გამგებლის პოეზია ანუ ლექსები ლენინსა და ლადო ჭიპაშვილზე - კვირის პალიტრა

გამგებლის პოეზია ანუ ლექსები ლენინსა და ლადო ჭიპაშვილზე

2015 წელს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ლანჩხუთის გამგებლის პოეზია მოექცა და პოპულარობაც მოუტანა - "წლის პოეტი ჩინოვნიკის" ტიტული დაუმადლებლად დაიმსახურა.

რას ეუბნებიან სიტყვამოსწრებული გურულები ლანჩხუთის გამგებელს და რამდენ წამში შეუძლია მას ექსპრომტად ლექსის წარმოთქმა? ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" ზაზა ურუშაძეს ესაუბრა.

ლექსების წერა გამგებლობის დროს არ დამიწყია... ჩემი წიგნი - "გურიაში გურულად", 2010 წელს გამოიცა.

- რომელიმე ამბავს ხომ არ გამოყოფთ?

- 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში გაჭირვება იყო, ჰუმანიტარული საქონლის დარიგება დაიწყეს, რამაც კორუფციის გამო ადრესატებამდე ვერ მიაღწია. ჰოდა,

ერთმა გურულმა მეორეს ჰკითხა: "შალიკო, ხომ არ იცი, რა არის ეს ჰუმანიტარული, ყველას პირზე რომ აკერია?" "ვერ ვიცი, ძამა, მარა, აგერ მეზობელმა ამიხსნა... ზურგზე რომ საჭმელი გელაგოს და მშიერი იყო, მიწდობი?! მაგფერია მაგიც!" ლექსების წერა ბავშვობაში დავიწყე... რომ გითხრათ, დღესაც თავგადაკლული ვწერ-მეთქი, მართალი არ ვიქნები.

- პოეზია ან კარგი იუმორი ხალხთან ურთიერთობაში თუ გადგებათ?

- იუმორი ნამდვილად მადგება, პოეზიისა კი რა მოგახსენოთ...

- დანაშაულია, გამგებელი რომ ლექსებს წერდეს?

- დანაშაული არ არის, აი, ჟურნალისტები ამას ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებთ.

- მთავარია, გურულებს რა რეაქცია აქვთ ამაზე?

- ერთ შემთხვევას გავიხსენებ. რაღაც საქმის გამო დავიგვიანე სამსახურში. ერთი ქალბატონი თურმე დილიდან მელოდებოდა. რომ დამინახა, მომახალა: - ნენა, შენ თურმე ღამე ლექსებს წერ და დილით ადრე რაფერ ადგებოდიო. ისე, თუ ვინმეს იუმორისტული ლექსი დასჭირდება, დაფიქრება არ მინდა, ექსპრომტად 2-3 სტროფს უცებ შევთხზავ!

- პირველი ლექსი რაზე დაწერეთ?

- საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა, მაშინ დავწერე... ლენინს ეძღვნება. ჩემმა მოწინააღმდეგეებმა ისე დახატეს სურათი, თითქოს ახლა დავწერე. ლექსი ასეთია:

"კომუნისტების ბელადო, ლენინო, ქარიყლაპია, ჩვენთან კი შენი ძეგლები არც ერთი აღარ არიან. რაც გორბაჩოვი მოვიდა და მისი დემოკრატია, ლენინის სახელს ვერ ამბობს - კომუნისტური პარტია. მტერ იყავ საქართველოსი, ბელადო, შენი დედისა! ოცდაერთს რა დაგვავიწყებს, დამპყრობო ჩვენი ერისა. მოსკოვში, მავზოლეუმში, აგდიხარ, როგორც მძორია, პროლეტარების ბელადო, წავიდა შენი დრონია. კომკავშირს ბოლო მოეღო, მას მოსდევს შენი პარტია, ერთ წელში გათავისუფლდა ესტონეთ-ლიტვა-ლატვია. ჩვენი დროც მალე დადგება, თავისუფლება ნანატრი, შენ გქონდეს შენი პარტიაც, კომუნიზმიც და ალამიც".

- ნუთუ პირველი ლექსი სიყვარულზე არ დაგიწერიათ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა!

- მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისადმი მიძღვნილი ლექსი პოპულარული გახდა...

