ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ხვალინდელი დღის განმსაზღვრელად იქცევა - კვირის პალიტრა

ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ხვალინდელი დღის განმსაზღვრელად იქცევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ახალი აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამა - "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)" შექმნა.

ვითარდება თუ არა ქართული მედია და კულტურა? რა პრობლემები და სიძნელეები გვხვდება საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებში? რა გავლენას ახდენს ქართული მედიისა და კულტურის სივრცეში მომხდარი ცვლილებები ქართველ საზოგადოებაზე და პირიქით? ეს ის კითხვებია, რომლებზეც სანდო და კვალიფიციურ პასუხებს მხოლოდ მედიისა და კულტურის სოციოლოგები გაგვცემენ.

საქართველოში დღემდე, სამწუხაროდ, არ არსებობს მედიისა და კულტურის კომპლექსური პროცესების შემსწავლელი კვალიფიციური სპეციალისტები. არ გვყავს მედიასა და კულტურის სფეროში განსწავლული სოციოლოგები. ქართული საგანმანათლებლო სივრცის ამ თვალშისაცემი ნაკლის შესავსებად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ახალი აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამა - "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)" შექმნა.

ვესაუბრებით ამ საბაკალავრო პროგრამის ავტორსა და ხელმძღვანელს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ თენგიზ ირემაძეს.

- რა მიზანს ისახავს ახალი საბაკალავრო პროგრამა?

- XX საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიებისა და მედიის განვითარებამ კინოს, პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტის სახით ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. XXI საუკუნეში ეს ზეგავლენა კიდევ უფრო იზრდება. ამის საფუძველზე წარმოიშვა ახალი სპეციალისტების (მაგალითად, მედიისა და კულტურის სოციოლოგი) განსწავლის აუცილებლობა, რომლებიც სოციოლოგიურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გამოიკვლევენ მედიისა და კულტურის კომპლექსურ სამყაროს (მოვლენებს, პროცესებსა და მათ ურთიერთკავშირს).

ამ მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში შემუშავებელ იქნა ახალი აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამა "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)", რომელიც დამტკიცდა კიდეც ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ და შემდეგ შესაბამისი აკრედიტაცია გაიარა საქართველოს განათლების სამინისტროში. ამ პროგრამის შედგენისას ფართოდ იქნა გათვალისწინებული საზღვარგარეთის წამყვანი კვლევითი და სასწავლო ცენტრების გამოცდილება ამ სფეროში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეაჯერონ მედიისა და კულტურის სფეროში მოპოვებული ცოდნა აღნიშნული საკითხების სოციოლოგიურ ანალიზთან.

- რა ცოდნას მიიღებენ სტუდენტები პროგრამის დასრულების შემდეგ?

- ახალი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სოციოლოგიის, მედიისა და კულტურის თეორიისა და პრაქტიკის ძირითადი საკითხების სწავლება უახლეს გამოკვლევებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით წარიმართება და ითვალისწინებს თანამედროვეობის თვალსაჩინო სოციოლოგების, კულტურისა და მედიის მკვლევართა აქტუალური კონცეფციების შესწავლა-ანალიზს. ამ პროგრამის გავლის შემდეგ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეძლებენ:

(1) სოციოლოგიის ძირითადი კონცეფციებისა და პრობლემების ადეკვატურ გაგებას და მათ გამოყენებას კულტურისა და მედიის კვლევისას;

(2) მასობრივი მედიის ზეგავლენის ანალიზს თანამედროვე საზოგადოებაზე და მის ინსტიტუციურ ფორმირებაზე;

(3) სოციოლოგიური კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების შესწავლასა და სათანადო გამოყენებას საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისას;

(4) კულტურისა და მედიის რთული, კომპლექსური მოვლენებისა და ხდომილებების ობიექტურ სოციოლოგიურ ანალიზს.

- რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები? რა არის ამ საბაკალავრო პროგრამის სიახლე?

- ჩვენი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით შეძლებენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმებისა და დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ მოვამზადებთ ახალი ტიპის სოციოლოგებს, მედიისა და კულტურის სპეციალისტებს; ისინი გახდებიან მედიის მეცნიერებათა ბაკალავრები, იქნებიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები; მათ ასევე შეეძლებათ იმუშაონ მედიისა და კულტურის ექსპერტებად სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში.

მათ მიერ შეძენილი ცოდნის საფუძველზე წარმოებული საზოგადოებრივი ცვლილებების, მედიისა და კულტურის ღრმა ანალიზი ამ სტრუქტურათა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. დღემდე, სამწუხაროდ, ამ სფეროთა კვალიფიციური სოციოლოგიური კვლევა და ანალიზი ქართულ მეცნიერებაში არ მომხდარა; საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ადეკვატური და ობიექტური გაშუქება ხომ ჩვენს ჟურნალისტებში დიდი იშვიათობაა. ეს, უწინარეს ყოვლისა, იმის გამო ხდება, რომ მათი უმრავლესობა დაბალი კვალიფიკაციისაა.

