ტაძრები, რომელთაც განაჩენი გამოუტანეს - კვირის პალიტრა

ტაძრები, რომელთაც განაჩენი გამოუტანეს

რაკი ამბობენ, ეს სახლი წარსულში ტაძარი იყოო, მივედი საპატრიარქოში, საიდანაც გამომაყოლეს სასულიერო პირი და მასთან ერთად გადავამოწმე ეს ინფორმაცია არქივში

დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ტაძრებს, რომლებიც დღეს საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული, თავის ფუნქციას დაუბრუნებს

ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩას რომ აუყვებით, გზის დასასრულს ერთი უცნაური სახლი შეგხვდებათ. უცნაური-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ შენობის ფასადი ეკლესიას წააგავს... რამდენადაც დაუჯერებლად უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქუჩის #23-ში მდებარე საცხოვრებელი წარსულში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია იყო. მართლმადიდებლური ტაძარი, რომელსაც ბოლშევიკებმა ფუნქცია შეუცვალეს, დედაქალაქში არაერთია. ამ სტატიით რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ.

აქ ადრე მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია იყო...

"აქ არავინ ბერდება, შვილო..."

მთავარანგელოზის ქუჩაზე მდებარე სახლად გადაკეთებულ ტაძრის სავარაუდო აშენების თარიღად სხვადასხვა წელი სახელდება. ერთი ვერსიით, ის 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის თაოსნობით აშენებულა, ხოლო მეორე ვერსიით, 1805 წელს ძმებს, მეტეხის ეკლესიის დეკანოზ ზაქარიასა და იოსებ სულხანოვებს აუგიათ. ტაძარი 1923 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით ეკლესიას რამდენჯერმე შეუცვლია დანიშნულება. ჯერ გუმბათი და სახურავი მოუხსნიათ, შემდეგ ერთი სართული დაუშენებიათ, საბოლოოდ კი საცხოვრებლად გადაუკეთებიათ. ნაეკლესიარში ამჟამად 23 ოჯახი ცხოვრობს.

დალი მელაძის მეუღლემ 30 წლის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად დაიწყო მუშაობა და თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

დალი მელაძე: - აქ რომ შემოგვასახლეს, მაშინ ეს შენობა სატრანსპორტო გაერთიანებას ეკუთვნოდა. ჩემს მეუღლეს ექვსი წელი უნდა ემუშავა და ამის შემდეგ მივიღებდით ბინას საბურთალოზე. 90-იან წლებში, მოგეხსენებათ, ქვეყანაში რაც ხდებოდა... ასე შემოვრჩით ამ სახლში ათი ოჯახი.

ეს ნატაძრალი პირველად სასამართლოდ გადაუკეთებიათ, შემდეგ - პოლიკლინიკად. 37 წლის განმავლობაში სატრანსპორტო გაერთიანების ბალანსზე ირიცხებოდა და ამდენივე წელია, რაც საერთო საცხოვრებელია. ახლა არც ერთი უწყების საკუთრება აღარ არის. მიუხედავად ამისა, კომუნალური გადასახადები აქაურ მობინადრეთა სახელებზე მოდის. საპატრიარქოს სურს, რომ შენობა მის დაქვემდებარებაში გადავიდეს და აღდგეს ტაძრის პირვანდელი სახე."

ამ სახლის მცხოვრებთა თითქმის ყველა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მე ახალგაზრდა მეუღლე დავკარგე. ფიზიკურად განადგურებული ვარ და სულიერად დამძიმებული. სამი შვილი მყავს, ორი შვილი დაოჯახების შემდეგ წავიდა ამ ბინიდან, მესამე იტალიაში მუშაობს. სამივე ამბობს, რომ რაც ამ სახლში არ ცხოვრობენ, კარგად გრძნობენ თავს. აქ არავინ ბერდება, 50 წელს ვერავინ მიაღწია, საშინელება ტრიალებს... მესამე სართულზე 23-ის, 25-ის, 26 წლის ბიჭები დაიღუპნენ... ერთ-ერთი სტიქაროსანი იყო, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თითქმის ყველა მეზობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს...

გამგებელმა სახურავი გაგვიკეთა და საკანალიზაციო გაყვანილობა გამოგვიცვალა. მაგრამ აქედან ყველას გვინდა წასვლა, თუნდაც ჯოჯოხეთში, ასეთ წმინდა ადგილას ცხოვრება გვიჭირს."

კვირაცხოვლობის ტაძარი 1924 წელს საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს

"ჩემს ბავშვობაში ხალხი ამ სახლის კედლებზე სანთლებს ანთებდა..."

ჩაისუბნის #7-ში მდებარე კვირაცხოვლობის ტაძარში წლებია რამდენიმე ოჯახი ბინადრობს. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით, VIII ს-ის ძეგლია, გადმოცემის თანახმად, მურვან ყრუს გაუნადგურებია. მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მსგავსად, ამ წმინდა ადგილს ბოლშევიკებმა 1924 წელს ფუნქცია შეუცვალეს და საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. დღეს ტაძარი სახეცვლილია, მოსახლეობას არაერთი მიშენება გაუკეთებია. ამავე ტერიტორიაზე იდგა მცირე ზომის ნაგებობაც, სადაც სასულიერო პირებს უცხოვრიათ. ამბობენ, რომ სარდაფების გაკეთებისას საძირკველში საფლავის ქვებსა და ჯვრებს მიაგნეს.

