ყიფიანის, რურუას, აბაშიძის გმირები, ანუ პოლიტსახეები კინოში
21-12-2015
ყიფიანის, რურუას, აბაშიძის გმირები, ანუ პოლიტსახეები კინოში
პოლიტიკური სახეები კინოში - ამ რუბრიკაში ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის შესახებ შეიძლებოდა საუბარი.

თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი შევარჩიე. ისეთები, რომელთა კინოკარიერაზე მკითხველმა ბევრი არაფერი იცის, ან არ ახსოვს.

"შემოულაწუნე"

თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე", რომელიც 1976 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დათო აბაშიძემ სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა. სიმართლე გითხრათ, მისი ნამდვილი სახელი არც ვიცი, ისე მაყურებელთა უმრავლესობა მას "შემოულაწუნეს" უწოდებს.
მთელი ფილმის განმავლობაში მისი პერსონაჟი ერთ სიტყვასაც არ ამბობს. ხელჩაკიდებული დაჰყვება ბებიას, რომელიც ხან ვის ეხვეწება, ხანაც - ვის: "შემოულაწუნე, კარგი გვარისა ბრძანდებითო".

- ეს როლი ერთადერთი და განუმეორებელია ჩემს ბიოგრაფიაში. სხვა ფილმში არც არასდროს მითამაშია. "ნატვრის ხეს" რომ იღებდნენ, მაშინ 16 წლის ვიყავი. კარგად
ვიცნობდი აბულაძეების ოჯახს. მე და ბატონი თენგიზის ქალიშვილი ქეთინო კლასელები ვიყავით. ამიტომაც აღმოვჩნდი თენგიზ აბულაძის თვალთახედვის არეში. გადაღებების გამო სკოლას ვაცდენდი. შესანიშნავ მსახიობთა ჯგუფთან ერთად მიწევდა მუშაობა. შეუძლებელია გადმოსცე, რა ხდებოდა მოედანზე.

- თქვენს პერსონაჟს ტექსტი არ ჰქონდა?
- არა. ბებიაჩემის როლს იქაური ქალი თამაშობდა. დიდი ხნის კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ხელჩაკიდებულებმა კარგა ხანს ვიარეთ.

- ფილმის ხათრით რამდენიმე გალაწუნებაც იგემეთ...
- რა თქმა უნდა, გამეტებით მირტყამდნენ. გამიზნული არ მქონია, მაგრამ ერთხელ მეც მომიხვდა ხელი ბატონ რამაზ ჩხიკვაძეზე. ეს კადრშიც ჩანს. არაფერი უთქვამს, თუმცა ემოცია მჭახე ფორმით გამოხატა. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. მე ხომ მუდმივად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ადამიანებით...
როცა გადაღებები მიმდინარეობდა, სწორედ მაშინ კომკავშირში მიღებდნენ... მერე ჩემთან ერთად, ასე ვთქვათ, აცვენილ ბიჭებს იღებდნენ კომკავშირელთა რიგებში. ისეთებს, რომლებმაც არაკომკავშირული ბიოგრაფიის გამო დროულად ვერ იგემეს ეს "ბედნიერება". ბევრნი მივედით. მე არასდროს მქონია კრიმინალური და ძველბიჭური წარსული, თუმცა ყველანაირ ხალხთან მქონდა თბილი ურთიერთობა, მათ შორის ასეთებთანაც. მაშინ რთულ ბიჭებს თმა ჰქონდათ მოშვებული, თითქოს ასე იყო მიღებული. სხდომაზე ბოლოს მომიწია გასვლამ. რომ შევედი, რაიკომის მდივანი მეკითხება: თმა რატომ გაქვს მოშვებული, არ მითხრა ახლა, რომ შენც კინოში გიღებენო, თურმე ჩემამდე ვინც შევიდა, ყველას ასე უთქვამს.

"პატარა დემეტრეს როლზე შემთხვევით შემარჩიეს"

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 11 წლის ასაკში ბუბა ხოტივარის ფილმში "დემეტრე", დემეტრე II-ის ბავშვობა ითამაშა. ფილმი 1982 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.

- პატარა დემეტრეს როლზე შემთხვევით შემარჩიეს. გრძელ თმას ვატარებდი და სწორედ ამით მივიქციე ყურადღება.
თავდაპირველად გადასაღებ მოედანზე ცოტა შეშინებულიც ვიყავი - განათება, კამერები, მერე დუბლები - არ იყო ადვილი საქმე. მახსოვს, ჩაცმულობამაც გამაკვირვა. ყველაზე შთამბეჭდავი მეფეების სამოსი და ხმლების ჭახაჭუხი იყო. ამის ხილვა და განცდა ჩემში ერთდროულად ინტერესსაც იწვევდა და აღფრთოვანებასაც.

- მიკვირს, რომ თეატრალურ ინსტიტუტში­ სწავლა არ მოინდომეთ.

- როცა ამ კითხვას მისვამენ, ვხალისობ ხოლმე. სპორტიც ხომ ახლოს არის ამ დარგთან, ორივე პროფესია მაყურებლის გაოცებაზეა დამყარებული. ეს ფილმიც და მასზე მუშაობის პერიოდიც ჩემთვის დაუვიწყარია...

"პირვე­ლი გადაღებიდანვე მოედნიდან მოვკურცხლე"


კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა­ თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, როცა რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა "უძინართა მზეში" გადაიღო პროფესორის ერთ-ერთი ვაჟის როლზე.

- პირველკურსელი ვიყავი, როდესაც "უძინართა მზეში" გადამიღეს. ჩემი პედაგოგი იყო თემურ ბაბლუანი. მამაჩემიც მუშაობდა ამ ფილმზე მხატვრად (ვახტანგ რურუა). თავდაპირველად დათოს ერთ-ერთი მეგობარი უნდა მეთამაშა. თუმცა პირვე­ლი გადაღებიდანვე მოედნიდან მოვკურცხლე. რეჟისორობა ვარჩიე. თუმცა რეჟის­ორობაც წინ მაქვს. მინდა, ოდესმე აუცილებლად გადავიღო ფილმი.

სცენარის თანახმად, თავდაპირველად ჩვენ ე. წ. ფრანცუზები ვიყავით, რომლებიც იმ ბიჭებს შორის იყვნენ, პროფილაქტიკაში რომ მუშაობენ დათოსთან ერთად. თუმცა მერე მე და ჩემი ეკრანული ძმა დავრჩით პროფესორის შვილებად, რომლებიც ციხეში ისხდნენ დათოსთან ერთად. დიდხანს იღებდნენ ფილმს, რადგან მუშაობის პროცესში რაღაცები იცვლებოდა.

ეკა სალაღაია
ხ უ თ კუნჭულა
28 დეკემბერი 2015 03:33
ეს ადრე ერქვა შემოულაწუნე, 2012 წლიდან თავდაპირველი სახელი გაულაწუნე დაიბრუნა.
gavazeli
24 დეკემბერი 2015 16:01
გაულაწუნე კი არა, შემოულაწუნე. იქნებ ერთხელ მაინც გენახა "ნატვრის ხე".

რედაქტორის რჩევით