ხომ ხედავთ, რომ ჩვენს ტელეარხებს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გავლენა ეტყობა და ჟურნალისტები, ხშირად, შეკვეთით მუშაობენ. როცა ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების, მედიისა და კულტურის ექსპერტები გვეყოლება, ამ მავნე ტენდენციას ბოლო მოეღება. პროფესია, რომლის შესწავლა-დაუფლებასაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მათი წარმატებული მომავლის პროფესიაა. ჩვენი აკადემიური პროგრამა ეფუძნება თანამედროვე დასავლური მედიის მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის მოთხოვნებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განსწავლულ მედიისა და კულტურის სოციოლოგს შეეძლება საზოგადოებრივი ურთიერთობების განსაზღვრა, მისი მოთხოვნების დაფიქსირება და ამის მიხედვით მუშაობა. შედეგი კი იქნება უკეთესი მასმედია, კულტურა, საზოგადოება... აი, რა არის ამ ახალი საბაკალავრო პროგრამის სიახლე!

- არსებობს თუ არა მსგავსი პროგრამა საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში?

- ამ ტიპის პროგრამა პირველად ხორციელდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ის მნიშვნელოვანია არა მარტო დასაქმების თვალსაზრისით, არამედ ამ მიმართულებით ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის საწარმოებლადაც. აკადემიური პროგრამა "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)" ეფუძნება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას ამ ტიპის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში.

კერძოდ, წინამდებარე პროგრამის ანალოგიური პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, სარეის უნივერსიტეტში (ქ. გილდფორ- დი), რომელთანაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვს; ჩვენ მიერ შედგენილი აკადემიური პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: სოციოლოგიას, მედიის მეცნიერებასა და კულტურის კვლევებს. ის, შესაბამისად, მიზნად ისახავს სტუდენტების განსწავლას ამ სამი მიმართულებით.

- რა დისციპლინებს შეისწავლიან სტუდენტები? რა შედეგი ექნება პროგრამას ზოგადად ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის?

- ჩვენი მთავარი მიზანი სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებაა; მათ აქ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები განსაკუთრებით გამოადგებათ კულტურისა და მედიის პროცესების სოციოლოგიური ანალიზის დროს. ამ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები, ფუნდამენტური სოციოლოგიური საგნების გარდა, შეისწავლიან ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის აქამდე უცნობ ისეთ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებს, როგორიცაა: ტერორის სოციოლოგია, რასებისა და ეთნიკურობის სოციოლოგია, ომის ფილოსოფია, ხელოვნების სოციოლოგია, შრომისა და გენდერის სოციოლოგია, ინტერნეტი და ადამიანის ყოფიერება, მედიის სოციოლოგია, ფილოსოფიური გეოგრაფია, რეკლამის სოციოლოგია, დემოგრაფია, სოციალური პოლიტიკა და კეთილდღეობა და ა.შ. დამეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დისციპლინების წარმატებით შესწავლის შემდეგ, ქართველი საზოგადოება შეიძენს მეტად კვალიფიციურ სოციოლოგებს, განსაკუთრებით კი, მედიისა და კულტურის სოციოლოგებს.

- მოჰყვება თუ არა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურები აღნიშნული პროგრამის განხორციელებას?

- ამ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ შემდგომი საგანმანათლებლო საფეხურ(ებ)ის პროგრამებზე; მათ შეეძლებათ თავიანთი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები შეასრულონ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულებით; თქვენი ნებართვით დაგისახელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან და აქტუალურ დარგს, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ამ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შემდგომ სპეციალიზაციას (სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე) სთავაზობს: მედიის სოციოლოგია, კულტურის სოციოლოგია, შრომისა და გენდერის სოციოლოგია, სახელმწიფო მართვა და პოლიტიკური მეცნიერებები, დემოგრაფია და სხვა.

- რა პერსპექტივები არსებობს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მხრივ? იგეგმება თუ არა გაცვლითი ღონისძიებები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

- ამ საბაკალავრო პროგრამის პედაგოგებად მოვიწვიეთ სოციოლოგიის, მედიისა და კულტურის მეცნიერების რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი უცხოეთიდან. სწორედ ცნობილი უცხოელი და ქართველი მკვლევრები და მეცნიერები იქნებიან ჩვენი პროგრამის წამყვანი საგნების პედაგოგები. ამ მხრივ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს კარგი გამოცდილება აქვს: ჩვენთან წარმატებით ხორციელდება ქართულ-ინგლისური და ქართულ-გერმანული სასწავლო პროგრამები ბიზნესის, მედიისა და მართვის სპეციალობით. კარგა ხანია, რაც ჩვენს უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა აქვს ევროპულ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებთან (გერმანია, ინგლისი, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და ა.შ.).

ამ ახალი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ დასავლური დიპლომის ადეკვატურ დიპლომს. ასე რომ, აქ გაცემული დიპლომები დასავლეთშიც იქნება ღირებული. სტუდენტებს შევთავაზებთ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სპეციალიზაციის გავლასაც. გარდა ამისა, ყოველ ზაფხულს საქართველოსა და უცხოეთის მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრებში მოეწყობა ზაფხულის სკოლა (აკადემია), სადაც ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, რამდენიმე კვირის განმავლობაში, წაიკითხავენ ლექციებს, გამართავენ ტრენინგებსა და სემინარებს აღნიშნული პროგრამის სტუდენტებისათვის.

ამ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის მოწვეული უცხოელი სტუდენტებიც; ჩვენ მიერ დაგეგმილი სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სოციოლოგიის, მედიისა და კულტურის მეცნიერების სფეროში მაღალი სასწავლო და კვლევითი სტანდარტის დამკვიდრებას. ყოველივე ეს კი დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროპის კულტუ-რულ-საგანმანათლებლო სივრცეში.

R