- 1988 წელს დავწერე, მოსკოვში გადამხდა თავს ლექსში მოთხრობილი ამბავი.

- გოგოები მართლა გაგექცნენ?

- გოგო ხან გაგექცვა, ხან - ვერა... დანარჩენი იუმორია! ეს ლექსიც იმიტომ დავწერე, რომ ვიღაცამ წაიკითხოს, ესიამოვნოს და გაახსენდეს ძველი ამბები.

- იმ ორი ქალიდან (ლექსში წერს) მაინც ვერ გავიგე, შავგვრემანი უფრო მოგეწონათ, თუ ძაან შავი?

- ორივე მომეწონა\. ლამაზი ქალი თუ მამაკაცს არ მოეწონება, მისი საქმე წასულია...

- პოლიტიკაზე თუ დაგიწერიათ.

- რამდენიც გინდათ!

- ერთ-ერთი გვითხარით...

- "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ლადო ჭიპაშვილი იყო ჯანდაცვის მინისტრი. თუ არ ვცდები, 2 იანვარს, ბედობა-დღეს თქვა: ჩვენი მოსახლეობიდან ღორის გრიპით ყოველი მეორე დაიხოცებაო. მე დავწერე: "ჭიპაშვილი მინისტრია ჯანმრთელობის დაცვისო, ქათმის გრიპის განკურნებას არავის არ აცლისო. ტელევიზიით და პრესით ის მოუწოდებს ხალხს: - დაე, მოსპეთ ქათამი, დროზე უშველეთ თავს! ამ დროს თურმე ეს წყეული წილში ჩაუჯდა სხვას, ქათმის ხორცის შემომტანთან ზის, ჭამსა და სვამს!"

- სააკაშვილზე თუ დაგიწერიათ?

- ჯვარი აქოურობას და აღარც კი მახსოვს...

"მე მარტო და ორი ქალი"

"გვიან ღამით სასტუმროში გავიცანი ორი ქალი,

ერთი შავგვრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.

შავი, მაგრამ მკერდი ვარგი, მაღალი და ფეხიც სარგი.

შავგვრემანიც კარგი იყო - თვალციმციმა და ტანადი.

შებმა ცოტა გამიჭირა, ბოლოს მოხდა საქმე კარგი,

ჩემს მაგიდას შემოუსხდნენ შავიცა და შავგვრემანიც.

გამისწორდა, რომ შევხედე, როგორ შევძელ ეს ამბავი,

მაგიდასთან სამნი ვზივართ: მე მარტო და ორი ქალი.

ვფიქრობ, ეხლა როგორ ვუთხრა, ორივენი ჩემი არი?

მიჯობს, მომენტს დაველოდო, ბოლოს ვუთხრა ნაფიქრალი.

სადღეგრძელოს ყველა ვამბობთ: შავიც, მეც და შავგვრემანიც.

რესტორანში ქეიფს რა სჯობს, თუ გვერდით გყავს ორი ქალი.

სახელები არ მიკითხავს, სად წამივლენ, აქ არ არის?

ქეიფს ბოლო აღარ უჩანს, სმას და ჭამას - არეალი.

ოჰ, რა კარგად მოვილხინეთ, ვფიქრობ, რომ ვთქვა ნაფიქრალი

და ნომრისკენ წავიყვანო შავიცა და შავგვრემანიც.

მოვიხედე და რას ვხედავ, მაგიდასთან არვინ არის.

მიმტანი კი გვერდზე მიდგას ჩეკით ხელში, ვაი ბრალი.

ვფიქრობ: ნეტა სად წავიდა გაცნობილი ორი ქალი?

ერთი შავგვრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.

ვეძებ, მაგრამ სად არიან ნაქეიფარ-გამაძღარი.

სახელებიც არ მიკითხავს, ახლა რა ვქნა, უი, ვაი.

მიმტანს ჩეკი გამოვართვი და მივეცი ჩემი ვალი.

დარბაზს თვალი გადავავლე: იქნებ ჩანდეს ორი ქალი,

ერთი შავგვრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.

მაგრამ არსად აღარ ჩანდნენ, დარბაზს ერტყა შავი კვამლი,

ჯობდა, დროზე მეთქვა მათთვის გულში ჩემი ნაფიქრალი.

