ვერწაღებულნი - სტიქია, ადამიანები, გმირები... - კვირის პალიტრა

ვერწაღებულნი - სტიქია, ადამიანები, გმირები...

ირაკლი მაისურაძე: "ცოლ-ქმარი პატარა სანდროსთან ერთად სხვენში ამძვრალიყო. ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა..."

2015 წლის 13 ივნისის ღამეს კოკისპირულმა წვიმამ მდინარე ვერე აადიდა და ხეობაში ერთბაშად 60 ადგილას მეწყერი ჩამოწვა. წყნეთი-ბეთანიისა და ბეთანია-ახალდაბის გზაზე 32 ჰა ტყიანი მასივი ჩამოშვავდა, რომელიც ჯერ ღვარცოფს შეერია, 3,8 კმ-ის შემდეგ კი მდინარე ვერეს შეუერთდა. იმ ღამით ერთ პატარა უბანზე ერთდროულად განვითარდა მეწყერი, კლდეზვავი, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, მდინარის ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა და დატბორვა, სეტყვაც კი მოვიდა. ხეტყის ნაშალი ჩაიხერგა ხეობაში გამავალ გვირაბებში და კალაპოტიდან გადმოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა. თუმცა, გვირაბების ჩახერგვამდე ქალაქში მოვარდნილმა მდინარემ დაანგრია და დატბორა სვანიძის ქუჩის დასახლება. იყო მსხვერპლი - 23 კაციდან 2 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ზოოპარკის დატბორვის შედეგად გაქცეულმა ვეფხვმა, სტიქიიდან ორი დღის შემდეგ, მხეცის სამალავში შესული მამაკაცი დაგლიჯა, დაინგრა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ქალაქ "მზიურის" დიდი ნაწილი, ზოოპარკის ვოლიერები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმა დაამტვრია და წაიღო კერძო ავტომობილები.

უპრეცედენტო სოლიდარობა...

ტრაგედიის ზონა უპრეცედენტო სამოქალაქო თანადგომისა და სოლიდარობის ეპიცენტრი გახდა. ახალგაზრდები, თინეიჯერები, ბავშვები შიშველი ხელებით შრომობდნენ სტიქიის ზონაში იმ იმედით, რომ დაკარგულთაგან რომელიმეს ჯერ კიდევ ცოცხალს მიაგნებდნენ. ზოგს ხელებდაკაპიწებული ენთუზიასტების დასახმარებლად საკვები, პირბადეები, მედიკამენტები, სამუშაო ხელსაწყოები მიჰქონდა. გაიხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც ფიზიკური პირები დაზარალებულებს თანხას ურიცხავდნენ და კერძო კომპანიებს მაგალითს აძლევდნენ. უბედურების ზონა სიყვარულის, თანადგომისა და ერთობის შუქმა დაჩრდილა. არავის უცდია, დრო მომხდარის გაანალიზებასა და ხელისუფლების კრიტიკაში დაეკარგა, ხალხმა ვერეს ხეობაში გაბატონებული სიკვდილი პირად ტრაგედიად მიიჩნია და სტიქიას სტიქიურად შეუტია. იმ უმძიმეს დღეებში ხელისუფლებაც და საზოგადოებაც საერთო ტკივილმა გააერთიანა. ქართველებს მხარში ედგნენ უცხოელებიც - ტურისტებმაც ნიჩბები მოიმარჯვეს...

იმ დღეებში უამრავ მოხალისესთან ერთად ხალხს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი გიორგი ლომიძე, რომელიც იმის გამო, რომ ცალი თირკმელი არა აქვს, ფიზიკურად ვერ იმუშავებდა. ამიტომაც გიორგიმ თავის მანქანას ტაქსის ფუნქცია მიანიჭა და უფასოდ ემსახურებოდა ყველას, ვინც ტრაგედიის ზონაში თავდაუზოგავად შრომობდა.

გმირები

რომ არა ისინი, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა. მაშველებმა განსაცდელში მყოფთა გადასარჩენად თავიც კი გაწირეს. დაიღუპა ერთ-ერთი მათგანი - ზურაბ მუზაშვილი. მაშველები ერიდებიან საკუთარ სიმამაცეზე ლაპარაკს - ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და უხერხულია გმირობა ეწოდოსო. თუმცა, სხვანაირად ფიქრობენ გადარჩენილები და ისინიც, ვინც მაშველებისგან თავგანწირვის მაგალითი მიიღო... გამოძახებაზე მისული თორნიკე ხუციშვილი, სანდრო არეშიძე და ირაკლი მაისურაძე რას იფიქრებდნენ, თუ იქ ჯოჯოხეთი დახვდებოდათ. მათ სვანიძის 45-ში მყოფი ყველა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ძაღლიც კი გამოიყვანეს სამშვიდობოს.

