თბილისელი მხატვრის ნამუშევარი ამერიკაში 4 500 000 დოლარად გაიყიდა - კვირის პალიტრა

თბილისელი მხატვრის ნამუშევარი ამერიკაში 4 500 000 დოლარად გაიყიდა

"მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს" თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს...

ნახატი, რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა, ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა... ამბობდნენ, რომ მხატვრის მუზა რომან აბრამოვიჩის მეუღლე, დაშა ჟუკოვა იყო...

"დაშას გარეგნობიდან რაღაც ელემენტები არის. დაშა ჟუკოვა აქ, ნიუ-იორკში ვნახე და ნამდვილად მოვიხიბლე..."

ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა. ამის შესახებ NEW York Post-იც იუწყებოდა: "შესაძლოა, რომან კრიხელის ნამუშევარი მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან "ფეისბუკის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YOUTUBE-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია".

ამჯერად HUFFPOST ARTS აქვეყნებს სტატიას, სადაც რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება. "მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", - წერს გამოცემა.

"კვირის პალიტრა" რომან კრიხელს ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაუკავშირდა:

"ჩემი შემოქმედებით დაინტერესება ძალიან მახარებს. ნახატი დამთავრებული არ არის. მალე გამოფენა გვექნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მილიონ დოლარად ჯერ არც ერთი ნამუშევარი არ გამიყიდია. ისეთი ხალხია პროექტში ჩართული, თავად აგვარებენ ყველაფერს", - ამბობდა მხატვარი.

ამჯერად ისევ დავუკავშირდით მხატვარს, რომელმაც გვითხრა, რომ ნახატი მილიონ დოლარზე ბევრად ძვირად გაიყიდა, თუმცა კონკრეტული ციფრი არ დაგვისახელა. კითხვაზე, თითქოს მხატვრის მუზა რომან აბრამოვიჩის მეუღლე, დაშა ჟუკოვა იყო, ასეთი პასუხი გაგვცა:

- მუზა კონკრეტული ქალბატონი არ ყოფილა, თუმცა დაშას გარეგნობიდან რაღაც ელემენტები არის. დაშა ჟუკოვა აქ, ნიუ-იორკში ვნახე და ნამდვილად მოვიხიბლე...

საქართველოს მიმართ რომან კრიხელის დამოკიდებულება კი ასეთია:

- 2011 წელს საქართველოში ძმასთან ერთად ჩამოვედი. 37-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში ჩამოსვლა ძალიან ამაღელვებელი იყო. გალამაზებული და შეცვლილია თბილისი. ბავშვობის ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან... მინდოდა, ჩემგან რაიმე სახსოვრად ჰქონოდა თბილისს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჩემი ნამუშევარი გადავეცი საჩუქრად. ვფიქრობ, მალე საქართველოში

გამოფენას მოვაწყობ".

რომან კრიხელი

რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა.

მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა... ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში.

მანანა გაბრიჭიძე