თამაზ ჭილაძე: "პოლიტიკოსთა უმრავლესობამ, თუკი რამე არ იცის, უპირველესად - პოლიტიკა!" - კვირის პალიტრა

თამაზ ჭილაძე: "პოლიტიკოსთა უმრავლესობამ, თუკი რამე არ იცის, უპირველესად - პოლიტიკა!"

"უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება თავი - აზროვნებისთვის თუ ახალ ხაფანგში შესაყოფად"

ქვეყნის სინგაპურიზაციის მომხრეებმა სულ რაღაც ათიოდე წელში მიაღწიეს იმას, რაც დამპყრობელმა ორასი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. აი, რა მოჰყვა საერთო უნარ-ჩვევების დანერგვას, თუნდაც გოგებაშვილის "დედა ენაზე" უარის თქმას. "აი ია" ხომ პაროლი იყო, რომელიც ბავშვს მომავლის კარს უღებდა!

ღმერთმა ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გასაჭირი თუ განსაცდელი არ დამაკლო, მაგრამ ერთ რამეს კი გადამარჩინა - პოლიტიკოსობას, რაც ჩემთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა და მიმაჩნია კიდეც, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, - წერს ჩანაწერების წიგნში "ოწინარი". ინტერვიუს წინაც მთხოვა, პოლიტიკაზე არაფერი მეკითხა, თუმცა... ჩვენი ქვეყნისა და ქართველი საზოგადოების ცხოვრება სწორედ პოლიტიკას არის გადაჯაჭვული და სხვა საკითხებთან ერთად ვერც ამ თემას ავუვლიდით გვერდს... ძველი და ახალი წლის მიჯნაზე სასაუბროდ ჩვენი გაზეთის დიდ მეგობარს, კლასიკოს მწერალს, თამაზ ჭილაძეს ვეწვიეთ.

- ბატონო თამაზ, ტრადიციული კითხვით დავიწყოთ - როგორ ხვდებით ახალ წელს, რას ფიქრობთ მომავალზე?

- პირველი გრძნობა, რომელიც ახალი წლის მოახლოებისას უჩნდება ადამიანს, კერძოდ, ჩვენისთანა პრობლემებით გატენილი ქვეყნის შვილს, იმედია - მომავალი წელი უკეთესი იქნება. ამიტომაცაა, სიხარულით რომ ველოდებით ახალი წლის გათენებას და ეს სიხარული, ჩვენდა უნებურად, გაუაზრებლადაც კი გვაერთიანებს ყველას, ვინც გენეტიკური ჯაჭვითა ვართ შეკრულნი, ანუ ერთი ერის შვილებს წარმოვადგენთ.

ვისი იმედი გვაქვს? - ეს კითხვა დღეს თითქოს თავისით იბადება და ერთადერთი პასუხი გააჩნია - არავისი, გარდა... საკუთარი თავისა!

ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება თავი - აზროვნებისთვის თუ ახალ ხაფანგში შესაყოფად! იმედი, მართალია, პანდორეს ყუთიდან ამოვიდა, მაგრამ ჩვენ სენად კი არა, გადამრჩენად მოგვევლინა, რადგან იმედის ამარამ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე. ამავე დროს, ჩვენი იმედი აშკარად ლოდინთან, უფრო ზუსტად, მოლოდინთან არის დაკავშირებული, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, მშობლიურ წიაღს - ევროპას დავუბრუნდებით.

ბევრი რამ არ არის ისე ბუნებრივი და ლოგიკური, როგორც ეს იმედი - ერთი მტკაველი მიწა, რომელიც ამ პლანეტაზე ღმერთმა მოგვიზომა, როგორმე მთლიანად შევინარჩუნოთ და ჩვენი ნამდვილი სახით წარვუდგეთ მსოფლიოს. ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკა, აბობოქრებულ ზღვასავით, ნაპირზე გადმოვიდა და წალეკა კიდეც ყველაფერი, რაც გზაზე დახვდა. ხმელეთის ნაცვლად გაჩნდა პოლიტიკის მღვრიე ტბორი, თანაც ისე, რომ პოლიტიკოსთა უმრავლესობამ, თუკი რამე არ იცის, უპირველესად - პოლიტიკა! ბევრი რამ არ არის მოქალაქეთა პოლიტიკურ დაპირისპირებასა და ურთიერთდაუნდობლობაზე სახიფათო. პოლიტიკური დისკუსიები, პარლამენტის სხდომები თუ ტოქშოუები გლადიატორთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს დაემსგავსა. დამაფიქრებელია, რომ სწორედ ასეთი დაუნდობლობა ჩვენი მასმედიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ გადაიქცა.