ირაკლი მაისურაძე: - წყალში რომ გადავეშვი, ტალახი თვალებს მწვავდა, ვერაფერს ვხედავდი. მეორე სართულის სანახევროდ ჩაძირულ ოთახში სინათლე შევნიშნე. მივცურდი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა სანდროსთან ერთად სხვენში ამძვრალიყო. ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა, მერე - სხვები. თოკი გავჭიმეთ. მე, თორნიკე და სანდრო წყალში ვიყავით, ნაპირზეც ორი ჩვენიანი იდგა და გადარჩენილებს იბარებდა. ბოლოს ძაღლი დარჩა. ოჯახის უფროსი მიყვიროდა, შეეშვი, არ წაგიღოს წყალმაო. ცუგა ვეღარაფერს ხედავდა და საცოდავად ებღაუჭებოდა ყველაფერს. წყალში მოტივტივე ფარდა ამოვიღე, ძაღლი გავახვიე და გამოვიყვანე.

სანდრო არეშიძე: - თვალებში შემომხედე, მე ხომ არ გაგწირავ-მეთქი, ვეუბნებოდი ქალს, რომელიც ლამის უკვე ჩაძირული იყო. ისიც მენდო... ის ხალხი გამოვიყვანეთ თუ არა, ვერეს გზაზე გავიქეცით. იქ კაცი შუა წყალში ბოძზე იყო მიბმული და მხსნელს უხმობდა... მიცვალებულების ძებნა მაშველისთვის ყველაზე მძიმე პროცესია. სანამ სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი, აზარტში ხარ, საფრთხეს ვერ გრძნობ.

მაშველთა გმირობის აღწერას ერთი გაზეთიც კი არ ეყოფა. საბედნიეროდ, ისინი ძალიან ბევრნი არიან...

ბეგი

საერთაშორისო საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრდა გმირთა მოედანზე მოხეტიალე ბეჰემოთი "ბეგლარი", რომლის ფოტომაც უცხოური მედია მოიარა და ცოტა ხნის წინ BBC-ის 2015 წლის 8 საუკეთესო ფოტოს შორისაც აღმოჩნდა წარწერით: "დღესდღეობით ბეგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰიპოპოტამია". რამდენიმე დღის წინ ბესო გულაშვილის ეს ცნობილი ფოტო Business Insider-ის 2015 წლის ცხოველების 49 საუკეთესო ფოტოს შორისაც დასახელდა... სტიქიის გამო ბეგი უსახლკაროდ დარჩა, ამიტომ სპილოები შეავიწროეს და მათი "სასახლის" ნახევარი დაუთმეს, საზამთროდ კი "აპარტამენტი" აუშენეს, სადაც მუდმივად თბილი წყლის აუზში ჭყუმპალაობს.

ზოოპარკმა დიდი დანაკლისი განიცადა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, ცხოველების ძიძა გულიკო ჭიტაძე, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ვეფხვების თავდასხმას კინაღამ ემსხვერპლა - ხელი ისე დაუზიანდა, რომ მოჰკვეთეს... წყალდიდობამ დაახრჩო ზოოპარკის ბინადართა ნაწილი, მტაცებლები კი, რომლებიც წყალმა ვოლიერებიდან ამოყარა, სპეცრაზმმა დახოცა...

მერიამ ზოოპარკს ახალი ტერიტორია გადასცა, თბილისის ზღვის მიმდებარე დენდროლოგიური პარკის ნაწილი, 48 ჰა, რომელიც უკვე შემოიღობა 4-მეტრიანი ღობით. იქ შესვლა 7 ჭიშკრიდან იქნება შესაძლებელი, იმის მიხედვით, თუ რომელი განყოფილების დათვალიერებას მოისურვებთ... ახალი ზოოპარკი ეტაპობრივად მოეწყობა. გაზაფხულზე ჩვენს ცხოველებს შეემატებიან 2016 წლის ასტროლოგიური სიმბოლო მაკაკები და პავიანები, ასევე უსურიის ვეფხვები.

