ქართველი სტუდენტების დიდი წარმატება
07-12-2015
ქართველი სტუდენტების დიდი წარმატება
"ჩვენ ახლა თანხის მოძიების და აპლიკაციების შევსების პროცესში ვართ"

თუ სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო ფონი არ იქნება, მაშინ ჩვენც, როგორც საქართველოდან წასული სხვა მეცნიერები, შორიდან
შევეწევით ჩვენს ქვეყანას


შეიძლება ითქვას, რომ საბა შარიქაძე, გურამ ქართველიშვილი და თორნიკე ღუტიშვილი რეკორდსმენები არიან. ამ ბიჭებმა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აიღეს წელს GRE-ის ფიზიკის გამოცდაში, რომელიც საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭომ ჩაატარა. საბამ - 970 ქულა, გურამმა - 920 და თორნიკემ 990 მიიღ
ეს. სამეცნიერო წრეებში იმედოვნებენ, რომ ეს ქართველი სტუდენტების სამეცნიერო კარიერის დაწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. "კვირის პალიტრა" სამივე მათგანს შეხვდა, წარმატება მიულოცა და მათი გეგმებითაც დაინტერესდა.

საბა შარიქაძე: - 22 წლის ვარ. გამოცდა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ, საჭიროა ამერიკის უნივერსიტეტებში დოქტორანტურის გასავლელად.
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, იქ უფრო გაძლიერებულად ისწავლებოდა
ეს საგანი. ფაქტობრივად, სკოლის პერიოდიდანვე ვემზადებოდი ამ გამოცდისთვის.

- როგორც ვიცი, GRE-ის პროგრამის კონკურსები ყოველწლიურად ტარდებოდა საქართველოში, თუმცა ასეთი შედეგით პირველად დასრულდა.

- მე 970 ქულა ავიღე, არც ვიცი, ამდენი ქულა სხვა დროს თუ აგვიღია, თუმცა თორნიკეს მაჩვენებელი რომ მანამდე არ ყოფილა, ზუსტად ვიცი. მან მაქსიმალური, 990 ქულა აიღო. ქართველები ადრეც აბარებდნენ ამ გამოცდებს და მიდიოდნენ ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, ცხადია, მაშინ უფრო იშვიათად.

- მინიმალური ზღვრის გადასალახავად რამდენი ქულის მოპოვება იყო საჭირო?

- გააჩნია, რომელ უნივერსიტეტში გზავნით საბუთებს. ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. ზოგი, მაგალითად, 700 ქულითაც კი მიუღია კონკრეტულ უნივერსიტეტს. თუ, მაგალითად, ჰარვარდისა და მისი დონის უნივერსიტეტში გსურთ სწავლა, მაშინ შესაძლოა 990 ქულა არ იყოს საკმარისი და დამატებით ცალკე მიღწევების წარდგენაც დაგჭირდეთ, იქნება ეს ოლიმპიადები, სტატიები თუ ბევრი სხვა რამ.

- რას გეგმავთ?
- ჩვენ ახლა თანხის მოძიების და აპლიკაციების შევსების პროცესში ვართ. ვცდილობთ სხვადასხვა ფონდს მივმართოთ აპლიკაციების თანხების მოსაპოვებლად. რაც მეტ უნივერსიტეტში გავგზავნით საბუთებს, მიღების მით მეტი შანსი გვექნება.

- სწავლის საფასურს ვინ გადაიხდის?
- ძალიან კარგი პროგრამა აქვს ამერიკას. შეგიძლია იმუშაო მასწავლებელ-ასისტენტად, სწავლის თანხაც გადაიხადო და საცხოვრებელ ხარჯებსაც გაუძღვე.

- განათლების მიღების შემდეგ სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- მე სამეცნიერო საქმიანობას მინდა მივყო ხელი. გააჩნია საქართველოში რა მდგომარეობა იქნება მაგ დროისთვის. თუ სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო ფონი არ იქნება, მაშინ ჩვენც, როგორც საქართველოდან წასული სხვა მეცნიერები, შორიდან შევეწევით ჩვენს ქვეყანას.

გურამ ქართველიშვილი:
- 22 წლის ვარ, მეც ვეკუა დავამთავრე, შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტი და ამჟამად ილიაუნში - მაგისტრატურაში ვსწავლობ. გამოცდაში 920 ქულა ავიღე. მომავალში სამეცნიერო მუშაობას ვგეგმავ.

- საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში გატარებული წლები ძალიან ბევრს მოგიტანთ როგორც პიროვნული, ასევე კარიერული თვალსაზრისით.
- მთავარია, ეს წლები ნაყოფიერი იყოს. შემდეგში საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ. მინდა მეცნიერების განვითარებას შევუწყო ხელი, სტუდენტებს დავეხმარო საზღვარგარეთ განათლების მიღებაში.

თორნიკე ღუტიშვილი: - 22 წლის გახლავართ. ამ გამოცდაში 990-დან 990 ქულა მივიღე. ფიზიკის სწავლა მეშვიდე კლასიდან დავიწყე, ვეკუაში ვსწავლობდი. ნელ-ნელა შემიყვარდა ეს საგანი. კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ და მომავალში მინდა სამეცნიერო საქმიანობას მივყო ხელი. ჩვენი სწავლის პროცესი 6 წელი გაგრძელდება. მერე სხვადასხვა უნივერსიტეტში მოგვიწევს მუშაობა. ამას პოსტდოკი ჰქვია.
აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. სამშობლოში მირჩევნია ცხოვრება და მუშაობა.

P.S. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთი ახალგაზრდები საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

ეკა სალაღაია
მასწავლე*
08 დეკემბერი 2015 14:53
პ.ს.ადამიანები ყველაზე ადვილად და კარგად მაგალითებზე სწავლობენ ზოგნი სხვის და ზოგიც საკუთარზე,კარგის მაგალითის მიმცემნი ვყოფილიყავით ჩემო თანამემამულენო გაგიმარჯოთ!*
მასწავლე*
08 დეკემბერი 2015 14:50
ცუდი და კარგი ყველა ერშია,
მათში სხვაობა მხოლოდ ერთშია
ცუდი ცუდს ეძებს და კარგი კარგსა,
ორივე ადგას საკუთარ გზასა
ვინც რასაც ეძებს იმას იპოვნის,
ცუდი ცუდსა და კარგი კარგსა!*
***ეძიეთ კარგი იქნებით კარგად***
giorgi
08 დეკემბერი 2015 00:33
თქვენ შემოგევლეთ, ვამაყობ თქვენით, მაგრამ გირჩევთ, - ფხაჭა-გლეჯით გაიქეცით საქართველოდან! არ გაგახარებენ! არ გაგახარებთ არა მხოლოდ მთავრობა, არამედ - საზოგადოებაც, რომელსაც მეცნიერი უსაქმური ჰგონია! არ გჯერათ? - წაიკითხეთ ამბები.ჯიზე გამოქვეყნებული პოსტები დიდი აღმოჩენების შესახებ, განსაკუთრებით - ასტროფიზიკაში და იქვე დააკვირდით ვაიმკითხველთა კომენტარებს!!! და ეს არაა სათითაო ხალხი, - მთელი ეს ბიდლო თქვენ უსაქმურებს გიწოდებთ, რომლებიც ატყუებთ მთავრობას და ფულს სძალავთ კვლევების წარმოებისთვის! ეს მართლა უსაქმური ბიდლოები კი თათებს აპარტყუნებენ იმ კომპიუტერის კლავიშებზე, მეცნიერთა თაობების შრომამ რომ აჩუქა მათ, უმადურ-ერთუჯრედიანებს!

რედაქტორის რჩევით