"მაღაზია დავაყაჩაღეთ, მიყვარდა და შედეგზე არ მიფიქრია" - "ვოისის" პატიმარი კონკურსანტი თეონა ყოლბაია პირდაპირ ეთერში გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"მაღაზია დავაყაჩაღეთ, მიყვარდა და შედეგზე არ მიფიქრია" - "ვოისის" პატიმარი კონკურსანტი თეონა ყოლბაია პირდაპირ ეთერში გაათავისუფლეს

ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურ პროექტ "ვოისის"კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა. "აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ ჩემს პერსონალურს ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრამ" თეონასთან ინტერვიუ შემოგთავაზათ, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

თეონა ყოლბაია: - აფხაზეთიდან დევნილი ვარ. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დავიბადე. ომის შემდეგ მოგვიწია სახლ-კარის დატოვებამ. 2 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედით. დღემდე ქირით ვცხოვრობთ. დავამთავრე 51-ე საჯარო სკოლა და მუსიკალური ათწლედი, მერე კი - მუსიკალური კოლეჯი ვოკალის განხრით. მყავს მშობლები და ორი და. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა. მინდოდა, კონსერვატორიის სტუდენტი გავმხდარიყავი, მაგრამ ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო და ეს ოცნება ვერ ავიხდინე. დედა სალონში მუშაობს. მეც მინდოდა, ოჯახს დავხმარებოდი და ბარში მიმტანად დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ჩემი შეყვარებული და მერე მოხდა დანაშაულიც...

- რამ გიბიძგათ დანაშაულისკენ?

- ჩემი შეყვარებული მეუღლესთან განქორწინებული იყო. ერთ დღეს მითხრა, თანხა მჭირდება და საყაჩაღოდ გამყევიო. 4 წლის პატარას მარტო ზრდიდა, სამსახურიც არ ჰქონდა და შვილის გამო ჩაიდინა დანაშაული. ბავშვისთვის ბაღში გადასახდელი ფული არ ჰქონდა. მაშინ 22 წლის ვიყავი. მოტყუებით არ წავუყვანივარ, ვიცოდი, რასაც ჩავდიოდი, მაგრამ მიყვარდა და შედეგზე არ მიფიქრია. მაღაზია დავაყაჩაღეთ. სათვალთვალო კამერები არ იყო და შევიდა. ხელში სათამაშო პისტოლეტი ეჭირა. მაღაზიიდან 240 ლარი და ხურდა გამოვიტანეთ... მე კართან ვიდექი, რომ ვინმე არ შემოსულიყო. 10 დღის მერე დაგვაკავეს. არც კი ვიცოდით, რომ გვეძებდნენ. საქმის მასალები რომ წაიკითხოთ, შეგეშინდებათ. ბევრი უზუსტობაა. ერთად დაგვაკავეს და 2012 წლის მაისში ორივე გაგვასამართლეს. მე 13 წელი მომისაჯეს, ჩემს შეყვარებულს - 15.

იხილეთ სრულად

იხილეთ ვიდეო