ჩალაგამოვლებული "პალმალისტები" - კვირის პალიტრა

ჩალაგამოვლებული "პალმალისტები"

მართალია, ქართველებს დიდი ბაქიბუქი გვიყვარს, რაც მაგრები ვართ,  ქართველები ვართო, მაგრამ ამ ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ სულ ტყუილად მოგვაქვს თავი. ვისაც არ ეზარება და ცოტა მარიფათიც აქვს, ქართველი ხალხის გაცურებაზეა გადასული. ამას წინათ რედაქციაში რესპონდენტი მოვიდა და შემოგვჩივლა, ვერსად ვერაფერი გავაწყვე და ენა მაინც მომაფხანინეთო.

ვაჟა: - ამას წინათ  "პალ მალმა" უპრეცედენტო აქცია მოაწყო: ვინც 10 ცალი "პალ მალის" ყუთის თავსახურს მიიტანდა სერვისცენტრებში, 10 ლიტრ საწვავს ან "პოპულის" 15-ლარიან კუპონს გადასცემდნენ საჩუქრად. გამიხარდა, ვიფიქრე, პაპიროსსაც მოვწევ და ბენზინიც შემრჩება უფასოდ-მეთქი და გულმოდგინედ შევუდექი "პალ მალის" ყუთების შეგროვებას.

ერთ მშვენიერ დღეს კი მივაკითხე "პალ მალის" პუნქტს, არიქა, გადამიცვალეთ თავსახურები დაპირებულ  ბენზინში და "პოპულის" 15-ლარიან კუპონში-მეთქი, მაგრამ მითხრეს, აქცია დამთავრდაო. რას ჰქვია დამთავრდა, აგერ მაქვს დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ აქცია 2010 წლის 1-ელი თებერვლიდან 31 მარტამდე გრძელდება-მეთქი. კი წერია, მაგრამ თებერვლის დასაწყისში ახალი ბუკლეტი გამოვეცით, სადაც ეწერა, რომ აქცია 12 თებერვალს დასრულდებოდაო.

ასე დავრჩით  პირში ჩალაგამოვლებული "პალმალისტები". ისე კი ვართ ღირსი. აბა, 10 ცალ ლარნახევრიან სიგარეტში 10 ლიტრი ბენზინის ჩასხმას რომ გპირდება და დაუჯერებ კაცი, მოტყუების კი არა, გაროზგვის  ღირსი ხარ. ჯანდაბას, პრიზი და ბენზინი, მაგრამ გულზე ვსკდები, ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს?!

დასანანია, რომ საქართველოში ხალხი რატომღაც კეთილ ტყუილს უფრო იჯერებს, ვიდრე სიმართლეს.  რამდენიმე წლის წინ პენსიონერებს თაღლითურმა ჯგუფმა ჩამოუარა და დაჰპირდა, - ზეთს, შაქარსა და ფქვილს დაგირიგებთ, ოღონდ ბაზაში უნდა დარეგისტრირდეთ და ამისთვის 5-5 ლარია საჭიროო. "ოფისი" "ფირმას" "სამთო ქიმიის" შენობაში ჰქონდა. მივედი თუ არა, დოკუმენტები მოვითხოვე და მაშინვე მივხვდი, რომ საქმე თაღლითებთან მქონდა. ოფისიდან გამოსულმა მოხუცების ორკილომეტრიან რიგს ვუთხარი, ესენი თაღლითები არიან და ნუ დაკარგავთ 5 ლარს-მეთქი.

გგონიათ დამიჯერეს? ქოქოლა დამაყარეს, ამას იმიტომ გვეუბნები, ეტყობა, ინტერესი გაქვს რაღაცისო. მოკლედ, ერთ კვირაში ის ფირმა უკვალოდ გაქრა, არც დაპირებული დახმარება უნახავს ვინმეს.

ჩვენ მივმართეთ "პალ მალის" სათავო ოფისს (თბილისის ფილიალმა ამ ფაქტის კომენტირება საკუთარ თავზე ვერ აიღო და  სათავო ოფისს მიანდო ეს საქმე) და სულ მალე  მივიღეთ უცნაური წერილი, რომლითაც გვაფრთხილებდნენ, წერილში მითითებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და სხვას არ გაანდოთო (რაღა დაგიმალოთ და წერილში იგივე ინფორმაცია იყო მოწოდებული, რაც ბუკლეტში. სიმართლე გითხრათ, მისი საიდუმლოების არსსაც ვერ ჩავწვდით).

სიტყვიერად კი "პალ მალის" წარმომადგენელმა კასკიევმა განგვიმარტა, შეცდომა მოხდა, კომპანიამ მენეჯმენტი ვერ გათვალა. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს იმიჯს და ამიტომაც აქცია შევწყვიტეთო.

- აქცია რომ წამგებიანი იქნებოდა, რა მენეჯმენტი და დიდი ბიზნესგათვლა ესაჭიროებოდა. მომხმარებელი ეჭვობს, რომ ეს იყო სიგარეტის გასაღებისთვის გამიზნული ტყუილი.

- ასე არ ყოფილა, ეს იყო შეცდომა და ამ მაგალითზე ჩვენ დასკვნას გამოვიტანთ.

P.S. ხომ არ დადგა დრო, ენის მოქავებასთან ერთად დასკვნების გაკეთება ჩვენც ვისწავლოთ?