- მორიდებით შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის დაწყების წინ მთხოვეთ, პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთო!

- კი, ასე იყო, მაგრამ განა არსებობს ჩვენს სინამდვილეში რამე, პოლიტიკის გარდა?

- თქვენი დონის მწერლისთვის? უეჭველად იარსებებს... თუნდაც, ქალი - ემანსიპირებული ან, სულაც დაჩაგრული. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ ქალზე ძალადობის ფაქტები გახშირდა. ფიქრობთ, რომ დღეს მართლა იჩაგრება ჩვენში ქალი?

- და თქვენ გგონიათ, რომ ეს პოლიტიკა არ არის? ჩემდა საბედნიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება ისე გავიარე, რომ ქალის მიმართ ძალადობის მომსწრე თუ შემსწრე უშუალოდ არსად ვყოფილვარ, თუმცა, რასაკვირველია, მჯერა, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენშიც არსებობს და თანაც არც ისე იშვიათად. არც უნდა გაგვიკვირდეს - ცხოვრებაა უკიდურესად დაძაბული, თითქოს არც არის ცხოვრება, არამედ რაღაც შიგნიდან გამოცარიელებული, მანქანების გამონაფრქვევით დახუთული სივრცე, რომელშიც ადამიანები არა მარტო ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავსაც კი დაეძებენ. აქ ანგელოზების ადგილი აშკარად არ არის. იშვიათია ამაზე პირობითი ცნება, როგორიც ცხოვრებაა და ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ძალადობის ფაქტების მომსწრენი გავხდებით. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, არც ისეთი მოძალადენი ვართ, როგორებსაც ვიღაც-ვიღაცები წარმოგვადგენენ, როცა ჩვეულებრივ ოჯახურ კინკლაობასაც კი პოლიტიკური პრობლემის ჟღერას ანიჭებენ, რაც საკვირველიცაა და დამაფიქრებელიც, რადგან თუკი რაიმე შეგვრჩა დღეს ძველი ადათ-წესებიდან, ეს, უპირველესად, ოჯახის, კერძოდ, ქალის პატივისცემაა.

რამ გადაგვრია ქართველი კაცები ასე, რომ ჩვენი მხეცობის ამბები ლამის ევროსაბჭოს სხდომებზე განიხილონ, ანუ კიდევ ერთხელ დაგვტუქსონ და თითი დაგვიქნიონ, რასაც ძალიან შეგვაჩვიეს ამ ბოლო დროს, როცა სინამდვილეში ქართველ კაცს ქალის პატივისცემა არც ერთი ევროპული ორგანიზაციისგან არ ესწავლება.

ტყუილად როდია ნათქვამი, ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო. რასაკვირველია, ეს პრობლემა მარტო ოჯახით არ ამოიწურება. საქართველოში ქალის ტრადიციულ პატივისცემასთან ერთად, ნამდვილად არსებობს შემზარავი ძალადობის ფაქტებიც, მაგრამ (ეს თუ რაიმეს ამსუბუქებს!) ასეთი რამ მარტო საქართველოში არ ხდება, ქალისადმი დაუშვებელი დამოკიდებულება ყველგან საოცარი ერთნაირობით ხასიათდება, რომელსაც (ასევე ყველგან!) ის თავისებურებაც ახასიათებს, რომ ვერც კანონი, ვერც იდეალური პოლიცია ვერაფერს მოუხერხებს. ადამიანი რთული და ბოლომდე გამოუცნობი არსებაა.

ღმერთმა დაიფაროს, ერთნაირად მოაზროვნე, თუ გნებავთ, ერთნაირად წესიერი ადამიანებით იყოს დასახლებული ქვეყანა. ადამიანები იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ სხვადასხვანაირები არიანო, - ამბობდა ერთი ინგლისელი პოეტი. გაჭირვებას თუ ცხოვრებისეულ უმძიმეს გამოცდებს ყველა ერთნაირად ვერ უძლებს და, სამწუხაროდ, ხშირად ვართ იმის მოწმენი, რომ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი, იმიტომ, რომ სძულთ საკუთარი თავი. ბევრი ხდება სასოწარკვეთილების, უიმედობის, უმუშევრობის, მარტოობის მსხვერპლი, სამწუხაროდ, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც, რაც ზოგჯერ უკიდურესი საქციელისკენ უბიძგებს. ადამიანს კი ზოგჯერ ისეთი თვისებების გამოვლენა შეუძლია, რაც მისთვისაც მოულოდნელი და საკვირველია. რობოტს მომართავ შენს ნებაზე და იქნები მშვიდად, ადამიანს კი შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, რასაკვირველია, თუ ძალას არ იხმარ, ან თავად არ მოისურვებს ამას...

- ბატონო თამაზ, რას წარმოადგენს თქვენი საქმე თქვენთვის, თავშესაფარს?

- უფრო ზუსტად - სულის თავშესაფარს, რომელიც, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ჩემ თვალწინ ინგრევა. ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამას კი ვერა.

არასოდეს ყოფილა ასე ერთმანეთთან დაშორებული მწერლობა და ხალხი, როგორც დღეს. ჩვენში პოლიტიკამ სძლია კულტურას, ანუ ჩვენს ტრადიციულად მთავარ ძალას. ცხოვრების ასპარეზიდან კულტურის განდევნით, ერმა არა მარტო მყუდრო და საიმედო თავშესაფარი დაკარგა, არამედ შემოქმედებითი ინიციატივაც. იმის გაფიქრებაც კი საშინელებაა, რომ დღეს საქართველოში წიგნი კვდება და მასთან ერთად - ყველაფერი ის, რითაც აქამდე გვიცხოვრია.

ქვეყნის სინგაპურიზაციის მომხრეებმა სულ რაღაც ათიოდე წელში მიაღწიეს იმას, რაც დამპყრობელმა ორასი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. აი, რა მოჰყვა საერთო უნარ-ჩვევების დანერგვას, თუნდაც გოგებაშვილის "დედა ენაზე" უარის თქმას. "აი ია" ხომ პაროლი იყო, რომელიც ბავშვს მომავლის კარს უღებდა!

-

ამ ვითარებაში რა ევალება მწერლობას?

- ამ ვითარებაში მწერლობას ევალება ის, რაც ევალებოდა გაჩენის დღიდან, ანუ წერა! მწერლობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პროფესიაა, შეიძლებოდა მეთქვა, მძიმე-მეთქი, რადგან მართლაც უმძიმეს ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული. შემოქმედება დაუნდობელია, მთლიანად თუ არ შეეწირები, ვერაფერს მიაღწევ.

- რამდენად ინარჩუნებს მწერლობა თავის მისიას დღევანდელ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში?

- სიმართლე გითხრათ, თქვენმა კითხვამ ამაღელვა, აღარ მეგონა, ვინმეს კიდევ თუ აინტერესებდა ჩვენი მწერლობის ბედი. არადა, ვიდრე გვიან არ არის, უნდა გავიხსენოთ ის ჭეშმარიტება, რომ უმწერლებოდ ხალხი აღარ შეიძლება ხალხად იწოდებოდეს. იქნებ გაისიდან ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ვაქციოთ ის, რითაც საქართველო საქართველოა.

მწერლობა დღევანდელობას სიტყვად გარდაქმნის და ასე უნახავს მომავალს, მარადისობად აქცევს. მწერლობა კაცობრიობის სულიერი მახსოვრობაა. მწერლობისთვის ყველაზე საშინელი სრულიად ყრუ გარემოში არსებობაა, ანუ იქ, სადაც წიგნს დაკარგული აქვს თავისი მთავარი დანიშნულება - გამოაფხიზლოს შენშივე მთვლემარე შენივე არსება, რათა არ დაკარგო ის, რისთვისაც მოგავლინა განგებამ - ადამიანობა!

წიგნი კი არ გვასწავლის რამეს, არამედ პირდაპირ ქმნის, აშენებს ჩვენს არსებაში ჩვენივე ოცნებების, წარმოდგენების, თუ გნებავთ, ილუზიების საყრდენებს, ურომლისოდაც ადამიანს ძალიან პირობითად თუ შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი. აშკარაა, რომ დღევანდელობა გამოირჩევა არა მარტო მატერიალური გარემოს, არამედ, უპირველესად, იმ ფსიქოლოგიური სამყაროს ნგრევით, რომელიც ინახავს და უფრთხილდება დღეს თითქოს "მოძველებულ", "ჩამორჩენილ", "გოიმურ" (ამ სიტყვას ახსნა არ სჭირდება!) სწორედ რომ ადამიანურ წარმოდგენებს, ანუ ჩვენი ცხოვრების ორიენტირებს. ამის გაუთვალისწინებლობა მეტად სახიფათო სიმპტომია მოაზროვნე არსების სულიერი ეროზიისა.

- ხომ შეიძლება ჩვენს სინამდვილეში, სადაც თითქმის სრულიად გამქრალია ტრადიციული დამოკიდებულება ინტელექტუალური შრომისადმი, ვიკითხოთ, რა არის შემოქმედება, რას წარმოადგენს მწერლობა, ვთქვათ, პოეზია?

- ანუ გავიხსენოთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, არა? ვიდრე ეს გვაინტერესებს, ჯერ კიდევ არაფერი გვიჭირს. არა მარტო ჩვენს სინამდვილეში, ყველა ეპოქაში ეძებდნენ ამის პასუხს, რაც, ანუ ეს ძებნა, უკვე თავისთავად ამტკიცებს შემოქმედების რაობის იდუმალებას, ამავე დროს, აჩენს უაღრესად ცხოველმყოფელი აზროვნების სტიმულს. ჩემთვის დიდი სითამამე იქნება, ვუპასუხო ამ კითხვას, რომლის პასუხსაც, ლექსის გაჩენიდანვე ეძებენ. შემოქმედება, კერძოდ,

პოეზია განდობილთა კოდირებული ენაა, რომელსაც ადამიანთა მუდამ ახალ, იდუმალ გულისთქმათა ამოსაკითხად თავისი საიდუმლო ანბანიც აქვს, ამავე დროს, ყველა პოეტმა იცის, რომ ეს (ანუ იდუმალის შეცნობა) შეუძლებელია, რადგან ადამიანი ამქვეყნად ყველაზე დიდი, მარადიული საიდუმლოა, რაც, სხვათა შორის, პოეზიის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. მაგრამ ცდაც უკვე შემოქმედებაა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ანბანის ნაცვლად, სანოტე ნიშნები მეთქვა, რადგან ლექსად ქცეული, თუნდაც სიჩუმე, მუსიკასავით ჟღერს. ამ შემთხვევაში, ლექსის მელოდიურობას კი არ ვგულისხმობ, არამედ მის ემოციურ ზემოქმედებას. თითქოს თავისთავად გვახსენდება, რომ პოეზიის (საერთოდ, ხელოვნების!) ენა ემოციაა, უფრო სწორად, აზრად ქცეული ემოცია. ცნობილია უაღრესად ემოციური ფილოსოფოსები (ჰაიდეგერი, ბერდიაევი, იუნგი...), რომლებიც აიგივებდნენ აზრსა და ემოციას. ამ შემთხვევაში, მათთვის აზრისა და ემოციის დამაკავშირებელი სრული ჰარმონიულობის განცდაა. სწორედ ორგანიზებული, გარკვეულ ფორმამიღებული, გარკვეულ არტახებში მოქცეული ემოცია და აზრი ქმნის ერთიანობის შთაბეჭდილებას, რომელიც ასე ცხადია დიდ შემოქმედთა ქმნილებებში და ჩნდება კიდეც უსაზღვრო, კოსმოსური თავისუფლება ადამიანური წარმოდგენებისა, ოცნებისა, შეიძლება ითქვას, თავისუფლება სულისა!