რესტორნიდან წამოვედი, წამოვიღე ორი ვარდი,

მომატყუეს, მაგრამ რა ვქნა, მაგათ პატრონს... აი, დარდი".

"ოლეგა მრისხანიდან" "ტაისონამდე"

პოპულარობა ხშირად კარიერულ აღმასვლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგალითად, თავის დროზე ენაკვიმატობით სახელგანთქმულმა მარეხ ყამბეგაშვილმა კასპის გამგებელ ოლეგ იაძის შესახებ იმდენი იხუმრა, ვიდრე თავად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებული არ გახდა... სოციალურ ქსელებში დღემდე ტრიალებს"მარეხ ყამბეგაშვილის უკვდავყოფილი ფრაზები:

ბესიკ ბაუჩაძის ავტომობილიც "გაიჩითა" ნომრით XU-041 –LO

"აქამდე მეგონა, რომ სამბოში ვვარჯიშობდი, თურმე, "ბრძოლა წესების გარეშეში" მოვხვდი"; "კასპი კი არა, ტატამია, ტატამი!"; "ამერიკაში იცის "კატრინა", კასპში გვყავს ქარიშხალი "ოლეგა"; "თვითმფრინავის ბოლივით გაქრა "ოლეგა"; "ოლეგა-მრისხანე" გამაგრდა თავის ქაჯეთის ციხეში"; "რა ვქნათ ახლა, ჩამოვლენ ექიმები, დავახვევთ და თუ რამე ეშველა... თუ არადა, ერთ კვირაში დავმარხავთ!"...

საქართველოში პოპულარობა ზოგჯერ მეტად უცნაურ შემთხვევებსაც უკავშირდება. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ ქარელის ყოფილმა გამგებელმა, ემიკო ფეიქრიშვილმა მოქმედი გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილს, არც მეტი, არც ნაკლები, ყური მოაჭამა(?!). ამის გამო ემიკო ფეიქრიშვილს "ტაისონა" შეარქვეს. სხვათა შორის, ემიკო გამგებლის პოსტის დატოვების შემდეგ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის თანაშემწედ მუშაობდა. "ტაისონას" არ ახსოვს, როდის და რა მომენტში დაკარგა მისმა მოწინააღმდეგემ ყური, ამბობს, რომ თავს იცავდა.

ადგილობრივები მწუხარებით იუწყებიან: "ჯერ ყურიან ჩინოვნიკებს ვერ ვაგებინებდით ვერაფერს და უყუროებს რა მოვუხერხოთო?!"

სხვა გამგებლები (ვინც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევა) თავიანთ ცნობადობას ძვირად ღირებული მანქანების სანომრე ნიშნებით ამაღლებენ. ზოგმა იმდენი ქნა, ხალხს აჭარის უმაღლესი საბჭოს VIP თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ჯიპიც გადაავიწყა. ამგვარი კრეატიულობით გამორჩეული თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე აღმოჩნდა. მან ყურადღება 30.000-ლარიანი Mitsubishi Pajero-ს მარკის ავტომობილითა და სანომრე კომბინაციით - TE 041 RJ მიიპყრო. მალე ჯაფარიძეს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ და ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ავტომობილიც "გაიჩითა" ნომრით XU-041 –LO. ადგილობრივები ამ ნომერს ცოტა უწმაწურად კი წარმოთქვამენ, მაგრამ აღარ დავაზუსტებთ.

წლის ტრაგიკომედია - შეცდომით სხვა ხიდი დაანგრიეს

2015 წლის მიწურულს კიდევ ერთი კურიოზის მომსწრე გავხდით - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მისამართი შეეშალა და შარაბიძეების ნაცვლად მახვილაურში დაანგრია ხიდი. "გლობალ მშენს" შეცდომა 12 ათასი ლარი დაუჯდა, რადგან ორივე ხიდი თავიდან ააშენა, ერთ-ერთი კი - მოაჯირებისა და მისასვლელის გარეშე.

"კვირის პალიტრა" ხელვაჩაურის გამგებელს, ნადიმ ვარშანიძეს დაუკავშირდა: - ეს იყო კომპანიის შეცდომა, რა იცის გამგებელმა, კომპანია კომპეტენტურია თუ - არა. შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერში მათ ყველა პირობა დააკმაყოფილეს...