წლის ყველაზე, ყველაზე... - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე, ყველაზე...

წლის უმდიდრესი ადამიანები

"ფორბსმა" 2015 წელს მილიარდერთა ტრადიციულ ნუსხაში 1826 ადამიანი შეიყვანა. მათი საერთო ქონება 7,05 ტრილიონი აშშ დოლარია - 600 მილიარდით მეტი, ვიდრე წინა წელს. ჩამონათვალში 290 "ახალბედაა" (მათ შორის 71 - ჩინეთიდან). საგულისხმოა, რომ "ფორბსის" რეიტინგში 46 მილიარდერი 40 წლამდე ასაკისაა.

სიის სათავეში აღიარებული "ფალავანი" ბილ გეიტსია 79,2 მილიარდით, რაც შარშანდელზე 3,2 მილიარდით მეტია. 1987 წლის შემდეგ, როცა ჟურნალმა მილიარდერთა რეიტინგის შედგენა დაიწყო, ბილ გეიტსი 16-ჯერ იყო პირველი.

ბრაზილიელი კარლოს სლიმ ელუ 77,1 მილიარდით მეორე ადგილს იკავებს. მან 4-ჯერ აჯობა ბილ გეიტსს (2010-დან 2013 წლის ჩათვლით) და რეიტინგს სათავეში მოექცა. შარშანაც კონკურენტ ამერიკელზე მეტი დაიმატა - 5,1 მილიარდი დოლარი, მაგრამ ჯამში სტაჟიან ფინანსურ ლომს მაინც მეტი ფული აღმოაჩნდა.

უორენ ბაფეტი ბევრს ეცადა და ბოლო წელიწადს თავისი ისედაც სქელი ჯიბე 14,5 მილიარდით კიდევ უფრო "გამობერა", თუმცა კონკურენტებმა მაინც მესამე ადგილზე დატოვეს 72,7 მილიარდი დოლარით.

"ალფა მამრი" - მესამედ

გავლენიანმა "ფორბსმა" უკვე ორჯერ "გავლენიან" (2013 და 2014 წწ.) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სტატუსი წელსაც შეუნარჩუნა და მესამედაც პლანეტის ყველაზე გავლენიან ფიგურად დაასახელა.

მეორე ადგილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერგო, მესამე კი - აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას.

წლის ადამიანი

წლის ადამიანად ჟურნალმა "ტაიმმა" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. მისი ილუსტრაცია ჟურნალმა ტრადიციულად, დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოიტანა.

ყველაზე დიდი ალმასი

ბოტსვანაში ბოლოს ასწლეულის ყველაზე დიდი ალმასი იპოვეს. 1111-კარატიანი ალმასის ზომებია 65X56X45 მმ. მისი მოპოვების ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ქვა (3106-კარატიანი) მხოლოდ ერთხელ, 1905 წელს სამხრეთაფრიკულ მაღაროში იპოვეს. მას "კულინანი" ("აფრიკის ვარსკვლავი") უწოდეს და შემდეგ რამდენიმე ბრილიანტად დაჰყვეს...

"გასივებული" სტუმარი

მსოფლიოში უდიდესი რეზინის იხვი ნიუ-იორკში, ხამანწკების 2015 წლის ფესტივალზე, სპეციალური სტუმარი იყო. 18,6 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია 10 ტონას იწონიდა, პრესამ მას "გოლიათი" უწოდა.

ნიდერლანდელი მხატვარი ფლორენტინ ჰოფმანი ამგვარ კონსტრუქციებს 2007 წლიდან ქმნის. ნიუ-იორკამდე "გოლიათმა" უკვე იმოგზაურა ამსტერდამიდან ოსაკაში, სიდნეიში, სან-პაულუში, პიტსბურგსა და ჰონკონგში.

პლანეტის "აყლაყუდები"

პლანეტის ყველაზე მაღალ ადამიანად ოფიციალურად მიჩნეულია თურქი სულტან კიოსენი. მისი სიმაღლე 251 სმ-ია. გინესის რეკორდების წიგნში 244 სმ-ზე მაღალი სულ 10 ადამიანია შეტანილი. მეორე "აწოწილი" ჩინელი მწყემსი ბაო სიშუნია. ის 236 სმ-ის სიმაღლიდან დასცქერის თავის "ადამიანური" სიმაღლის ცოლს, გამყიდველს ჩიფენიდან. მესამე ადგილზე "აყუდებულა" ტუნისელი რადჰუან ჩარბიბი, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ჩინელს სულ 2 სანტიმეტრით ჩამორჩება.

2014 წლამდე პლანეტის "გოლიათად" უკრაინელი ვეტერინარი ლეონიდ სტადნიკი მიიჩნეოდა. 253 სმ სიმაღლის რეკორდსმენი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2015 წლის ნოემბერში კი 26 წლისა გარდაიცვალა გოლიათთა შორის გოლიათი, ტაილანდელი "გულივერი" სურინ პორნჩაი საოსრი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ "მარათონში". მისი სიმაღლე 269 სმ იყო.

"მის სამყარო 2015" არევალოში აერიათ

ბრილიანტებითა და ტოპაზებით მოოჭვილი, 300.000 დოლარად შეფასებული "მის სამყაროს" გვირგვინი რამდენიმე წამით სხვის თავზე აღმოჩნდა. ამდენი ლამაზმანის შემხედვარე წამყვან სტივ ჰარვის თვალები აუჭრელდა და 26 წლის ფილიპინელი პიე ალონსო ვურცბახის ნაცვლად, გამარჯვებულის გვირგვინი 21 წლის კოლუმბიელ არიადნა გუტიერეს არევალოს დაადგა. გოგონას სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა... წამყვანმა მალევე გამოასწორა სამარცხვინო შეცდომა - ბედნიერებისგან გაბრწყინებულ არევალოს გვირგვინი მოხსნა და გაოცებულ ვურცბახს დაადგა. თუმცა, გაწბილებული კოლუმბიელი მთლად პირში ჩალაგამოვლებულიც არ დარჩენილა - მას დამსახურებული მეორე ადგილი მიაკუთვნეს.