"გთხოვთ, გადამირჩინეთ ჩემი გიორგი!" - ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ 15 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის და გავიმარჯვოთ - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, გადამირჩინეთ ჩემი გიორგი!" - ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ 15 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის და გავიმარჯვოთ

"ნუთუ, ამდენი ადამიანის სიყვარული არ გადამირჩენს ჩემს გიორგის?!"

15 წლის ბათუმელ გიორგი ფირცხალაიშვილს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ლიმფოზური ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ბავშვი მკურნალობის კურსს გადის და მისი დასრულებისთანავე ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციას სჭურდება. ამისთვის კი 65 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო.

გიორგის ოჯახს თითქმის მთელი აჭარა იცნობს. მისმა მშობლებმა - კახა ფირცხალაიშვილმა და ნატო თურმანიძემ ბევრი წარმატებული მომღერალი აღზარდეს და დღესაც ზრდიან თავის სახელოვნებო სასწავლებელში, მათ მიერ მოწყობილ სიმღერის ფესტივალებში მთელი საქართველოს ბავშვები მონაწილეობენ. კახას დედა კი, ციალა ჩიჩუა აჭარის ხალხურ საკრავთა ორკესტრის დამაარსებელი გახლდათ.

გიორგის დაავადებაზე მისი მამა კახა ფირცხალაიშვილი ყელში ბურთგაჩხერილი გვესაუბრა, ხშირად ჩერდებოდა, ცდილობდა თვალს მომდგარ ცრემლი ჩვენთვის არ დაენახვებინა...

- ჩემი თბილი და ყურადღებიანი მომღერალი ბიჭი... ჩემი სპორტსმენი, ფეხბურთელი... ერთ დღეს, უცებ, ცუდს რომ არაფერს ელოდები, ზღვაში ბანაობის შემდეგ ტემპერატურამ აუწია და რომ არა და არ დაუკლო, წავიყვანეთ ექიმთან, ბათუმში. გაცივებული გვეგონა. გადაუღეს ფილტვები, იქ რაღაც ლაქა გამოჩნდა, მერე კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაამოწმეს და გვითხრეს, - არ შეგეშინდეთ, მაგრამ რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს ბავშვსო. გავიქეცით თბილისში. თბილისში გამოკვლევის შემდეგ სიმსივნის ყველაზე იოლი ფორმა - თიმომა დაუდგინეს და სასწრაფო ოპერაცია გვირჩიეს. ვემზადებოდით საოპერაციოდ, მაგრამ ექიმები რატომღაც შეორჭოფდნენ. ამიტომ ანალიზები გავგზავნეთ თურქეთში, მაგრამ საქართველოში გაკეთებული ანალიზები იქაურ ექიმებს მწირ ინფორმაციას აძლევდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დავუკავშირდით და მისი დახმარებით სტამბოლში გავემგზავრეთ. იქ ქართველი კარდიოლოგი, მიქელაძე დაგვხვდა და მან გვიპატრონა. ანალიზები თავიდან გაუკეთეს და აღმოჩნდა, რომ გიორგის ჰქონდა ლიმფომა, რომელიც უკვე ლეიკემიაში გადაზრდილიყო. სისხლი ისე იყო მოწამლული, რომ უკვე ძვლის ტვინის სიმსივნე განვითარდა. ვერ გეტყვით, რა დღეში ჩავვარდით. მეც და ჩემი მეუღლე ნატოც ღმერთს ვეხვეწებოდით, გვიშველე, დაგვეხმარეო.

გიორგი მამასთან ერთად საავადმყოფოში

- როგორც ვიცი, გიორგის მაშინვე დაუწყეს მკურნალობა, ქიმიოთერაპიის კურსი, ხომ?

- სასწრაფოდ დაიწყეს მკურნალობა, რადგან დრო არ ითმენდა - სერიოზული პრობლემა შეექმნა ფილტვებს, წყალიც ჩაუდგა. 15 დღეში ბავშვი ალბათ გათავდებოდა. არ ვიცი, აბა, როგორ აგიხსნათ, ამ დროს რა დღეში ვარდები მშობელი? ისე მკურნალობდნენ, ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ, თავი კოსმოსში მეგონა. ახლა მეუბნებიან, რომ ორთვიანი მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ 65 ათასი დოლარი უნდა გადავიხადო და ძვლის ტვინის გადანერგვა იქნება აუცილებელი. "სოლიდარობის ფონდი", კერძოდ მარიამ ჯაში დაგვპირდა დახმარებას (გაახაროს ღმერთმა მისი ოჯახი და გვარი), ჩემი მუსიკოს-მომღერალი მეგობრები დამპირდნენ, საქველმოქმედო კონცერტს ჩავატარებთ ბათუმშიო. აჭარის ბევრი მომღერალ-შემსრულებელი, ანსამბლი "ბათუმი" და მომღერალი სოფო ხალვაში დამიდგნენ გვერდით, გია ნაცვლიშვილს თავისი კვარტეტი ჩამოჰყავს, ხვიჩა მაღლაკელიძე, ნუგზარ კვაშალი, თემურ წიკლაური, ნუგზარ ერგემლიძე და ვინ აღარ მეხმიანება. ყველა მზადაა, ჩემი გიორგისთვის შეძლებისდაგვარად რაღაც გააკეთოს. აჭარის ტელევიზიაც გვეხმარება, მაგრამ...