- რა იყო თქვენთვის გასული წელი, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- უპირველესად, ივნისის ტრაგედია, რომელიც ვერეს ხეობაში დატრიალდა. ჩემი სახლის წინ ხდებოდა ყველაფერი. შემზარავი სანახაობა იყო. რა თქმა უნდა, არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ახალგაზრდობის გმირობა, ჩვენი იმედი ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული და სამართლიანადაც.

არ ვიცი, სხვა რა გავიხსენო...

- თუ ნებას მომცემთ, შეგახსენებთ. ვიცი, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ გიყვართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას დააინტერესებს, რომ თქვენი რომანი "ბრეიგელის მთვარე" ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა, მალე ალბათ ეგვიპტეში, ალბანეთსა და სომხეთშიც გამოვა; მოსკოვის ერთ-ერთ ჟურნალშიც დაიბეჭდა; კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესცენტრმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თქვენთან; რუსთაველის თეატრში დაიდგა თქვენი პიესა "არაბეთის სურნელოვანი ბალახები" - ეს, მგონი, ამ თეატრში დადგმული თქვენი მერვე პიესაა; გამოიცა თქვენი პიესებისა და თეატრისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული "ჩემი თეატრი"... კინაღამ დამავიწყდა - "ბი-ბი-სიმ" ჩამოგართვათ ინტერვიუ, ხომ არ ვცდები?

- დიდი ინტერესით გისმენდით, ჩემზე უკეთესად გცოდნიათ ჩემი ამბები! "ბი-ბი-სი", ძირითადად, ოთარზე მეკითხებოდა - ლონდონში ზედიზედ მისი ორი რომანი გამოვიდა - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" და "აველუმი".

- უცებ მომაგონდა: გასული წლის "ლიტერატურული პალიტრის" პირველ ნომერში თქვენი ახალი ლექსები წავიკითხე.

- გული დამწყდა, ეს ჟურნალი რომ აღარ გამოდის. შესანიშნავი, ძალიან საჭირო ჟურნალი იყო, ერთგვარ წონასწორობას ამყარებდა თაობებს შორის, ბოლო დროს ასე მომრავლებულ მწერლობის დილეტანტ მაძიებლებს შეახსენებდა, რომ ის კი არ იყო ლიტერატურა, რასაც ისინი წერდნენ, არამედ ის, რასაც ვერ წერდნენ. სასიამოვნოა, რომ ჩემი ლექსები წაგიკითხავთ.

- კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არაფრის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თქვენ ამალაპარაკეთ და, როგორც ხედავთ, ვეღარ ვჩერდები. ეტყობა, ლაპარაკმაც მონატრება იცის. ამ ახალ წელს, შეიძლებოდა, ისიც მეთქვა - ჩვენ სხვა ისტორიის, სხვა ბედის ხალხი ვართ, ვერ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ევროპისა და ამერიკის გალაღებული ხალხები ცხოვრობენ. ოღონდ, ნუ მოგვერიდება ნურავისი, რომ ჩვენებურად ვცხოვრობთ, ნუ შევეცდებით, ძალით დავემსგავსოთ სხვას, ეს სასაცილოა და მეტი არაფერი.

საქმე ის არის, რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით (თუ დაგვავიწყდა) ჩვენივე ფასი, ვერ ვუვლით იმას, რისი პატრონებიც ვართ. ჯერჯერობით, მხოლოდ იმედის ანაბარა ვართ დარჩენილები. და აი, ბოლოს და ბოლოს, ვიტყვი იმას, რაც ალბათ თავიდანვე უნდა მეთქვა - იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! გილოცავთ ახალ წელს!

ირმა ხარშილაძე