ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს
21-12-2015
ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს
მსოფლიოს ლამაზ საოპერო­ მომღერალთა შორის პირველი ადგილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქართველ საოპერო მომღერალს, ნინო მაჩაიძეს მიანიჭა.


"ოპერის ანჯელინა ჯოლი", "ქართული სენსაცია" - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქებარი სიტყვებისა, რაც ნინო მაჩაიძეს უწოდეს... საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერალი სამშობლოს სოლო კონცერტის გასამართად ეწვია... გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინო მაჩაიძე ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ქვე­ყანაში­ კონცერტი გავმართო. ახლაც 8 დღე მქონდა თავისუფალი, ჩემს მეგობრებს თბილისში შევთავაზე, კონცერტი ჩაგვეტარებინა...

- დღეს კლასიკური
მუსიკის მიმართ თითქოს ინტერესმა იკლო, თქვენ კი წარმატებული საოპერო მომღერალი ხართ... როგორ ახერხებთ, იყოთ ასე გამორჩეული?

- ამ წარმატებას ხელი შეუწყო ხმამ, ტექნიკამ, არტისტიზმმა, მაგრამ ყველაზე მთავარი პროფესიონალიზმია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენაზე გამოდიხარ. ყოველთვის მომზადებული და საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. რაც
დრო გადის, ხალხი მეტს ითხოვს და ელოდება შენგან. არა გაქვს უფლება, იმედი გაუცრუო.

- მსოფლიოს ულამაზეს ქალს, ანჯელინა­ ჯოლის გამსგავსებენ. წარმატებას რამდენად შეუწყო ხელი თქვენმა გარეგნობამ?

- მე მუსიკას ვემსახურები და მთავარი გარეგნობა ვერ იქნება. შესაძლოა დაგეხმაროს, მაგრამ მხოლოდ გარეგნობით კარიერას ვერ შეიქმნი. კარგად თუ არ იმღერებ, მსოფლიო თეატრების სცენაზე არავინ მიგიწვევს...

- კარიერასთან ერთად პირადი ცხოვრებაც აიწყვეთ - გყავთ მეუღლე, შვილი...
- საქმიანობასთან ერთად სულაც არ მიჭირს ოჯახური იდილიის შენარჩუნება... ჩემი შვილი ყველგან თან დამყავს. თეატრებში საუკეთესო ძიძებს მთავაზობენ და ბავშვიც მათთან სიამოვნებით რჩება. რასაკვირველია, ქართული იცის, სულ ქართულად ვესაუბრები... ჩემი მეუღლე იტალიელია, მილანში ვცხოვრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ძალიან იშვიათად ვართ.

- მეუღლე და შვილი საქართველოში ჩამოიყვანეთ?

- ჩემს ქვეყანაში ყოველთვის ოჯახთან ერთად ჩამოვდივარ. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო.

- თავს როგორ უვლით?
- ჩვენი პროფესია იმითაც არის ურთულესი, რომ თავის მოვლას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორი და ჯანსაღი ცხოვ­რების წესი, ფორმის შენარჩუნება - ასეთი­ დისციპლინა მომღერლისთვის აუცილებელია. არ შეიძლება რესტორანში ღამის 4 საათამდე შერჩე, როცა დილით რეპეტიცია გაქვს.

- თქვენთვის მისაღებია გარეგნობაში ხელოვნური ჩარევა?
- არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ქალს პირველ რიგში, თავი უნდა მოსწონდეს. თუ რაიმეს შეცვლა სურს, კი ბატონო, შეიტანოს შესწორება.

- შინ თუ დიასახლისობთ?

- ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, ვცდილობ მთელი დასი მოვიწვიო ვახშმად. ყველაფერს თავად ვამზადებ.

აღიარებული "ჯულიეტა"

ნინო მაჩაიძემ თბილისის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი დაამთავრა. 2000-2005 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე მოღვაწეობდა. 2005 წელს გაიმარჯვა 400 კონკურსანტს შორის და ჩაირიცხა მილანის ,,ლა სკალას" აკადემიაში. აკადემიაში სწავლისას შედგა მისი დებიუტი ,,ლა სკალას" სცენაზე, მოცარტის საიუბილეო საღამოზე ერთადერთი სოლისტის ამპლუაში, "ლა სკალას" სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელმაც უდიდესი ტრიუმფით ჩაიარა... აკადემიაში სწავლის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა და ტრიუმფით შესრულებულმა არაერთმა როლმა ნინო მაჩაიძეს მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების კარი გაუხსნა. მომღერლის ინტერნაციონალური კარიერა 2008 წელს, ზალცბურგის ფესტივალზე შესრულებული ჯულიეტას ("რომეო და ჯულიეტა") როლით იწყება, რომელმაც ნინო მაჩაიძეს უდიდესი აღიარება მოუტანა. მისი პარტნიორი მსოფლიო დონის ტენორი როლანდო ვილაზონი იყო...

ნინოს ხაჭაპური

ჩემი საფირმო ხაჭაპური მაქვს, არაჩვეულებრივად ვაცხობ და ყველას ძალიან მოსწონს. ხაჭაპურში ცომის გულსართად სულგუნის ნაცვ­ლად ერთმანეთში შერეულ მოცარელასა და ფეტას ვიყენებ. აბა, ევროპაში სულგუნს სად მივაგნო? ამიტომ ორი ყველის ერთმანეთში შერევით სულგუნთან მიახლოებულ გემოს მივაგენი. არაჩვეულებრივი გამოდის და ყველა სტუმარი აღფრთოვანებულია. ცომს კი ჩვეულებრივად ვამზადებ.

მანანა გაბრიჭიძე
მაია
25 დეკემბერი 2015 16:20
მაკიაჟის გარეშეც ულამაზესია ნინო,ანჯელინა ჯოლი ვერ მიედრება
gavazeli
24 დეკემბერი 2015 16:07
ანჯელინა ჯოლი ამის ფეხის ფრჩხილად არ ღირს.
lia
22 დეკემბერი 2015 20:29
სურათში ანჯელინა ჯოლის ჯობია

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები