სასიცოცხლო ექსპერიმენტი - "ჩემივე ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები უნდა გადანერგონ" - კვირის პალიტრა

სასიცოცხლო ექსპერიმენტი - "ჩემივე ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები უნდა გადანერგონ"

"სასწორზე ვდებ სიცოცხლეს - ან ჩემი არსებობის მიზანი ავისრულო, ანდა სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს"

ომაზ ჩხეიძე: "თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ვხატავდი გულით და არა ხელით. ამ გულმა კი, ვინც უყვარდა, ყველა დახატა"

ერთ-ერთ უცხოურ საიტზე, თანამედროვე ფერწერის შედევრთა შორის, რუსული საიტებიდან გადმოტვირთულ ქართველი მხატვრის ნახატებს წავაწყდი, თუმცა, სამწუხაროდ, მხატვრის გვარ-სახელმა - ომაზ ჩხეიძე - ბევრი ვერაფერი მითხრა... ასე ვიპოვე ბორჯომში მცხოვრები პრიმიტივისტი მხატვარი... ამჟამად ის პარკინსონის იმდენად რთული ფორმით არის დაავადებული, ხელში ფუნჯსაც ვერ იჭერს. დასასურათებელი დარჩა "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ ხელი აღარ ემორჩილება, ამის გამო მივიდა შოკის მომგვრელ გადაწყვეტილებამდე - თავის ტვინზე ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, ოღონდ ამ ოპერაციამ შეიძლება ყველაფერი სამუდამოდ დაასრულოს - ეს ექსპერიმენტია! თუმცა მერე რა! თუ არ იქნება ის, რისკენაც მთელი სიცოცხლე მიდიოდი, მაშინ სიცოცხლეს რა ფასი აქვს?!

- სამშობლოში ნაკლებად გიცნობენ, უცხოები კი შედევრების შემქმნელად გაღიარებენ.

- თვითნასწავლი მხატვარი ვარ - ვხატავდი გულით და არა ხელით. ამ გულმა კი, ვინც უყვარდა, ყველა დახატა.

- თქვენი "გალაკტიონი" პარიზის მსოფლიო მხატვრების გამოფენაზე გრან-პრით დაჯილდოებულა.

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ნახატი მოსკოვის გამოფენაზე ერთ-ერთი ქართული გამოფენიდან გაიგზავნა, იქიდან - პარიზში, სადაც გრან-პრი მიიღო და აუქციონზე გაიტანეს. საწყისი ფასი 50 000 დოლარი დაადეს. მაშინ უზარმაზარი ფული იყო, მაგრამ საქმეში ჩახედულებმა მითხრეს, - ამ ფულიდან 2 000 მანეთსაც არ მოგცემენო. ნახატის გაყიდვაზე უარი ვთქვი და "გალაკტიონი" დამიბრუნდა.

ახლა პარკინსონი დამემართა - ხელების კანკალი თანდათან მემატება... ამ საშინელი დაავადების "სქემაც" გავიგე, - თურმე ჩვენს ტვინში არსებობს უბანი, სადაც იქმნება ის საოცარი დოფამინი, რომელიც ჩვენს სხეულში მამოძრავებელ ძალად იგზავნება. როცა ამ უბანში უჯრედები კვდებიან, აღარც დოფამინი იქმნება და სხეულიც ნელ-ნელა გვეუბნება უარს მორჩილებაზე. მე ამის გაძლება არ შემიძლია, მას სიზმრებშიც ვებრძვი. განა მხოლოდ იმიტომ, რომ მჯაბნის. არა, მან ჩემი სიცოცხლის მთავარი მიზანი მოსპო - ვოცნებობდი, ამეღო დიდი ტილო და "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტები დამეხატა. ახლა კი, თითქოს ჯიბრზე, როცა ხელები აღარ მემორჩილება, მთელი ჩემი "ვეფხისტყაოსანი" გონებაში საოცარი სიცხადით დავხატე... ამიტომ სიცოცხლეს ვდებ სასწორზე - ან ჩემი არსებობის მიზანი ავისრულო, ანდა სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს.

- ეს რა ოპერაციაა?

- ექსპერიმენტია. ჩემივე ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები უნდა გადანერგონ. ამ ოპერაციას ქართველი ექიმები მიკეთებენ გერმანელ დასტაქრებთან ერთად. მე ამ ექსპერიმენტის მეორე ჯგუფის წევრი ვიქნები. პირველ ჯგუფს ეს ოპერაცია რვა თვის წინ ჩაუტარდა.

- მერე როგორ არიან?!

- მე მათგან არავინ მინახავს, ექიმმა მითხრა, ამ რვიდან ორი კარგად არის და პარკინსონის წამალიც გადააგდოო. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა და რაკეტაში ჩაჯდომა არ მომიხდა, ჩემი სიცოცხლის მიზანს ავისრულებ, "ვეფხისტყაოსანს" დავხატავ...