"ბავშვმა რა იცის, გურამა რა კაცია" - "აფერისტები" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" - კვირის პალიტრა

"ბავშვმა რა იცის, გურამა რა კაცია" - "აფერისტები" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

ზვიად სხირტლაძე: "მაშარაფა ცდილობს, საკუთარი კეთილდღეობა სხვისი უბედურების ფასად მოიპოვოს"

კახა შარაბიძე: "გურამა ბოროტი და მაინცდამაინც დიდი საქმის შემსრულებელი კაცი არ არის, როგორ შთაბეჭდილებასაც პირველად ტოვებს"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი ცოტნე ცოტაშვილის ბრაზილიიდან დაბრუნებით დაიწყო. მან იქ მიატოვა კატა ჯიქია და სამშობლოში დაბრუნდა. გაცოფებული კატა პროფესიონალი თაღლითების ჯგუფს ქირაობს ცოტნეს დასასჯელად. საქმის წარმატებულად შესრულების საპატიო მისიას მაშარაფას თაღლითურ შენაერთს აკისრებს და სოლიდურ გასამრჯელოსაც ჰპირდება. მაშარაფას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ზვიად სხირტლაძე განასახიერებს.

- მაშარაფა ცდილობს, საკუთარი კეთილდღეობა სხვისი უბედურების ფასად მოიპოვოს. ალბათ, ყველას თავისებური ემოცია გაუჩნდება ამ პერსონაჟის მიმართ. სწორედ ეს იქნება ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, იდეალური რეზულტატი. მართალია, მაშარაფა ლიდერია თავისი ოთხკაციანი შენაერთისა, მაგრამ საქმე იქით მიდის, რომ მგონი, არ გამოუვათ ჩანაფიქრი.

- მაშარაფა რატომ ჰქვია?

- უყვარს მაშარაფი. ვფიქრობ, ეს ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს რომელიმე კონკრეტული სახელით ნიღბავს. შემდეგ სერიებში ეს უფრო გამოჩნდება.

- როგორ დაგამტკიცეს ამ როლზე?

- დამირეკეს, მითხრეს, რომ როლს მთავაზობდნენ, გადამიღეს მცირე ეპიზოდში და ამის შემდეგ დამამტკიცეს. ეკა მჟავანაძე არჩევს მსახიობებს და, როგორც ჩანს, მან ურჩია ჩემი კანდიდატურა. მას უნდა ვუმადლოდე.

- ხშირად არ უყვართ მსახიობებს, მათ მიერ განსახიერებულ სერიალის გმირებზე საუბარი. ინტერვიუს სულ იმ სიტყვებით იწყებენ, გაცილებით უკეთესი როლები შემისრულებია თეატრშიო.

- კინო და თეატრი, ორივე ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. მეც მითამაშია თეატრში დასაკვეხნი როლები, თუმცა იმდენად დიდ აზარტს შეიცავდა სერიალში ამ როლზე მუშაობა, რომ არანაკლებ საინტერესო პროცესია.

- სერიალში თამაშის გამოცდილება "ცხელი ძაღლიდან" მიიღეთ.

- "ცხელ ძაღლში" ჩემს პერსონაჟს ბაშკირა ერქვა.

- რატომღაც უარყოფით როლებს გთავაზობენ.

- ერთი შეხედვით ასეა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს უფრო რთულ არსენალს მოითხოვს და ამით შემიძლია ვიტრაბახო კიდეც.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თეატრი და ამ სიყვარულმა მიმიყვანა თეატრალურ ინსტიტუტში. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, თუმცა ხელოვნებაა ის სფერო, სადაც ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის, მისწრაფებებისა და პროფესიის ადამიანების ცხოვრებით იცხოვროს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მყავს შვილი, დედა, ძმა, ძმისშვილები, საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ყოფილ მეუღლესთან. ალბათ, უახლოეს მომავალში მეორე წრეზეც წავალ...

თაღლითური შენაერთის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვან წევრს - გურამას - სოხუმის თეატრის მსახიობი კახა შარაბიძე ასახიერებს.

- მგონი, ტყუილად განდოთ კატამ თავისი ვენდეტის მისია.

- ჯერ კიდევ არ არის იმედი გადაწურული. თუმცა ვაღიარებ, რომ ჩვენმა პროფესიონალი თაღლითების გუნდმა შეცდომები დაუშვა. გურამა ბოროტი და მაინცდამაინც დიდი საქმის შემსრულებელი კაცი არ არის, როგორ შთაბეჭდილებასაც პირველად ტოვებს. ფულის მხარჯველია, თუმცა ფული პრაქტიკულად არა აქვს.

- გურამას როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- ადრე ერთ-ერთ რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც გიორგი ლიფონავამ გადაიღო. მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მერე როგორ გავახსენდი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კი გამიხარდა ეს ამბავი. მივედი ქასთინგზე, ჯერ არ მირეკავდნენ, ვიფიქრე, არ მოვეწონე-მეთქი, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ, დამტკიცებული ხართ გურამას როლზეო.

- ცხოვრებაში თუ შეგხვედრიათ გურამასთანა ადამიანები?

- არც უმაგისობა ყოფილა.

- რაც შეეხება ოჯახს...

- მყავს ცოლი, შვილი და 4 წლის შვილიშვილი. მეუღლე, ლელა შარაბიძე ჩემი კოლეგაა, თეატრალურიდან ერთად მოვდივართ. ის მგულშემატკივრობს, მიზიარებს თავის აზრებს, მეხმარება ამა თუ იმ პერსონაჟის სრულყოფაში. კარგია, როდესაც ოჯახური წყვილი ერთი პროფესიის არის.

- შვილიშვილს რა რეაქცია ჰქონდა, ეკრანზე რომ დაგინახათ?

- ჯერ გაკვირვებული უყურებდა ეკრანს, მერე მივიდა და თითების ტყაპუნი დაუწყო, ბაბუ, ბაბუო. ბავშვმა რა იცის, გურამა რა კაცია, მას ბაბუ უყვარს და იმის დანახვა ახარებს.

ეკა სალაღაია