"დიდი მადლობა, ბატონო, რომ არ გვხოცავთ, მაგრამ..."
14-12-2015
"დიდი მადლობა, ბატონო, რომ არ გვხოცავთ, მაგრამ..."
"დღეს რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტებაა! ვერ წარმომიდგენია, ჩემი ქვეყანაც ამ ბოროტების ნაწილი გახდეს!"

"ღმერთმა არ ქნას, თუ ხალხს ისევ ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრა, ვერ გავჩერდები... სხვა დანა­რჩენი ჩემი საქმე არ არის და ვიდრე არ გვხოცავენ, ჯობია, სტუდენტ­ებს მივხედო", - ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე დღევანდელ საქართველოზე გვესაუბრება:

- დღეს არსად ჩანხართ.
- ძალიან დატვირთული საგასტროლო გრაფიკი მაქვს. ამასთან, კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე ვარ და აქაც აუარებელი საქმეა.

-
გვახსოვს თქვენი შეურიგებელი ბრძ­ოლა წინა ხელისუფლებასთან. დღეს როგორია თქვენი პოზიცია?

- წინა ხელისუფლების დროს ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას გამოვხატავდი, რის გამოც დავისაჯე­ კიდეც! ფაქტობრივად, მაიძულეს, ოპერის თეატრიდან წავსულიყავი... გვხოცავ­დნენ და სამსახურიდან გაგდება ამასთან შედარებით სასაცილოც კი იყო. მათ რეჟ­იმს ვერაფრით ვურიგდებოდი! რაც შეეხება დღევანდელობას, მადლობელი ვარ,
ხალხს ციხეებში რომ არ ხოცავენ, დიდი მადლობა, ბატონო, რომ არ გვხოცავთ და გვანადგურებთ, მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც მიღწევა?! ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ...

- დღეს პროტესტს აღარ გამოხატავთ.
- აღარ შემიძლია, ალბათ, რესურსები ამოიწურა, მაგრამ თუ ხალხს ისევ ფიზიკური განადგურების საფრთხე­ დაემუქრა, ვერ გავჩერდები... სხვა დანარჩენი ჩემი საქმე არ არის და, ვიდრე არ გვხოცავენ, ჯობია სტუდენტებს მივხედო. საშინელ დღეშია ორკესტრები, კატასტროფული მდგომარეობაა კადრების თვალსაზრისით. ზოგიერთ ინსტ­რუმენტზე შემსრულებელს ფიზიკურად ვერ იპოვი. ბავშვები აღარ მოდიან კონსერვატორიაში, რადგან იციან, რომ ამ პროფესიით მშივრები იქნებიან! როდესაც სახელმწიფოს პრიორიტეტი კულტურა არ არის, რასაკვირველია, ბოლო ადგილზე იქნება...
სატელევიზიო შოუ მრავლად არის და ეს არის, ალბათ, რასაც დღეს ხალხი ითხოვს. არა მაქვს უფლება, ვიძახო, ეს რა საშინელება ხდება-მეთქი... თუ მოსწონთ, აქვთ კიდევაც! ტელევიზორს აღარ ვუყურებ, მირჩევნია, თავისუფალ დროს წიგნი წავიკითხო. ნერვების მოშლის, უგემოვნობისა და ქაჯობის გარდა, იქ ვერაფერს ვხედავ.

- თქვენ წარმატებული კარიერა გაქვთ საზ­ღვა­რგარეთ, მაინც არ დატოვეთ საქართვ­ელო­.­
- არ მსურს დავემსგავსო ზოგ ჩემს კოლეგას, რომელიც ამბობს, საზღვარგარეთ რა არ შემომთავაზეს, მაგრამ საქ­ართველოს სიყვარულის გამო ვერსად დავ­რჩიო - საზღვა­რგარეთ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ იმ დონეზე არ დამაინტერესა, რომ ხანგრძლივი ვადით გადავსულიყავი. თუმცა ყველაფერი იქით მიდის, რომ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება!

- ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა რატომ დატოვეთ?
- როცა თეატრს სასაცილო ბიუჯეტი­ აქვს, რაც უნდა იხტუნო, ვერაფერს გახდები. აუცილებელია დეკორაცია, ორკესტრის ოპტიმიზაცია და ასე შემდეგ...
როცა ეს პირ­ობები არ არის, თუ უნამ­უსო ხარ, აიღებ ხელფასს და თავს არაფ­ერზე აიტკივებ. თუ ნამუსი გაქვს უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე!