- მაგრამ 65 ათასი დოლარის მოსაგროვებლად ეს საკმარისი ვერ იქნება?

- რა თქმა უნდა. ვისაც მსგავსი ღონისძიება ჩაუტარებია, კარგად იცის, რა თანხა შეიძლება შემოვიდეს კონცერტიდან, თუმცა, ცხადია, ესეც ძალიან დიდი საქმეა ჩვენთვის და მადლიანი საქმეა ჩემი ბიჭისთვის. მართლა არ ვიცი, რა გზით შევაგროვო თანხა, ყველას თავისი პრობლემა და გაჭირვება აქვს, მაგრამ მაინც მეიმედება ჩემი ხალხი. იქნებ, ვინმე ქველმოქმედიც გამოჩნდეს, გაახარებს ღმერთი. არ ვიცი, რა ვთქვა... დღე და ღამ გამოსავალს ვეძებ. არადა, ბავშვი უკვე თვეზე მეტია, თურქეთის კლინიკაში წევს.

- კლინიკაშიც ალბათ საკმაოდ სოლიდურ თანხის გადახდა გიწევთ. ან ეს თანხა როგორ მოიძიეთ?

- ჯერ არაფერი გადაგვიხდია. მხოლოდ მკურნალობამდე ჩატარებული გამოკვლევების თანხა გადავიხადე, ისიც ბანკმა მომცა სესხად. ქართველი ექიმი, მიქელაძე მუშაობს იქ და ის დაგვიდგა გარანტად - რადგან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო ჩართული ამ ამბავში, გვენდნენ. ახლა, ერთ თვეში 65 ათასი დოლარი უნდა გადავუხადო კლინიკას.

- ამ წლების განმავლობაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერს შეუწუხებია გიორგი?

- არაფერს. ფეხბურთელი იყო, ვარჯიშობდა, აუზზეც დადიოდა, მღეროდა, კონკურსებზე გამოდიოდა... ახლა რომ ვიხსენებ, ვთქვათ, დღისით ხშირად იძინებდა ხოლმე, მაგრამ ასე ხომ მისი ასაკის ბევრი ბავშვი ცხოვრობს! - გვიანობამდე კომპიუტერთან სხედან, დღისით კი გამოძინებას ცდილობენ. აბა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს რაიმე დაავადების მაუწყებელი იყო... ჩემი მოსიყვარულე ბიჭი... დარბიან ახლა მისი კლასელები და სხვა თანატოლები და ფულს აგროვებენ, გიორგის უნდა დავეხმაროთო. ამდენი მეგობარი თუ ჰყავდა, არც ვიცოდი... ნუთუ, ამდენი ადამიანის სიყვარული არ გადამირჩენს ჩემს გიორგის?! ღმერთი ასე როგორ გაგვწირავს! ვისაც შეგიძლიათ, იქნებ, ლოცვებში მოიხსენიოთ ჩემი ბიჭი, ხოლო ვისაც თანხით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მუდამ თქვენთვის მლოცველი ვიქნები. ღმერთს ვთხოვ, არავის არაფერი გაგიჭირვოთ. ყველას გთხოვთ, გადამირჩინეთ ჩემი გიორგი!

სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი თანადგომისა, თანხა, რაც გიორგის დასახმარებლადაა საჭირო, გაცილებით დიდია, ვიდრე მისი ოჯახის მეგობრების ძალისხმევით შეიძლება შეგროვდეს. ამიტომ, თუკი ვინმეს დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, გთავაზობთ სპეციალურად მისთვის გახსნილი ანგარიშის ნომერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გიორგის გადარჩენა!

ანგარიშის ნომერი:

პროკრედიტბანკი: GE70PC0033600100026570

მიმღები კახაბერ ფირცხალაიშვილი

იხილეთ ვიდეო

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)