"ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი…" - რას წერდა გალაკტიონ ტაბიძე 1932 წლის 31 დეკემბერს - კვირის პალიტრა

"ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი…" - რას წერდა გალაკტიონ ტაბიძე 1932 წლის 31 დეკემბერს

"ეჭვიც არ მეპარება, რომ გალაკტიონის მიერ ამ მცირე წერილში აღწერილი შემზარავი რეალობა მუქი სათვალით არ არის დანახული. ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა, რადგან ეს საქართველოა".

,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…

რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…

დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.

აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი "ლაი-ლაი" გამართა და ისევ წავიდა.

ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს…"

გალაკტიონის დღიურიდან:

1932 წელი. 31 დეკემბერი (წყარო)

ამ ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცილაურ ქსელში.

კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუკგვერდზე" წერს:

"ეჭვიც არ მეპარება, რომ გალაკტიონის მიერ ამ მცირე წერილში აღწერილი შემზარავი რეალობა მუქი სათვალით არ არის დანახული. ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა, რადგან ეს საქართველოა.

- ქვეყანა, სადაც ადამიანის მიმართ არანაირი ან ცოტა ემპათიაა.

- სადაც ადამიანისადმი რეალური ინტერესი მხოლოდ მასზე გავრცელებული ჭორების მიმოხილვაში გამოიხატება.

- სადაც აპრიორი დაუშვებს ყველა, რომ ამ ზომამდე ცნობილ, აღიარებულ პოეტს და ადამიანს რა უნდა უჭირდეს.

- სადაც მას აწერინებდნენ ლექსებს საკუთარი სურვილის გარეშე და კვირის იმ დღეს, როდესაც მას გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში უნდა ემუშავა, უწოდა "ამათი დღე".

-სადაც აწამებდნენ იმითაც, რომ გადაუსახლეს მეუღლე, ოლია ოკუჯავა. და მეორე მეუღლეც მის კვალს მიაყოლეს, რაც არის პირდაპირ ჯორჯ ორუელის ფანტასმაგორიაში აღწერილი ფსიქოლოგიური წამების მეთოდი. ამით დიდ პოეტს აუკრძალეს გვერდში ჰყოლოდა მასზე მზრუნველი ადამიანი. ფაქტობრივად აუკრძალეს სიყვარული, კაცობრიობის და ადამიანურობის მწამებლებმა, სულის და ხორცის ჯალათებმა.

საშინელება, სიბნელე, გესლი,

დემონიური ცეცხლის პროფილი,

ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე

მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა იყოს გასაკვირი მისი თვითმკვლელობა.

და მთელი ჩვენი საზოგადოებაა ამ ნაბიჯამდე ადამიანის მიყვანის თანამონაწილე". (წყარო)