქრონიკები იუწყებიან: "გასაოცარს ფასს აძლევენ სადგურებში. დროა, მაზანდა ასეთი. აიმსო ბათუმი მთელის მილეთის ხალხით. დიდი მუშაობა, მოძრაობაა. აქ ნავთის ქარხნები, იქ სამხედრო სამაგრები, აქ ნავთ-საყუდელის გასაკეთებლად გაცხარებული მუშაობაა".

მამას მიერ იმ პერიოდის კვლ­ევისას მოძიებული ქრონიკებიდან: "ბაქოს გაზეთს Каспий-ს გაუგონია, რომ ერთს ფოთელ ინჟინერს ფიქრად მოსვლია - ნავთსადგურად პალიასტომის ტბა გაკეთდესო: ამისათვის ეს ტბა შეუერთდეს შავს ზღვას დიდის არხითა, რომელშიც ხომალდებს თავისუფლად შეეძლებათო სიარულიო. გაზეთი ამბობს, რომ რადგან ფოთის ნავსადგური აქამდე ვერ გამოდგა, ეს ფიქრი ინჟინერისა ჭკვაზედ ახლოაო. მით უფრო, რომ, როგორც გამოკვლევამ აღმოაჩინა, პალიასტომის ტბა ღრმა არ არის, უერთდება შავს ზღვასა და, მაშასადამე, არხის გაყვანა დიდს ხარჯს არ მოითხოვსო".
ელია ამშიკაშვილი რომ საზოგადო მოღვაწე იყო, კიდევ ერთი დეტალითაც დასტურდება: როგორც მამას ახსოვდა, ელია ფინანსურად შეწევნია რაჭველი ყიფიანების მიერ დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად წამოწყებულ ერთ-ერთ ღონისძიებას - მისი ძეგლის დადგმის საქმეს.

- ელიას ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია - სინაგოგა­ შთამომავლობას მემკვიდრეობად დარჩა.

- ელია კარგი მენეჯერიც აღმოჩნდა - სინაგოგის ჩონჩხი ადგილობრივი თეთრი კირქვით 8 თვეში აშენდა. მშენებლობისათვის 20 ბერძენი ხელოსანი დაუქირავებია. შავ სამუშაოებს ონელი ებრაელობა ასრულებდა. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ცნობით, ელია ამშიკაშვილი ნახევრად დამუშავებულ მოსაპირკეთებელ ლოდებს საირმისა და სოფელ ქვაბტკირის კარიერიდან 30-50 კილომეტრის მანძილზე ხარებით ეზიდებოდა. მისი ერთგული თანაშემწე ყოფილა იოსებ ბუზუკაშვილი.

1895 წელს ონის სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. ასეთი ხალხმრავლობა არ ენახა ონს. სიტყვები წარმოუთქვამთ სტუმრებს, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს. წმინდა გრაგნილები სინაგოგაში დიდი პატივით შეუბრძანებიათ.

ონის ებრაელობა, რომელიც იმხანად დაბის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა, ახალ სინაგოგასა და ელია ამშიკაშვილს ისეთი სულიერი აღმავლობის გზაზე დაუყენებია, რომ ონს თურმე მცირე იერუსალიმსაც უწოდებდნენ. ელიას სხვა ებრაულ თემებშიც იწვევდნენ. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, 1912 წლის ზამთარში, ნალჩიკში გაცივებულა და გარდაცვლილა. ალაგირში დაუსაფლავებიათ... რაბინებმა ოჯახს მიცვალებული არ გადმოასვენებინეს - სადაც ღვთის ნებით აღესრულა და დაიკრძალა, იქვე უნდა განისვენოსო.
ელიას საგანმანათლებლო მისია საჩხერელ ებრაელთათვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა - 1914 წელს სინაგოგის გახსნის ზეიმზე მისი ოჯახიც მიუწვევიათ. წმინდა გრაგნილების საცავის კარის გახსნის პატივი სწორედ ელიას ოჯახს მოუპოვებია.

- ონის სინაგოგას კიდევ ერთი ამაღელვებელი ამბავი უკავშირდება.
- როცა კომუნისტები ეკლესია-მონასტრებს დაერივნენ, ონში ყველა ქრისტიანული საკულტო ნაგებობა დაანგრიეს. სინაგოგასაც იგივე დაემუქრა. ელია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ელიას მძახალმა - მამაჩემის მეორე პაპამ, მოსე ბუზუკაშვილმა, მეტად სარისკო ნაბიჯი გადადგა - საკუთარი ჯალაბის ქალ-რძალი ჩვილ ბავშვებიანად სინაგოგაში გამოკეტა. ამ თავგანწირულ მაგალითს ებრაული თემის სხვა ოჯახებმაც მიჰბაძეს. პარალელურად მოსე ბაბუა მოელაპარაკა სოფელ ღარის ქართველ ქალებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ჩვილებიანად მოვიდნენ და სინაგოგას წრე შემოარტყეს. მათივე მეშვეობით ტაძარში გამოკეტილებს მალულად რძეს აწვდიდნენ. ამისათვის ის ღარელი ქალები მოსე ბაბუამ ფინანსურად გულუხვად დაასაჩუქრა. ტაძარში ჩაკეტილი ქალებისა და ჩვილების მოთქმა-ტირილმა სინაგოგის დასანგრევად მისული ვანდალები გააოგნა.

ამასობაში თბილისში მალულად წარგზავნილმა ებრაელმა მამაკაცებმა უმაღლეს ხელისუფლებაში საქმე მოაგვარეს და ონში მთავრობის შეწყნარების საბუთი ჩაიტანეს. სინაგოგა გადარჩა. სხვათა შორის, იმ "პროტესტანტ" ჩვილებს შორის მამაჩემიც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ელიას მოწაფე იყო ცნობილი რაბინი დავით ბააზოვი. სწორედ მისი ნათლული გახლდათ მამა. როცა ონის სინაგოგის საუკუნოვანი თარიღი აღნიშნეს, მამა არავის მიუწვევია... სამწუხაროდ, ელიას შთამომავლები არავის "გახსენებია". ყოველივე ზემონათქვამი არ არის მხოლოდ ჩვენი ოჯახის ისტორია. ეს ამ ქვეყნის ქართველ ებრაელთა ისტორიაც გახლავთ, მათი წარსულის თავმოსაწონი ფურცლები.

ონის სინაგოგა

ონის სინაგოგის მშენებლობა 5 წელი მიმდინარეობდა და 1895 წელს დასრულდა. თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. შენობას ოთხკუთხედის ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისაკენ

მარინა ბუზუკაშვილი
Temuri
13 ოქტომბერი 2016 15:54
ონის სინაგოგა არის ვარშავის სინაგოგის ზუსტი ასლი და აღმოსავლეთ ევროპაში სიდიდით მეორე..ონის სავიზიტო ბარათი და ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურურული ძეგლი...
!
14 დეკემბერი 2015 09:47
ბერიბერი სიყვარულს და ძმობას რა ჯობია, მაგრამ ძალიან ბევრი სისულელე და უზუსტობა დაწერე
ავთო
09 დეკემბერი 2015 19:20
თბილისელ ებრაელებთან გავიზარდე და სულ ვეუბნებოდი,წადით ონში,სინაგოგის ნახვა თუ მართლა გინდათ-თქო.დღემდე ვამაყობ ონის სინაგოგით და ასეც იქნება ბოლომდე.

რედაქტორის რჩევით