- რას იტყოდით პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ?
- ვერაფრით წარმომიდგენია, პოლიტიკას გავეკარო, მაგრამ ყველა ადამიანს სხვადასხვა უნარი აქვს. მთავარია შედეგი. Lლიტვის პირველი პრეზიდენტი­, ვიტაუტას ლანდსბერგისი,­ მუსიკოსი იყო, რომელიც წარმატებული პრეზიდენტი გახლდათ. პაატა­ ბურჭულაძე არაჩვეულებრივი მომღერალია, დაველოდოთ შედეგებს...

- თქვენ რატომ არ გსურთ პოლიტიკას გაეკაროთ?
- კარგად ვიცი, რა ვიცი კარგად!­ რამდენიმე მთავარი როლი ვითამაშე კინოში­, სულ დამდევდნენ, მაგრამ კინოს აღარ გავეკარე. ჩემზე უკეთ არავინ იცის, კარგი მსახიობი რომ არ ვიქნ­ებოდი.

- არც ერთ ხელისუფლებასთან არ ყოფილხართ დაახლოებული...
- ხელისუფლებასთან ყოველთვის დისტანციას ვინარჩუნებ, რაც სულაც არ არის კარგი. კათედრას, რომლის ხელმძღვანელიც ვარ, თანხები სჭირდება და როცა ამდენი სტუდენტის ბედი გაბარია, უფრო მოქნილი­ უნდა იყო მთავრობასთან. არასოდეს არავინ შემიწუხებია და ვერც წარმომიდგენია, ეს ოდესმე მოხდეს. მთავრობასთან დაახლოებული ხელოვანებიც არსებობენ საქართველოში და ამ საქმის შესანიშნავი სპეციალისტებიც არიან.

- მოსკოვში გაიზარდეთ, მაგრამ მკაცრად აკრიტიკებდით რუსეთის პოლიტიკას... დღეს რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?
- ნორმალური და მშვიდი, თუმცა, თუ საქართველო რუსეთის სტრატ­ეგიული პარტნიორი გახდება, იმ დღესვე გავყიდი საქართველოში ყველაფერს, რაც გამაჩნია, მოვკიდებ ოჯახის წევრებს ხელს და ქვეყანას დავტოვებ! რუსეთში დაბრუნება ჩემთვის იგივეა, გამოქვაბულში და ჯურღმულში რომ დავბრუნდეთ!
ამით რუს ხალხს არ ვაყენებ შეურაცხყოფას!­ დღეს რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტებაა! ვერ წარმომიდგენია, ჩემი ქვეყანაც ამ ბოროტების ნაწილი გახდეს! ჩემი რუსი მეგობრებიც ორგანულად ვერ იტანენ საკუთარი ქვეყნის მთავრობას. ხან საქართველოში ჩამოდიან, ხანაც უკრაინაში და "ფეისბუკშიც" ხან უკრაინის დროშა აქვთ გამოდებული, ხანაც საქართველოსი... თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი ბევრი არ არის.

მანანა გაბრიჭიძე
david67
20 დეკემბერი 2015 17:40
არ მესმის პოლიტიკის გამო,რატომ უნდა იზარალო,რატომ უნდა გაყიდო ყველაფერი და წახვიდე სხვაგან?გაქვს შენი საქმე და არც თუ ცუდად ართმევ თავს და აკეთე რა.
ნანა1
19 დეკემბერი 2015 21:40
წადი თუ ასე გინდა,რას გვაშინებ!ჩვენ გაგვატარეთ ვისაც რუსეთი გვინდა და ვართ 70 პროცენტი!
გემიჯნებით
18 დეკემბერი 2015 17:07
რუსეთუმეების თავშეყრის ადგილი ყოფილა აქ! რუსეთუმეებო, გემიჯნებით! თუ რუსეთთან ლანგარზე დაგვდებენ,მეც დავტოვებ ქვეყანას და კიდევ ძალიან ბევრი, და საქართველოში მარტო რუსეთუმეები და რუსები დარჩებით! ჰმ, ბედნიერად...

რედაქტორის რჩევით