წყნეთი-ბეთანიის გზა

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს გზას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღადგენს. ამერიკის სატყეო სააგენტომ, იუსაიდის დახმარებით, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენის შესაძლებლობა გამოიკვლია. თუმცა, უსაფრთხოების სრული გარანტიისთვის ამერიკის სატყეო სააგენტო ითხოვს მეორე ფაზის კვლევების ჩატარებას, რომელიც 2016 წლის იანვარში იგეგმება.

"მზიურის" კონცეფცია...

თბილისის მერიამ უკვე წარმოადგინა ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების კონცეფცია - ვერეს ხეობასა და მის მიმდებარედ საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. იზრდება "მზიურის" საზღვრები - სრულად მოიცავს თბილისში მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიას, ხეობის ზედა ნაწილსაც, სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტისთვის. ჩარჩო-გეგმა"ცენტრალური ველობილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყება და თსუ-ის მაღლივ კორპუსთან დასრულდება...

300 000 კვმ ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკი და "მზიური" კი ერთმანეთს ორი"მწვანე ხიდით დაუკავშირდება. ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის და იმავდროულად, რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს

ვერეს ხეობაში 13 ივნისის მოვლენისადმი მიძღვნილი სიმბოლო განთავსდება, რომელიც ხეობის ყველა წერტილიდან იქნება შესამჩნევი...

მიხეილ ბალიაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი, "არქიტექტურული ბიუროს" დირექტორი: - უკვე მუშავდება ორი დამცავი კონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეაკავებს მდინარის მიერ წამოღებულ ნატანს და წყალი თავისუფლად გაივლის გვირაბებში.

- თუ იგეგმება ავტოსატრანსპორტო გზის შეცვლა - თითქოს ხიდებზე უნდა აწეულიყო ზოოპარკის გასწვრივ...

- ჩემი აზრით, ეს გზა საავტომობილო დანიშნულებით არ უნდა არსებობდეს. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პარალელურად, ვერეს ხეობის ავტოსატრანსპორტო გზა უნდა განიტვირთოს და საბოლოოდ მხოლოდ შიდა გადაადგილებისა და ველობილიკების ფუნქცია ჰქონდეს.

- იგეგმება თუ არა ვერეს ხეობის დასახლებული ნაწილისგან გამოთავისუფლება?

- დაგეგმილია დატბორვის ზონაში მოყოლილი ყველა ტერიტორიის გამოთავისუფლება. კვლავ რეკრეაციულ ზონას უნდა დაუბრუნდეს ის, რაც ასეთ ზონად ითვლებოდა და დღეს კერძო საკუთრებაშია. კერძო მესაკუთრეების დასაკმაყოფილებლად, მერიას შევთავაზეთ სხვა ტერიტორიის გამონახვა.

"აშმალახა!.."

პირველად ის სტიქიის მომდევნო დღეებში ვნახე. გმირთა მოედანზე იდგა მუხლებამდე ლაფში და მემორიალის საძირკველს ასუფთავებდა. ეს იყო აფრიკელი მოხალისე იქენჩო ვაგუა. რამდენიმე საათში ის მთელმა საქართველომ გაიცნო. გავრცელდა კადრები, სადაც იქენჩო პატრულს ვეფხვთან მიშვებას სთხოვდა, დავაძინებო.

იქენჩო ვაგუა რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე - მაკა გაბრიელაშვილი და 2 შვილი.

- როგორ აპირებდი ვეფხვის დაძინებას?

- რა პრობლემაა, რომ მივეშვი, მართლაც დავაძინებდი. ჩვენ ვეფხვებს, ლომებსა და მაიმუნებს ისე ვექცევით, როგორც თქვენ ძაღლებს, კატებსა და ქათმებს. ვეფხვი საშიშია, ოღონდ თქვენთვის, ჩვენთვის - არა. პაპაჩემიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული. სტიქიის პერიოდში ბევრთან დავმეგობრდი: ბიჭები მირეკავენ: იქენჩო, როგორ ხარო?

- ერთი მამაკაცი წერდა სოციალურ ქსელში: სიძე მყავს აფრიკელი და მან მასწავლა, რომ ასეთ დროს "აშმალახა" უნდა დაუძახო ვეფხვს და გაგერიდებაო.

- ლაპარაკში და ჭკუის სწავლებაში ყველა მარდია. მე ვიცი ჩემი საქმე...

ეკა ლომიძე

ეკა სალაღაია