თემურ უთურგაშვილი ბავშვობის ამბებს იხსენებს: - აქ დავიბადე და გავიზარდე. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მოდიოდა ხალხი და კედლებზე სანთლებს ანთებდა, საკლავს სწირავდა. ჩვენ გვყავდა ასაკოვანი მეზობლები, რომლებიც ამ ტაძარში მონათლულან.

- კედლებზე ფრესკები არასდროს შეგინიშნავთ?

- კი, ერთ მხარეს ცისა და ვარსკვლავების ფრესკის ფრაგმენტი იყო, არაფერი დამიზიანებია, ქაღალდი ავაკარი. დანარჩენ კედლებზე აფხეკილი ფრესკების კვალი იყო, ისიც ხელუხლებლად დავტოვე. იატაკის ქვეშ საფლავის ქვები ვნახე, არც იმათთვის მიხლია ხელი. ტაძრის სიახლოვეს რამდენიმე საუკუნის თუთის ხე დგას. ვინც ამ ხის ტოტის მოჭრა დააპირა, ყველას ხელი ან ფეხი მოსტყდა. გულში რომ ჩახედოთ, მთლიანად ფუღუროა, ნაყოფს არ ისხამს, მაგრამ ზაფხულში საოცრად ხასხასა მწვანე ფოთლები აქვს."

რუსული ტაძარი დღეს რამდენიმე ფუნქციას ითავსებს

რუსთაველის #48-ში მდებარე შენობაში, სადაც ამჟამად რამდენიმე დაწესებულებაა განთავსებული, უკრაინელი წმინდანის, თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აშენებული რუსული რამდენიმეგუმბათიანი ტაძარი იყო. მისი აშენების თარიღად XIX საუკუნე სახელდება და ის ბოლშევიკებს 1924 წელს გადაუკეთებიათ. შენობის პირველ სართულზე მდებარეობს კულტურის ფონდი.

ნოდარ გომურიშვილი, კულტურის ფონდის თანამშრომელი: - მხოლოდ ის ვიცით, რომ ეკლესიას შენობის ერთი მხარე ეჭირა, რომელიც ჯერ კომკავშირის ცეკად გადაკეთდა, შემდეგ ჭადრაკის სასახლედ. მანამდე ეს ტერიტორია დაუსახლებელი ყოფილა. თუკი საპატრიარქო მოისურვებს ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას და შემოგვთავაზებს ალტერნატიულ ფართობს, ალბათ, წინააღმდეგი არავინ იქნება."

ტაძარი თუ სამლოცველო

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელსაც ბევრი ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართულ ეკლესიად მოიხსენიებს, დღეს საცხოვრებელი სახლია განთავსებული. კედელზე გაკრული აბრა გვაუწყებს, რომ ამ შენობაში 1923-1937 წლებში ქართველ კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძესაც უცხოვრია. გადმოცემის თანახმად, ეს ნაგებობა XIX საუკუნეში გრაფ ყარამანოვს აუშენებია.

ნელი რამიშვილი ამ შენობაში წლებია ოჯახთან ერთად ცხოვრობს:

- აქ კომუნისტების დროს 69 კაცი ცხოვრობდა. ნანახი მაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ეს შენობა თავის დროზე ყარამანოვს სახლად აუშენებია. იქიდან გამომდინარე, რომ მის მეუღლეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, მისთვის სახლში მოუწყვია სამლოცველო. ოთახში, სადაც სამლოცველო იყო, ახლა ოფისია. რაკი ამბობენ, ეს სახლი წარსულში ტაძარი იყოო, მივედი საპატრიარქოში, საიდანაც გამომაყოლეს სასულიერო პირი და მასთან ერთად გადავამოწმე ეს ინფორმაცია არქივში. დადგინდა, რომ აქ ტაძარი არ ყოფილა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არის. ამბობენ, გარე ფასადზე ჯვარია გამოსახული და ეკლესიააო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ორნამენტია. რაიმე ფრესკაც ხომ უნდა ყოფილიყო, თუ ტაძარი იყო?

- დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ?

- ჩემი მეუღლე აქ დაიბადა და გაიზარდა. დაახლოებით 130 წლის შენობაა. ამ ნაგებობის ისტორიას, ალბათ, მკვლევრები დაადგენენ, მანამდე კი დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ტაძრებს, რომლებიც დღეს საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული, თავის ფუნქციას დაუბრუნებს. ყოფილ ეკლესიებში ცხოვრება არც მოსახლეობას სურს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ალტერნატიული ფართობით დააკმაყოფილებენ, ისინი სიამოვნებით დატოვებენ ნატაძრალ სახლებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი