"ყველას შეგერგოთ სიცოცხლე, როგორც მატნის ბადაგი" - რეპორტაჟი კახური მეტსახელების "დედაქალაქიდან" - კვირის პალიტრა

"ყველას შეგერგოთ სიცოცხლე, როგორც მატნის ბადაგი" - რეპორტაჟი კახური მეტსახელების "დედაქალაქიდან"

აქა ამბავი ჭყეტელასი, ბაჭიასი, ბუჭყიტასი, სიკვდილასი, ყურშასი და სხვათა...

გზაში არაყნასვამი მაგელანი შეგვხვდა, - თივით დატვირთული ურმითა და ცხენით, ცხენზე ხელგადახვეული დამემშვიდობა, - სადაც მიდიხარ, მშვიდობით იარეო

ეე, ზოგსა გინდ წინ უთავაზე, გინდ უკნიდანა, მაინც ვერ შაასმენ ვერაფერსა, ჩვენი ვირი ზაქროსავითა! - სიტყვას გვართმევს ტაქსის მძღოლი და მანქანას მატნისკენ მიაქროლებს. ოთხნი ვუზივართ - სამი მატნელი და ერთიც მე - კინკილა იმერელი. გარშემო თოვლი დევს, "ფეხქვეშ" გომბორის გადასახედია და მოდი, ახლა და იარე ამ ზღაპარში მუნჯივით. ტაქსის მძღოლიც ყველას გვჯობნის ლაპარაკში - შევარდნაძის ინსპექტორებიდან იწყებს, - იმდენი მიჩხიკინეს, ჩემს ცოლს სამზითვო საბნების კერვა მიატოვებინესო (ანუ თბილისში დაგვქონდა გასაყიდად და ყოველ ნაბიჯზე ფულს გვახდევინებდნენო), პატრულით აგრძელებს და თავისი სოფლით ამთავრებს.

აი, იქ იწყება რაც იწყება:

- შე ტერტერა, შენა, რას გადაეკიდე ამ ვირ ზაქროსა, ჰა?! ეგა, თავის სახლ-კარს დასტრიალებს, შენა კიდევ, თბილისსა და მატანს შორის დაგორავ და ჭიქა ვერ აგვიწევია შენს სახლშია!

და ტაქსის მძღოლი თვალებს მხიარულად წკურავს, ალბათ რაიმე მაზალოს მოსაფიქრებლად, მაგრამ მე ვუშლი, - ტერტერას რად გეძახიან, სომხის მღვდელს რით დაგამსგავსეს-მეთქი.

- ენდე, მაგათ ჰკითხე, - თავს უკან ჩამომსხდარი თანასოფლელებისკენ აბრუნებს და სხარტად მპასუხობს, -"კლიჩკაა", რა! ჩვენს სოფელში კაცი არ არის, კლიჩკა რო არა ჰქონდეს. შენ სხვისი "კლიჩკები" უნდა მაისმინო!

ყურშა და სიკვდილა

კარგი, მოვისმენ-მეთქი, - ვპირდები და უკვე სოფელში ჩასული "კლიჩკების ამბავში" ისე ვიძირები, მატნელები გაკვირვებულები შემომცქერიან; გაკვირვებულები და ღიმილით, - აქა ყველას გამოცვლილი სახელი გვაქვს და შენ თუ ეგ ეძიე, სოფლის თავიდან ბოლომდე კანფეტივით ჩამოიწუწნებიო.

მაინც რამდენი ხართ-მეთქი?! ენდე, 7000 მაინცა ვცხოვრობთო და მეც ხელებს ვწევ - თქვენ ყოფილხართ, რაც ყოფილხართ, ამ დაცლილ საქართველოში ასე რომ გამრავლდით-მეთქი! ამ დროს 80-ოდე წლის "კბილა ბიჭებში" ჩამჯდარი ჭლოკიაანთ თამარა დაბრეცილი თხილის ჯოხის კაკუნით მისკენ მახედებს და:

- შენა, შვილო, ჩემი სოფელი ქისტაური გინახამს? მეხი კი დავაყარე ჩემს მაჭანკალს, აქ რომ გადმომაგდო, თორემა სანამ ქისტაურთან მატანი არ მივიდოდეს, მანამდე არც შენ გეტკინოს არაფერი, არც მე. ამ ხნისა ისე მოვიყარე, წამალი არ დამილევია! - და უეცრად:

- შენა, შვილო, "კლიჩკები" გაინტერესებს? ენდე, იმ ჩასახვევში (და ჯოხით მაჩვენებს) ერთი ელექტრიკი ცხოვრობს, ტვისტი ჰქვია!

