ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა - კვირის პალიტრა

ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ბოლო დროს მსოფლიო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდამ მოიცვა.

ბოსტნეული და მცენარეული საკვები, ფიტნესი, სუფთა ჰაერი, სხეულის მასის კორექცია... შემწვარ-მოხრაკული კი ლამის კანონით ისჯება... "ხორცისმჭამელები" საყვარელ კერძებზე უარს მაინც ვერ ამბობენ, თუმცა ცდილობენ ისე მოამზადონ, ნაკლები ზიანი მიაყენონ ჯანმრთელობას.

ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა მუდმივად დიეტაზეა... ოღონდ ჭამასა და ჭამას შორის. ნებისყოფა ყველას არ ჰყოფნის, რომ საკვები შეზღუდოს. ხომ გახსოვთ, შიმშილმა ჩაპლინის გმირს ფეხსაცმელი შეაჭამა.

არსებობს გამოთქმა: თუ გინდა, ჯანმრთელი და მოხდენილი იყო, საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუნაწილე, ვახშამი კი მტერს მიეციო. თუმცა მოსკოვში მოღვაწე ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ, ეს აზრი გააცამტვერა:

"დილას დგებით, ორგანიზმი ჯერ გამოღვიძებული არ არის, სხდებით სუფრასთან და ჭამთ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ ჩაის ან ყავას, შემდეგ სამსახურში მიდიხართ. რანაირი მოხელე გამოდის ახლა თქვენგან?! საუზმე მტერს დაუტოვე, სადილზე - წაიხემსე, საღამოს - ნორმალურად ჭამე და მერე ფიზკულტურით დაკავდი. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე იქცევიან", - გვირჩევს ექიმი.

ყველა ისე ებრძვის ჭარბ წონას, როგორც შეუძლია. თუმცა ცნობილი ადამიანების დიეტები ძალიან პოპულარულია და ყველა ცდილობს, მათ მიჰბაძოს... გახსოვთ, ალბათ, ე.წ. უგულავას დიეტა, რომელიც კარგა ხანს გასაიდუმლოებული ჰქონდა თბილისის მაშინდელ მერს. ჟურნალისტები დიდხანს ნადირობდნენ საიდუმლო "რეცეპტზე", რადგან მისი ეფექტიანობა აშკარა იყო - მერი თვალსა და ხელს შუა დნებოდა... ბოლოს მაინც გამჟღავნდა და საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ დიეტაზე "შეჯდა".

ახლახან მეც გადავწყვიტე, რამდენიმე კოლოგრამი დამეკლო. მოვავლე თვალი ცნობილებს და მივხვდი, რომ ნოდარ ხადური ძალზე ეფექტიანად იკლებს წონას და მისი დიეტა გავიკითხე. თუმცა, რომ მეგონა, იოლად მოვიპოვებდი, იმედი გამიცრუვდა, თურმე მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

აზარტმა შემიპყრო - ჩავრთე გავლენიანი ხალხი, რასაც 2 კვირაზე მეტი მოვანდომე და, როგორც იქნა, სასურველი დიეტა ხელში ჩავიგდე.

ზოგი დიეტას ფორმის შესანარჩუნებლად იცავს, ზოგი - საყვარელი მამაკაცის. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ფინანსისტს, მან, ალბათ, ხალხის "შესანარჩუნებლად" გადაწყვიტა გახდომა... მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში "ჭამე, ნოდარი" პოპულარული ფრაზა გახლდათ. ჰოდა, ბატონმა ნოდარმა გადაწყვიტა, აღარ ჭამოს...

აი, მისი დიეტაც:

უნდა იყიდოთ დიდი ანანასი და 0.5 ლ არაყი. ანანასს ჯაგრისით კარგად გარეცხავთ, მოაჭრით ფოთლებსა და ქვედა ნაწილს (კანს არ ვაჭრით) და ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებთ (კანიანად). დაამატებთ არაყს და კარგად აურევთ. შემდეგ მოათავსებთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შედგამთ მაცივარში. ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიღებული მასა გეყოფათ დაახლოებით ერთი თვე.

მაშ, ასე, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე. მეტი ეფექტისთვის კარგია, თუ ერთ სუფრის კოვზს ძილის წინაც მიიღებთ. თუ ძალიან კალორიული საჭმლის ჭამას აპირებთ, მაშინ ჭამამდე ერთი კოვზის ნაცვლად, 2 კოვზი აჯობებს.

როგორ ხდებიან თინა და ქეთა

თინა კანდელაკი თავისი დიეტით 3-5 კილოგრამს იკლებს, მაგრამ, როგორც ამბობს, ეს არ მოქმედებს მის შრომისუნარიანობაზე და იოლად გადასატანია.

1 დღე - დღის განმავლობაში შეჭამეთ 5 მოზრდილი ვაშლი, დალიეთ მწვანე და ჯანჯაფილის ჩაი, ასევე წყალი.

2 დღე - ამჯერად ვაშლის მაგივრად მიირთვით წიწიბურა (5-ჯერ დღეში), რა თქმა უნდა, ყოველგვარი დანამატის გარეშე. დღის განმავლობაში კვლავ სვამთ მწვანე ან ჯანჯაფილის ჩაის და შუალედებში - წყალს.

3 დღე - წიწიბურას ნაცვლად მიირთმევთ ბრინჯს (5-ჯერ დღეში), ყოველგვარი სანელებლისა და ცხიმის გარეშე. კვლავ სვამთ მწვანე ან ჯანჯაფილის ჩაის, შუალედებში კი - წყალს.

თინას ექიმი ურჩევს, ამ დიეტას ფრთხილად მოეკიდოს.

ქეთა თოფურია ცილოვან საკვებს მიირთმევს. მთელი დღე ჭამს ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, უმ ბოსტნეულს, ასევე, ყველს. ერთადერთი, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს, ეს არის შემწვარ-მოხრაკული, შოკოლადი და ნამცხვარი. მის შავ სიაში ასევე შედის კარტოფილი, მაიონეზი და ალკოჰოლიც.

"უბრალოდ, დაივიწყეთ ამ სამი რამის არსებობა... მნიშვნელოვანია წყლის მიღება - დღის განმავლობაში 2 ლიტრი. თუ რაოდენობას ვერ აკონტროლებთ, შეიძინეთ 4 ბოთლი 0.5 ლიტრი წყალი. თითო ბოთლი დალიეთ 2 საათის განმავლობაში. თუ ამ წესს შეასრულებთ, სუფთა სინდისით მიირთვით მოხარშული ხორცი", - გვირჩევს მომღერალი.

ქეთას დილა ჭიქა წყლით იწყება. საუზმეზე შვრიის ფაფას, ხაჭოს ან არაჟანს მიირთმევს. ხანდახან დღის განმავლობაში ორ ნაჭერ პურზეც არ ამბობს უარს. სადილზე მიირთმევს ზეითუნის ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათას და მოხარშულ ხორცს ან თევზს. აუცილებლად აყოლებს ერთ მწვანე ვაშლს.

ვახშამზე სადილის მენიუს იმეორებს... დიეტა მოიცავს 12 დღეს. ქეთა გვაფრთხილებს, რომ არ დაგვავიწყდეს წყლის დალევა.

მარი ჯაფარიძე