"ერთ-ერთ კასეტას "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა" - ვინ შესთავაზა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები ხაინდრავას და რა ხდება "9+1" -ის გადასაღებ მოედანზე - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ კასეტას "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა" - ვინ შესთავაზა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები ხაინდრავას და რა ხდება "9+1" -ის გადასაღებ მოედანზე

"ნაციონალურ მოძრაობას" დავპირდი, რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი"

"მე ვაჩვენებ იმას, რაც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს"

გასულ კვირას მრავალსერიიანი დეტექტივის - "9+1" გადაღება ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. როგორ იქმნება ფილმი, რა რეალურ საქმეებზე მოგვითხრობს, ამასთან დაკავშირებით ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა გვესაუბრა:

- ვიდრე " 9+1"-ზე ვისაუბრებთ, საზოგადოებას ვაცნობებ, რომ უკვე დასრულებულია დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, რომლის იდეაც და სცენარიც მე მეკუთვნის. ეს არის "პოლიგონი", რომელიც მოგვითხრობს, თუ საიდან წამოვიდა ევროპული ცივილიზაცია, ე.წ. ევროპულ ღირებულებებს საფუძვლად რა უდევს... იმდენი მსხვერპლი, რაც ქართველ ერს ამ ღირებულებების დასაცავად აქვს გაღებული, მსოფლიოში ძნელად მოიპოვება. ფილმში ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე საინტერესო ფაქტებზე მოგვითხრობს, სიუჟეტი საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუების ფონზე მიმდინარეობს.

- " 9+1"– ის გადაღება რა პროცესშია?

- ჯერ 6 სერიაა გადაღებული, გაზაფხულისთვის 15 სერია იქნება მზად, რომლის ჩვენებასაც დავიწყებთ, დანარჩენ სერიებს პარალელურად გადავიღებთ. სულ 24 სერია იქნება, თითოეული - 40-წუთიანი. ეს ფილმი საზოგადოებას 2003-2012 წლებს შეახსენებს. სიუჟეტი ტრაგიკომიკურად ვითარდება.

- ყველაზე შთამბეჭდავი თქვენთვის რომელი სცენა ან ეპიზოდია?

- ციხის კადრები. მე დავპირდი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი. ამ ფილმით სწორედ ამას ვაკეთებ.

ფილმს საფუძვლად უდევს სასამართლო პროცესი, სადაც საქმეები ირჩევა და შემდეგ მთავარ გმირებზე (მათ ცხოვრებაზე) გადადის ყურადღება...

18 ათას საქმეს გავეცანით. ამაზე მუშაობდა 4 ჟურნალისტი, 4 სხვა თანამშრომელიც და 5 სცენარისტი.

700 ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი იმ ადამიანებთან, ვინც იჯდა ციხეში, ვინც აწამეს და ა.შ. მათი მონათხრობი სცენარის შექმნაში გვეხმარებოდა. მათში ყველა მონაწილეობს, პრეზიდენტით დაწყებული, უკანასკნელი "კლუჩნიკით" დამთავრებული.

ფილმის სიუჟეტის განსავითარებლად ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, ზურაბ ირემაძის და სხვათა საქმეები გვაქვს აღებული.

- საზღვაო ძალების სარდლის, ზურაბ ირემაძის სიკვდილი წინა ხელისუფლებას რამით უკავშირდება?

- ირემაძე მოკლეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას კონტრაბანდულ საქმიანობაში ხელს უშლიდა. იმხანად ყოველ წელიწადს ჩვენი ტერიტორიის გავლით 7 ტონა ჰეროინი გადიოდა და გადმოდიოდა. ამიტომაც ჩამოიცილეს ირემაძე.

- საინტერესოა, ფილმში ჟვანიას მკვლელობას რას უკავშირებთ?

- ფილმში ნაჩვენები იქნება, რომ ჟვანია წინა ხელისუფლებას ხელს ბევრ რამეში უშლიდა. ცხადია, ფილმს გამოძიების პრეტენზია არა აქვს, ის დეტექტივია, რომლის მეშვეობითაც მსურს, ყველა ჩვენგანს საკუთარი თავი დავანახო. ვიღაც ხომ იმ რეჟიმს უცეკვავდა, უმღეროდა, ტაშს უკრავდა, ჯილდოებს იღებდა. მათაც საკუთარი თავები უნდა ამოიცნონ!

- ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ ხელში გეჭირათ კასეტა, რომელსაც "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა. კასეტა თქვენთან როგორ მოხვდა?

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გაიქცნენ, შემდეგ ჩემზე სცადეს გამოსვლა... შემხვდნენ უკრაინაში და ამ კასეტების ყიდვა შემომთავაზეს. ერთ-ერთს ზედ "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა. მე ყიდვაზე უარი ვუთხარი და უკან დავუბრუნე, ბაქრაძის, უგულავას, ბოკერიასა და სხვათა საძინებლები რაში მაინტერესებდა.

- იქნებ დააზუსტოთ, ვინ შემოგთავაზათ?

- შემოთავაზება მივიღე იმ წრისგან, რომლის წევრებიც არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ახალაია, კეზერაშვილი, მეგის ქარდავა, კოდუა და ა.შ.

- თქვენთან რატომ გამოვიდნენ კავშირზე?

- მე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი არა ვარ და თანაც ყველასთვის ცნობილია ახალ ხელისუფლებასთან ჩემი დამოკიდებულება და კონტაქტები.

- გეყიდათ ის მასალები, იქნებ ჟვანიასთან ან სხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რაღაც მტკიცებულების ძალა ჰქონოდა?

- არა, პირდაპირ ასეთი "ბომბი" მასალები არ შემოუთავაზებიათ. მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა საძინებლებსა და მათ პრობლემებს ასახავდა. წინა ხელისუფლება უღებდა ყველას, მომხრეებსაც, რადგან მერე ერთმანეთი დაეშანტაჟებინათ.

- ისევ ფილმს რომ დავუბრუნდეთ, შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ ვისი პროტოტიპია?

- წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტოტიპები ახალი და ნაკლებად ცნობილი სახეები არიან. კასტინგი 2300-მა კაცმა გაიარა, არ მეგონა, თუ ამდენი უცნობი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი გვყავდა. რასაკვირველია, ფილმში პოლიტიკოსების პროტოტიპებს შეცვლილი აქვთ სახელებიც, გვარებიც, თუმცა ვინ ვინ არის, საზოგადოება ადვილად მიხვდება. დარწმუნებული ვარ, ფილმი პოპულარული გახდება. მე ვაჩვენებ არა მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებამ უკვე ნახა, არამედ იმას, რაც არ უნახავს. - ამ ყველაფერს ჭუჭრუტანიდან დაინახავს.

იხილეთ ასევე: ივანიშვილის დაანონსებულ ფილმში შევარდნაძის როლზე ენტონი ჰოპკინსს მოიწვევენ?