- ალბათ 70-იან წლებში შეარქვეს, როცა ხალხი ტვისტს ცეკვავდა, თორემ ეგ ცეკვა დღეს ვიღას ახსოვს.

- ვის ახსოვს და ტვისტსა, მაგრამა ახლა სტოლბაზე იქნება გასული და როგორ გაჩვენებ. მაგ ამბებსა ჩვენი პარიკმახერი ვალიკოც გიამბობს, - ყველას ეგა კრიჭავს და სუყველაი ამბავიც მაგან იცის.

მეც ვალიკოსთან მივდივარ. მგონი, ეს ერთადერთი კაცია მატანში, რომელსაც მეტსახელი არ აქვს, სამაგიეროდ, ჰყავს თვალისჩინივით "სამგზავრო" საბჭოური ტრაქტორი, რომელსაც ხეხავს, აკრიალებს და რეცხავს. მეც "სამრეცხაოში" წავედი, სადაც ვალიკო თავისი ტრაქტორით დამხვდა, - როგორც საკუთარ თავს, ისე დავკანკალებ, კლიენტებთან ზამთარ-ზაფხულ ამაში გამოჭიმული დავდივარო. ძალიან რომ არ გაკვირვებოდა, რაზეც მივედი, "საბუთი დავუდე": - თქვენი სოფლელების მეტსახელები მაინტერესებს-მეთქი. თავი გამიქნია, - მე კრეჭის ოსტატი ვაარ, მაგ საქმეში ბაჭია უფრო გამაგადგებაო და ხელი სოფლის ბოლოსაკენ გაიშვირა. კი ვუთხარი, - რა იყო, რწყილი კი არ ვარ, ჯაგრის მოსატანად კაცობრიობა რომ შემოიარა, თავად მომიყევით-მეთქი. არა მცალია, ტრაქტორი უნდა გავრეცხოო! არაო და - მეც ბაჭიასთან წავედი. ბაჭიამ - ახლავეო და სოფლის ორ ბირჟაზე გამაქანა...

- ეს მეტსახელი ვინ დაგარქვათ?

- ხალხსა ყოყე, ლობიო და ბაბაყური ჰქვია; ჩემს ალალ მეგობარს კიდევ ლონდრე და მე ბაჭიაც აღარ მერქვას?! ბალღობიდან მქვია ეგრე, სწრაფი და მოხერხებული რო ვიყავი, იმიტომაც შემარქვეს, მააშ! ახლა პატარა ბიჭები ვერ მიბედავენ დაძახებას, თორემა სოფელში თემურა რომ დამიძახოს ვინმემ, აღარც კი შევტრიალდები! ჩვენი ლონდრე კი რატომ 140 კილო არ არის; თანაც, ბევრ ღვინოსაც სვამს. ერთხელ ზუგდიდში იყო თამადად, - დილამდე იმდენი ასვა მეგრელებს, რომ სუფრიდან ვეღარ წამოდგნენ. ერთი წამოდგა და იმანაც, ხარის ბეჭი გამაატანა საჩუქრად - იქ ეგრე სცოდნიათ, მატნელებსაც ეამათ და ხაშლამა მოხარშეს.

- მგონი, მატანში ხაშლამაანთ უბანიც არის...

- კახეთი უხაშლამოდ ვინა თქვა! - მომიჭრა ბაჭიამ და ამასობაში, ბირჟაზეც მივედით; თუმცა იქამდე შუკაში ორი პაპა დავინახე, - მოდიოდნენ, მოკაკუნობდნენ და მომასლაათობდნენ.

თათარა და შაშვო

- ამ პაპებსაც თავიანთი მეტსახელები ექნებათ, არა?

- ეგენი თათარა და შაშვო არიან, თავის სიცოცხლეში წამალი არ დაულევიათ. თვალი შურით გავაყოლე თათარასა და შაშვოს და ბირჟაზე ჩამოვხტი.

იქ დამხვდნენ ჭყეტელა, ბაღდა, განჯურა, უქმე, ჯამბაზა, ცქვიტო და სხვები. აკლდნენ: იმედა, ბუჭყიტა, თავმძიმე და სხვები.

- ეგენი სადღა არიან, ვინ არიან?

- იმედა ის კაცია, რაც გინდა სთხოვე, მაგის იმედი არაფერში უნდა გქონდეს, ბუჭყიტა კიდევ მთავრობაშია.

- ბუჭყიტა იმიტომ შეარქვით, რომ ბუსავით ჭკვიანური გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ ხედავდა, რაც დასანახი იყო, თუ სხვებივით ხათრით მიიღეს მთავრობაში?

