"მამა ყველაზე დიდხანს ბროლიას ეძებდა" - ფი­ლმი, რომლის გარეშეც ახალი წლის დღესასწაული წარმოუდგენელია - კვირის პალიტრა

"მამა ყველაზე დიდხანს ბროლიას ეძებდა" - ფი­ლმი, რომლის გარეშეც ახალი წლის დღესასწაული წარმოუდგენელია

"ჯუნა მიქატაძე მამას მეგობარი გახლდათ, მოქანდაკე, მამამ ფილმში მეკვლეს როლი რომ შესთავაზა, გადაირია, ამხელა კაცი მაგას არ ვიზამო. მამა ჩააცივდა და ჯუნა დათანხმდა"

"ბროლია გაწვრთნილი ძაღლი იყო. რასაც ეტყოდი, ყველაფერს აკეთებდა. მამამ ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანა"

არსებობს რამდენიმე ქართული ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წლის დღესასწაული უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთ-ერთია გურამ პატარაიას სცენარით შექმნილი ფილმი "კუჩხი ბედინერი", რომელიც 1978 წელს გამოვიდა ეკრანებზე. სოფო პატარაიასთვის ყოველთვის საინტერესო იყო მამის საქმე. ამან ის ნაყოფი გამოიღო, რომ მანაც სცენარისტის პროფესია აირჩია.

- გადაღებებზე მამას ყოველთვის თან ვახლდი. პატარა ვიყავი, ბევრი რამ არც მესმოდა, მაგრამ ისე მაჩვენებდა თავს, თითქოს რაღაც რჩევებს იღებდა ჩემგან. მოგვიანებით მივხვდი, რომ ასე მაჩვევდა მამა დამოუკიდებლობას. ვესწრებოდი ყველა იმ იდეის დაბადებას, რომელიც მომავალში დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმად იქცეოდა ხოლმე. მახსოვს, "რეკორდისთვის" სცენარს რომ წერდნენ ის და ამირან ჭიჭინაძე, დროდადრო ათამაშებდნენ სცენებს და თან იგუდებოდნენ სიცილით.

"ბროლია გაწვრთნილი ძაღლი იყო. რასაც ეტყოდი, ყველაფერს აკეთებდა. მამამ ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანა"

- "კუჩხი ბედინერის" გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. როგორ იქმნებოდა ფილმი?

- მამასთან გადასაღებ მოედანზე ყოველთვის სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. გაბრაზებული არავის უნახავს. "კუჩხი ბედინერიც" ასეთ ვითარებაში გადაიღეს. ისე ხალისობდნენ, ხანდახან ოპერატორი ჩერდებოდა, რადგან მამა რაღაცას იტყოდა და ამას მოჰყვებოდა ხარხარი. სხვათა შორის, ამ ფილმით შედგა ჩემი მეგობრის, ბაია დვალიშვილის დებიუტი კინოში.

მამას წინასწარ ჰყავდა ყველა პერსონაჟი წარმოდგენილი. ასე შეარჩია ჯუნა მიქატაძეც, რომელიც მეკვლეს განასახიერებს. იგი მოქანდაკე გახლდათ, მამას მეგობარი და აზრადაც არ მოსვლია ფილმში გადაღება, - რა სისულელეა, ამხელა კაცი მაგას არ ვიზამო. მამა ჩააცივდა და ჯუნა დაითანხმა.

ციალა გურგენიძეც არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. ერთი სიტყვა არ იცოდა მეგრული და მამას ვიღაცები მოჰყავდა, მისთვის მეგრული რომ ესწავლებინათ. ყოველი გადაღების წინ კი შეახსენებდა ხოლმე, ციალა, არ დამღუპო, ხომ იცი, როგორც მაწაკი მეგრელი ქალი, ისე უნდა მოიქცეო. ერთ რამედ ღირდა იმის ხილვა, როცა მსახიობებს აჩვენებდა, როგორ უნდა ეთამაშათ ესა თუ ის ეპიზოდი.

- პარიკის მოხსნაც მისი იდეა იყო, თუ ქალბატონი ციალას ინტერპრეტაცია?

- ეს იყო მამას მოგონილი ტრიუკი, რომელიც სცენარში თავიდანვე იყო. მგონი, გაამართლა. სხვათა შორის, ამ ფილმისთვის ყველაზე დიდხანს ძაღლს ეძებდა. საბოლოოდ ბროლია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანა. გაწვრთნილი ძაღლი იყო. რასაც ეტყოდი, ყველაფერს აკეთებდა.

- ფილმში არაჩვეულებრივი სიმღერა ჟღერს, რომელიც დღემდე პოპულარულია.

- ეს იაკობ ბობოხიძის სიმღერაა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე, რომელიც მე და ირაკლი უჩანეიშვილს უნდა გვემღერა. თუმცა საშინლად გავცივდი, ამიტომ ლენა რეხვიაშვილმა იმღერა. ის ამჟამად კიევში ჟურნალისტად მუშაობს... მამა თავს მაინც დოკუმენტალისტად მიიჩნევდა. 7 ფილმი აქვს გადაღებული, განსაკუთრებით უყვარდა "შორია გურჯისტანამდე"."რაც შეეხება მხატვრულ ფილმებს, ყოველთვის კომედიურ ჟანრს არჩევდა. ფილმის - "თოჯინები იცინიან" სცენარის ავტორი იყო, მერე "რეკორდი" გადაიღო, "კუჩხი ბედინერი", "პომპიერო" და სხვ.

- თვითონ თუ სჯეროდა ბატონ გურამს მეკვლეობის?

- ყოველ ახალ წელს "გამდგამდნენ" გარეთ" და როგორც კი თორმეტს გადასცილდებოდა, შემოვდიოდი მეკვლედ. ახალი წლისთვის ყოველთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდით. ნაძვის ხესაც ერთად ვრთავდით. ეს ჩვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი დღესასწაული იყო და ასეა დღესაც.

მამა 54 წლისა გარდაიცვალა. ამდენი წელია ვეჩვევი უმისოდ ცხოვრებას.

"ცრურწმენებისგან ძალიან შორს ვარ"

პირველი როლი ბაია დვალიშვილმა 15 წლის ასაკში განასახიერა, მაშინ, როდესაც იგი "კუჩხი ბედინერში" გადაიღო რეჟისორმა გურამ პატარაიამ.

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც "კუჩხი ბედინერში" გადამიღეს. გადაღებებზე ძალიან ხალისიანი გარემო იყო.

ბატონ გურამს ადრეც ვიცნობდი. მე და მის ქალიშვილს, სოფის, გვინდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ერთად გაგვეგრძელებინა სწავლა. გადასაღებ მოედანზე განსაკუთრებული ენამოსწრებულობით გამოირჩეოდნენ ბატონი გურამი, ჯუნა და ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი. მთელი პროცესი სიცილ-ხარხარით მიმდინარეობდა. არც კი ვიცი, ბატონმა გურამმა მართლა იცოდა მეგრული თუ ჰბაძავდა, ის ხომ ყოველთვის სხაპასხუპით ლაპარაკობდა.

- თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს ფილმში აღწერილ ტრადიციას?

- მე ცრურწმენებისგან ძალიან შორს ვარ. მიმაჩნია, რომ მეკვლის ტრადიციაც მოგონილი და შეთხზულია. ახალი წელიც არ მხიბლავს დიდად. არასდროს მაინტერესებს, რისი წელი მოდის და რის წელს ვაცილებთ.

ეკა სალაღაია