”როგორც მითხრეს, ჟიურის წევრთა შორის ჯეკი ჩანიც იქნება” - ქართველი ლამაზმანი "მის მსოფლიოზე" - კვირის პალიტრა

”როგორც მითხრეს, ჟიურის წევრთა შორის ჯეკი ჩანიც იქნება” - ქართველი ლამაზმანი "მის მსოფლიოზე"

"თავს არ ვზოგავ!"

19 დეკემბერს ჩინეთში, ”მის მსოფლიო 2015”-ზე ქართველი ლამაზმანი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს წარმოადგენს

ცოტა ხნის წინ სილამაზის კონკურსი ”მის საქართველო 2015” გაიმართა, რომლის გამარჯვებულადაც 24 წლის ნუკა ყარალაშვილი დასახელდა. ნუკას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტურიზმის ფაკულტეტი. ამასთან, 16 წლიდან მოდის სამყაროშია ჩართული. ახლა ნუკა ჩინეთში, სანიას კუნძულზეა, სადაც 19 დეკემბერს ”მის მსოფლიო 2015” ჩატარდება და ნუკა ყარალაშვილი საქართველოს წარმოადგენს. ”კვირის პალიტრა”"”მის საქართველოს” ჩინეთში დაუკავშირდა:

- კონკურსში 130 გოგონა ვმონაწილეობთ. ვემზადები მაქსიმალურად, როგორც იტყვიან, თავს არ ვზოგავ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო და სათანადოდ წარვდგე კონკურსზე. აქაურები ძალიან კარგი ორგანიზატორები არიან და კარგ მასპინძლობასაც გვიწევენ.

- როგორ ფიქრობთ, გაქვთ კონკურსში გამარჯვების შანსი?

- გამარჯვების შანსი, როგორც სხვებს, მეც მაქვს. 20 საუკეთესოს შორისაც რომ მოვხვდე, ძალიან დიდი გამარჯვება იქნება.

წინა წლებში ბევრი ქართველი ლამაზმანი - თამარ შედანია, ჯანეტ ქერდიყოშვილი და სხვ. ღირსეულად წარდგა ამ კონკურსზე, მაგრამ მხოლოდ 2003 წელს ირინა ონაშვილს ხვდა პატივი ”მის მსოფლიოს” ლამაზ გოგონათა ტოპოცეულში შესულიყო... რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენ. ბევრი გულშემატკივარი ჰყავს რუსეთს, აშშ-ს... ვნახოთ, რა მოხდება. ფაქტია, წელს ძალიან ლამაზი გოგონები მონაწილეობენ ”მის მსოფლიო 2015”-ში.

- კონკურენცია იგრძნობა?

- კონკურსის მოახლოებასთან ერთად თითქოს იგრძნობა, თუმცა, მაინც შეკრული ჯგუფია...

- ვინ მიგაჩნიათ გამორჩეულ მონაწილედ, რომელსაც პრეტენდენტად მოიაზრებთ?

- ასეთი გოგონა ალბათ, ”მის საფრანგეთია”. ბევრს მოგვწონს და სავარაუდოდ, ის გაიმარჯვებს. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდება, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გსმენიათ? კარგი გოგონაა ვენესუელის წარმომადგენელიც, ”მის ყაზახეთიც” მომწონს, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს.

- როგორი მეზობლობა გაქვთ?

- არაჩვეულებრივი... სხვათა შორის, ის საქართველოშიც ნამყოფია და ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ქართული სამზარეულო... ის კი არა, სხვებსაც შეაყვარა საქართველო და ქართველი ხალხი. ისე აქებს, ბევრს გაუჩნდა ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი.

ეს გოგონა ყოფილი მძლეოსანია და საქართველოში გადაღებები ჰქონდა. მოკლე ხანში ისევ ჩამოვა, ამჯერად, მე მესტუმრება.

- ჟიურიზე რას იტყვით?

- ჟიურის წევრებს შორის იქნებიან ”მის მსოფლიოს” დამფუძნებელი, კონკურსის ორგანიზატორები და მოდის სფეროს წარმომადგენლები. როგორც მითხრეს, ჟიურის წევრთა შორის ჯეკი ჩანიც იქნება. ჟიურის შემადგენლობაშია შარშანდელი ”მის მსოფლიოც”, ის სულ გვამხნევებს და გამოცდილებას გვიზიარებს. პრიზი საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდოა.

- ელოდი, რომ ”მის საქართველოს” ტიტულს მოიპოვებდი?

- არა, მაგრამ გამარჯვება ძალიან მინდოდა. იმედს ის მაძლევდა, რომ სცენაზე დგომის გამოცდილება მქონდა. გამიმართლა. ვნახოთ, რა მოხდება 19 დეკემბერს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა სალაღაია