- თავის დროზე ხედავდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერსაც ხედამს! აი, ეგრე გამააქვეყნეთ, წაიკითხამს და ეგებ, მართლა გააჭყიტოს თვალები.

- თავმძიმე სადღაა?

- წავიდა.

- სად წავიდა?

- იმ ქვეყნად! - ისე სასწრაფოდ მიპასუხეს მატნელებმა, თითქოს სასეირნოდ წასულიყოს, მაგრამ აშკარად დასევდიანდნენ, ამიტომ სიტყვა გადავიტანე - სოფლის ყველაზე ცნობილი მეტსახელი რომელია-მეთქი.

- ყეენი, - მიპასუხეს, - ყეენობა ყველგან ხო მიივიწყეს, მარტო მატნელებიღა ვატარებთ და ჩვენი საკუთარი ყეენი გვყამს, - მის ბიჭს ჰქვია გურამა ტუგულაშვილი! ჯერ მაგის მამა იყო ყეენი, ის რომ მოკვდა, ყეენის ვირზე აღარავინ ჯდებოდა; ჯანი გავარდეს, ისევ მე შევჯდებიო, - გურამამა; ახლა ეგ არის ჩვენი ყეენი, გადავაგდებთ ყეენს წყალში მარტის თვეში და ვქეიფობთ.

- წყალში რატომღა აგდებთ?

- მაგას თვითონა გურამა გვეტყვის, - მითხრა ბაჭიამ. ახლა ყეენისაკენ გავწიეთ. ყეენიც თავის ეზოში დაგვხვდა, - ეს რა მიყვეს, შარშანდელ ყეენობაზე მცველის იმედი მქონდა, მაგრამ მცველად ვინცა მყავდა, სწორედ იმას ამოუთხრია ტრაქტორით მდინარის კალაპოტი. იქ რო მივედით, ხელი მკრა და შიგ ჩამაგდოო.

- მარტში?!

- მაშ! მასეა დაწესებული. როგორც ბახტრიონის აჯანყებაზე, დახოცილი ყეენის ხალხი გაატანეს წყალს, ყეენიც ისე უნდა გაატანო!

- აბა, თქვენ ყოფილხართ, არ ცივდებით?

- რა გაგვაციებს, იმ წყლიდან რომ ამოვალ, მატანში რომელი ოჯახის კარიც უნდა შეაღო, ხინკალი და არაყია გამოტანილი, ერთს გადავკრავ და თონესავით გავხდები! - ცალი თვალით ირიბად შემომხედა ყეენმა და ყეენობაზე დამპატიჟა, - ჩამოდი და თავად ნახეო! აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი, გამოვემშვიდობე და სოფელს უკან ამოვუყევი, - იქაც გზაში არაყნასვამი მაგელანი შეგვხვდა, - თივით დატვირთული ურმითა და ცხენით, ცხენზე ხელგადახვეული დამემშვიდობა, - სადაც მიდიხარ, მშვიდობით იარეო. მაგრამ ვინ გამოგიშვა, - სოფლის მორიგ ბირჟას ჩავუარეთ, კოცონი პირდაპირ გზაზე დაენთოთ და თბებოდნენ. ბაჭიამ მითხრა, - ეხლა ამათთან რომ არ მივიდეთ, მკვდარიც წაწყდება და ცოცხალიცაო, სიკვდილა და ყურშა უნდა გაიცნო და თანაც ყურშას ლექსები უნდა მაისმინო, ეს ყურშა ლექსებს სულ წკაპაწკუპითა წერსო. უარს რა მათქმევინებდა და აბრიალებულ კოცონს მეც სიამოვნებით მივეფიცხე.

სიკვდილამ მითხრა, - ასე ჩემი მწარე ენის გამო შემარქვეს, მაგრამ ხმასაც არ გავიღებ, - ყურშას აუდიტორია სჭირდება და მოუსმინეო.

ყურშამ ბავშვობაში ლეკვისაგან მოჭმულ ყურზე მოისვა ხელი და ლექსების კითხვას შეუდგა. ვისმინე, ვისმინე და მოვისმინე. ერთიც თქვენ წამოგიღეთ, - შეგარგოთ "კლიჩკების" სოფლიდან ჩამოტანილი დალოცვა. "ყველას შეგერგოთ სიცოცხლე,/ როგორც მატანის ბადაგი./ რახან ეგრეა სოფელი,/ ერთ წამს არის და არც არის,/ დაგიტკბეთ წუთისოფელი./ როგორც თაფლი და შაქარი;/ უფალმა ჯვარით აკურთხოს/ თქვენი კერა და შარაო;/ ყველამ იმდენხანს იცოცხლეთ,/ სანამ არ იტყვით, კმარაო!"

ეთერ ერაძე