"ტელევიზორიც არა მაქვს და გაზეთებსაც არ ვკითხულობ!" - კვირის პალიტრა

"ტელევიზორიც არა მაქვს და გაზეთებსაც არ ვკითხულობ!"

"ბიძინა ივანიშვილს ჩემი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად..."

როცა სახელმწიფო დონეზე საჩუქრები კეთდება, ხანდახან ყიდულობენ ჩემს ნამუშევრებს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი სიყვარულით გიჟდება ვიღაც

"ღირსების ორდენი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გადმომცა, საკმაოდ რთულ პერიოდში მივიღე... საფრანგეთში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, ღირსების ორდენის გადმოცემა გვინდა და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათო. დავპირდი, რომ იმ დროს თბილისში ვიქნებოდი და ღირსების ორდენს მივიღებდი... პირობა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ვიღაცები ტალახს მესროდნენ...

ცნობილი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი პირველად საუბრობს, თუ როგორი იყო ყველა დროის მთავრობის დამოკიდებულება მის მიმართ.

- 12 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში ჩემი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, 200 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ორკვირიანი გამოფენა სამი თვე გაგრძელდა, იმდენად ბევრი ხალხი მოდიოდა მთელი რუსეთიდან... იმავე წელს თბილისში მოეწყო გამოფენა ბავშვთა გალერეაში, სადაც ჩემი 80 ნამუშევარი გამოიფინა. შევარდნაძე რომ მობრძანდა, დედაჩემს ჰკითხა, რით შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთო, დედამ უპასუხა, ყველაზე დიდი დახმარება იქნება, ბავშვს ხელი არ შეუშალოთო... დაგვპირდა, რომ ხელი არაფერში შემეშლებოდა...

- დედა რას გულისხმობდა?

- კომუნისტების პერიოდი იყო, მე კი ანგელოზებსა და დრაკონებს ვხატავდი, ჯვარცმა, შობა მქონდა დახატული. მთელი რუსეთიდან იმიტომ დაიძრა ხალხი, რომ თავისუფალი აზროვნების ნახატები ენახათ. იმ დროს ყველაფერი აკრძალული იყო და ეს ამოსუნთქვის ერთადერთი საშუალება იყო. 12 წლის ბავშვს არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა და რასაც მოვისურვებდი, ვხატავდი. ბატონ ედუარდს ნამდვილად არ შეუშლია ხელი, არც დამხმარებია. პოლიტიკაში არასოდეს გავრეულვარ...

- ყველას ახსოვს, სააკაშვილმა თქვენ ღირსების ორდენით დაგაჯილდოვათ...

- ბათუმში გალერეა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. თავი შეიწუხა და მოვიდა. არ უარვყოფ, რომ ჩემი ნამუშევრები ყველა მთავრობას მოსწონდა და რამდენიმე მათგანი შეიძინეს კიდეც. მაშინაც და ახლაც, როცა სახელმწიფო დონეზე საჩუქრები კეთდება, ხანდახან ყიდულობენ ჩემს ნამუშევრებს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი სიყვარულით გიჟდება ვიღაც.

რაც შეეხება ღირსების ორდენს, რომელიც სააკაშვილმა გადმომცა, რთულ პერიოდს დაემთხვა. საფრანგეთში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, ღირსების ორდენის გადმოცემა გვინდა და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათო. დავპირდი, რომ იმ დროს თბილისში ვიქნებოდი და ღირსების ორდენს მივიღებდი... პირობა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ვიღაცები ტალახს მესროდნენ... მედლების მეტი რა მაქვს, არც არავის გაუგია, როდის მივიღე და ნამდვილად არ მაკვირვებს, მაგრამ მშიშარა კურდღელივით არ მოვიქეცი და პირობა შევასრულე. წინასწარ ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა, მაგრამ სიტყვა არ გავტეხე. ადამიანს არ ვღალატობ, სხვებისგან განსხვავებით...

- პოლიტიკისგან მაინც შორს დარჩით?

- რა თქმა უნდა! სამთავრობო წვეულებებზეც კი არასოდეს ვყოფილვარ. ტელევიზორიც არა მაქვს და გაზეთებსაც არ ვკითხულობ!

მთელი დღე მარტო ვარ და ვხატავ, ზოგჯერ ჭამაც კი არ მახსოვს. თუ ვინმე ძალიან მთხოვს, მობრძანდითო, მაშინ მივდივარ. ხათრს ვერ ვუტეხ, თორემ ჩემი ნებით თავშეყრის ადგილებში არ დავდივარ... მხატვრისთვის მთავარია, ისეთი რამ შექმნას, რაც მისი გარდაცვალების შემდეგაც დარჩება. სხვა წარმავალია, თოვლივით გაქრება.

- ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება როგორია თქვენი ნამუშევრების მიმართ?

- გულახდილად გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდეს. არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, ჩემი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად... გამოფენის გახსნაზე არ მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიჟებული გვყავდა. მე მის მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, წლებია "ქართუ ბანკი" ეხმარება ჩვენს ინტელიგენციას, რაც უდავოდ დასაფასებელია.

მანანა გაბრიჭიძე