სიყვარული აცივებულ ბაღებში
14-12-2015
სიყვარული აცივებულ ბაღებში
"სცივათ არა, კვახი!" ხვალაც ზუსტად ასე იქნება - გაყინული მიწა, აწუილებული ქარი და პარკებში წვივებშიშველი წყვილები "უფასო გათბობით"!

წელს ადრე აცივდა. ადგები დილით, გაიხედავ ფანჯარაში და ხედავ - ქარს მიაქვს ყველაფერი. უყურებ, როგორ აწვენს ვეება ხეებს­ და უფრო გცივა. მერე გადიხარ გარეთ, საყელოში ცხვირჩარგული და ქარს ებრძვი - თუ მაგრად არ დაუდექი, შეიძლება მოგიტაცოს კიდეც. მერე საყელოში ჩარგულ და მაინც გაყინულ ცხვირს ძლივს­ ჰყოფ გადაჭედილ ტ
რანსპორტში და გული მოგდის ცხოვრებაზე. რა გამიხდა ყურსასმენების ჩანთაში ჩაყრა - მოვუსმენდი მუსიკას და დილიდან ხალხის წუწუნს აღარ გავიგონებდი.

- ამ უსინდისოებმა გადასახადები ისე გააძვირეს, გათბობას ვეღარ ვრთავ და ვიყინები. ხალხი ვის ანაღვლებს, თვითონ ხომ დაირიგეს ფულები და სხედან ფუფუნებაში! - ჩხუბობს ძველ პალტოსა და ქუდში გამოხვეული ბებო და სევდიანად
გასცქერის ქარის მოხვეტილ ფოთლებს.


- შენ ეგ თქვი, რა გაიყვანს ამსიგრძე ზამ­თარს! - ეპასუხება მეორე ბებო და პენსიონერის ბარათით ბილეთს იღებს.
ჯიბეში ხელებჩაყოფილ, გაყინულ კონტროლი­ორს ლაპარაკიც ეზარება და თვალებით ბურღავს უბილეთო მგზავრს, რომელიც ბოლოს მაინც მიდის სალაროსთან და თან ბურტყუნებს:
- იმაზე რატომ არ ფიქრობთ, რომ ხალხს­ პირობები გაუუმჯობესოთ. აქ კაცმა­ სულ არ უნდა აიღოს ბილეთი! - მთავრობას ვერ აგონებს და რა ქნას, კონტროლიორზე უნდა იყაროს ჯავრი. ბილეთს გამწარებით ხევს და გაცეცხლებული იტენის ჯიბეში.
ეჰ, ჩავიდე, თორემ გავგიჟდები. მგზავრებს შორის გაჩხერილ ჩანთას ჩემკენ ვექაჩები. უკან Uცხვირაპრეხილი გოგოცუნა და დედამისი მომყვებიან. Gპატარა გოგო პატარა ხელებით ბაჭიისყურებიან ქუდს იხურავს, გაჩერებასთან ჩახუტებული წყვილისკენ ეშმაკურად იყურება და დედას ქურთუკზე ექაჩება:
- დე, ნახე, იმათ როგორ სცივათ, ნახე, როგორ ჩახუტებულან!

დედა შვილის მზერას თვალს აყოლებს­ და მკვახედ პასუხობს:
- სცივათ არა, კვახი! მომკიდე ხელი და გავიქცეთ, დაგვაგვიანდა! - და პატარა გოგო სულ ცუხცუხით მიჰყავს.
მე კი ამ წყვილს უნდა ჩავუარო და მათ მაგივრადაც შემცივდეს! მათკენ მეც პატარა გოგოსავით გამირბის თვალი და ყურებამდე აწეულ საყელოში ვმალავ ღიმილს. "სცივათ არა, კვახი!" - ვიმეორებ გულში. მართლაც, კვახი! ისე მყუდროდ სხედან, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, სიცივიან-გადასახადებიანად! ძალიან კარგად ათბობენ ერთმანეთს გადასახადის გარეშეც. ორივეს დახეულ ჯინსებში გაშიშვლებული წვივები ქარისთვის მიუშვერია და სხედან!……
შიშველი წვივების დანახვაზე მაკანკალებს და ისე მინდება, მივიდე და ვკითხო, არ გცივათ-მეთქი, უნებლიეთ ნაბიჯსაც კი ვანელებ...

- ამ ქარში აქ რომ სხედხართ, არ გცივათ?!
-?!

- ასეთ დროს გარეთ ჯდომა არ შეიძლება, გაცივდებით.
- სულაც არ გვცივა, რა გაგვაციებს?! - მპასუხობენ გაოცებულები და ისეთი­ თვალებით მიყურებენ, ფიქრობენ, ალბათ, ეს ქალი ხომ არ შეიშალაო...
ესეც შენ პასუხი! შენი გადასახადები და გაჭედილი ტრანსპორტი! ესეც…ცხოვრებაზე შენი დარდი. შენი, ამათი - არა!
...და ძალიანაც კარგი - ვიღაცას არ უნდა ედარდებოდეს, ვიღაცას არ უნდა სციოდეს. როცა ქარია და ქვეყანა ინგრევა, მაშინაც კი ბედნიერი და გახარებული უნდა იყოს! ჰოდა, ჩვენც არ უნდა ვუთხრათ, თუ ქარია, სიბნელეა და ქვეყანა ინგრევა, შენ რა გიხარია, შე უბედუროო!
თუ ვეტყვით, მაინც არაფერი გამოვა, რადგან ასეთია ცხოვრების კანონი. ძალიანაც კარგი, რომ ასეთია! ხვალაც ზუსტად ასე იქნება - გაყინული მიწა, აწუილებული ქარი და პარკებში წვივებშიშველი წყვილები "უფასო გათბობით"!

ნანა რამიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით