ნათელა პატარკაციშვილი: - კვირის პალიტრა

ნათელა პატარკაციშვილი:

"ვის უშლის ხელს ჩემი სიცოცხლე?!"

მიუხედავად ჩემი ტრაგედიისა, მიმძიმს ამ წერილის დაწერა. წარმოუდგენელია იმაზე დიდი ტკივილი, რასაც შვილმკვდარი დედა განიცდის. ამ უსაშველო, სულის შემძვრელ ტანჯვას მხოლოდ ის გამიგებს, ვინც ეს საკუთარ თავზე გამოცადა. ამას ვერ გაიგებენ, განსაკუთრებით, ის ადამიანები, ვისთვისაც სხვისი ტანჯვა სიამოვნებად არის ქცეული.

ბევრი კითხვა მიჩნდება, მაგრამ პასუხი ვერ მიპოვია. ნეტავ რა ღირს ის უზნეობა და ბოროტება, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალება სჩადის? ნუთუ რამდენს უხდიან იმ უზნეო ჟურნალისტებს, რომლებიც საშინელი ცილისწამებით არიან დაკავებულნი და გამუდმებით თავს ესხმიან ჩვენს ოჯახს?

არაერთხელ განვაცხადე პრესითა თუ ტელევიზიით, რომ არანაირი განხეთქილება და დაპირისპირება არ მომხდარა ჩვენს ოჯახში. ვგულისხმობ ჩემს შვილებს, ჩემს რძალს - ინა გუდავაძეს და ჩემს შვილიშვილებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - კამათიც კი არ მოგვსვლია ერთმანეთთან.

ათასი სიბინძურე მოიგონეს ჩვენს ოჯახზე. ისეთ ტყუილებს იგონებენ, სიმართლესთან ოდნავ მიახლოებულიც რომ არ არის. ჩემი შვილები და შვილიშვილები ყოველთვის მირჩევდნენ, ყურადღება არ მიმექცია იმ ჭორებისთვის, რასაც პრესაში წერენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა, მიზანმიმართულმა ცილისწამებამ და ტყუილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ვითომდა ინამ მოკლა ბადრი, მე კი თურმე კითხვა დავუსვი ინას, თუ რატომ დააგვიანა სასწრაფომ მოსვლა... მე თითქოს ეჭვი შევიტანე ინაში და ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა, რომ ინსულტი დამემართა. ეს ყველაფერი არის საშინელი სიცრუე...

როგორი ბოროტი, გონებაბილწი უნდა იყოს ადამიანი, მსგავსი სიბინძურე რომ მოიფიქროს. რამ გაგაბოროტათ, რატომ მიჰყიდეთ ეშმაკს სული, რატომ არ გეშინიათ ღმერთის, რას ყიდულობთ იმ ფულით, რასაც ამ სიბინძურის წერაში იღებთ?

77 წლის შვილმკვდარი დედა ვარ... რატომ ვერ ინელებთ ჩემი შვილის სახელს? ვის რას უშავებს ჩემი გარდაცვლილი შვილის საფლავი? ვინ ვერ ისვენებს და რატომ არის ასე გაბოროტებული?

სოსო კაკიაშვილმა (ჯოზეფ ქეიმ) კიდევ 100 წელი რომ იცოცხლოს, ვერასდროს მოიპოვებს ისეთ სიყვარულს და სახელს, როგორიც ჩემს შვილს აქვს. მე ზუსტად ვიცი, თუ როგორ იტანჯება სოსო და მისი ოჯახი. მათ სინდისი და უსამართლო ქმედება კი არ სტანჯავთ, არამედ ბოროტებისგან და შიშისგან იტანჯებიან. მათ ჩემი შვილის საფლავიც კი აშინებთ.

დღეს, მე მანუგეშებენ ის წერილები და ის ადამიანები, რომლებიც ბადრის სახელს არასდროს დაივიწყებენ. მანუგეშებენ ის ადამიანები, უსახლკარონი რომ იყვნენ და ბადრიმ დააბინავა. მანუგეშებენ ისინი, ვისაც ბადრიმ სიცოცხლე აჩუქა.

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი ვაჟკაცი გავზარდე, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სიკეთეს აკეთებდა და საქართველოს სიყვარულს შესწირა თავი.

მინდა ვუთხრა იმ უღირს ჟურნალისტებს, რომ რასაც უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში, პირველ რიგში ადამიანობა მართებთ.

სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსათქმელად, თუ როგორ აღვშფოთდი, როდესაც ჟურნალ ,"სარკეში" დაბეჭდილი სიცრუე წავიკითხე. ვინმე მაია გიორგაძე აბსურდულ წერილს წერს. არც კი მჯერა, რომ ეს რეალური სახელია... ნეტა, მართლა თუ არსებობს ასეთი ადამიანი, ასე თამამად რომ აწერს საკუთარ სახელსა და გვარს ამგვარ სიცრუესა და ნაძირლობას. რა გაუჭირდა ისეთი ჟურნალ "სარკეს", როგორ დაკნინდა და სულიერად დაეცა, რომ გადაწყვიტა ჟურნალი შხამითა და ბალღამით არჩინოს.

როცა განგება ინებებს, მაშინ მიიბარებს ჩემს სულს. რა სიბინძურეც უნდა დაწეროთ ჩემს ოჯახზე, ვერაფერს ვერ მიაღწევთ, გარდა იმ გროშებისა, რასაც პროფესიას ამოფარებული, სულის გაყიდვაში იღებთ.

პატიებას ვთხოვ მკითხველს, რომელიც ალბათ გაგებით მოეკიდება ჩემს აღშფოთებას. რა თქმა უნდა, ამ წერილში გამოთქმული ბრალდება ყველა ჟურნალისტს არ ეხება. რთული და გაუსაძლისია ებრძოლო ნაძირალა ადამიანებს, ვინც შვილმკვდარ დედას ტირილსაც კი არ აცლის და მიცვალებულის სულს ეხება.

არასდროს მითქვამს უარი ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს ჩაწერაზე. თუკი მათ მართლაც აინტერესებდათ და სურდათ გაეგოთ სიმართლე, დაერეკათ, ეკითხათ ჩემთვის. სიმართლის გარკვევას მათ არჩიეს შეეთხზათ ჭორი, ისინი ჟურნალთან ერთად სულსაც ყიდიან.

ღმერთი განსჯის ტყუილსა და მართალს!

ნათელა პატარკაციშვილი

R