"მე დავინახე ბედნიერი პატრიარქი..." - კვირის პალიტრა

"მე დავინახე ბედნიერი პატრიარქი..."

"კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და მზეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.

2015 წლის 25 დეკემბერს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 38 წელი შეუსრულდა, 2016 წლის 4 იანვარს კი - დაბადებიდან 83 წელი. "კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და მზეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.

უწმინდესი არასოდეს არის კატეგორიული, არავის ეტყვის, რატომ არ დადის ტაძარში, რატომ არ მარხულობს, არ ლოცულობს... ის დიდსულოვნად შემწყნარებელია ყველას მიმართ და არავის ეტყვის, ეს ასე კი არა, ისე ჯობიაო. როგორი ადამიანიც უნდა მოხვდეს მასთან, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მოსაუბრის აზრი, პატრიარქს შეუძლია, ბოლომდე მოუსმინოს და თანაუგრძნოს

"მთავარია სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, ამას გვასწავლის სახარება. საღმრთო წერილი ღვთისა და ადამიანის სიყვარულზეა აგებული. არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარს ადამიანი... თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა და ვიყოთ ბედნიერი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ ამ შემთხვევაში მოვიპოვებთ ღვთის მადლს, სულიერად ავმაღლდებით და გავძლიერდებით", - გვასწავლის ერის სულიერი მამა და წინამძღვარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. "ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისკენ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ღმერთს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ცოცხალი რწმენა", - ბრძანებს 83 წლის პატრიარქი.

ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოცემულ წიგნში "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში" გერმანელი ბერ-დიაკონი მამა ლაზარე ბუხჰაგენელი წერს: "სადაც უწმინდესი ილიას მანქანა იდგა, ასობით ადამიანი მოთმინებით ელოდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევას. აი, უბრალო ბერული სამოსით შემოსილი ქვეყნის სულიერი მამაც გამოჩნდა. მიუხედავად ხანგრძლივი, დამღლელი მსახურებისა, პატრიარქი ყველას ლოცავდა. ზოგს თავზე ადებდა ხელს, ზოგს, უბრალოდ, ეხებოდა, ხოლო ისინი, ვისაც პატრიარქი ვერ სწვდებოდა, წინა რიგებში მდგომებს ეხებოდნენ წყალობის მისაღებად. ასე ეფინება ამ ადამიანში დავანებული მადლი ყველას და ქვეყნის დასალიერამდე აღწევს. ალბათ, იგივე განცდა იყო, როდესაც პეტრე, იოანე და სხვა მოციქულები იუდეის ქალაქში დადიოდნენ. ბევრი ადამიანი ხედავდა მათში ქრისტეს და წყალობას ითხოვდა. მათგან ზოგიერთები კი მაინც მოსაკლავად დაეძებდნენ მათ...

მამა იოანემ უწმინდესს მუხლი მოუდრიკა და გააცნო ჩვენი თავი... პატივი გვხვდა, მიგვეღო დალოცვა და მოწვევაც - კვირა დღეს, საპატრიარქო წირვა მასთან ერთად აღგვევლინა... სუფრასთან მიგვიწვიეს. ჩვენ გერმანულ ენაზე "ქრისტე აღდგა" ვიგალობეთ. გამომშვიდობებისას პატრიარქმა თავისი შექმნილი მუსიკის აუდიოდისკი გვისახსოვრა.

ახლახან უწმინდესი მის მიერ 2008 წელს დაარსებულ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს ეწვია...

მონასტერში დაბრუნებისას გზაში დაღლილობა ვიგრძენი... მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ იმავე დღეს, ტრაპეზის შემდეგ, უწმინდესს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 500 ბავშვი მოუნათლავს. მშობლების სურვილით, იგი ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლია ხდება. პატრიარქის ამ თაოსნობის შემდეგ, საქართველოში 20%-ით იმატა შობადობამ... ქართულმა ეკლესიამ დაგვანახა, თუ როგორ მიჰყავს სიხარულით გაღებულ მსხვერპლს ქრისტიანობა ჭეშმარიტ სრულყოფილებამდე".

"მან შვილის სიკვდილი გადამატანინა"

ტარიელ ხარხელაური, ფილოლოგი, პოეტი: - უწმინდესი ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება ჩემს სტუდენტობას დაემთხვა. მაშინ დაიწყო ქართული სულისა და სისხლის გამოფხიზლება, ამოძრავდა ეროვნული ხასიათი, რაც ყველაფერში იგრძნობოდა და ამ ძალას უნდა დაექუხა...

მივხვდით, ღვთის ძალით მოვიდა კაცი, რომელსაც ქართული სული უნდა გადაერჩინა, რადგან გამოღვიძებულ ეროვნულ სულს სწორად წარმართვა სჭირდებოდა. მოვიდა უძლიერესი პიროვნება ქართველების იმ გზაზე დასაყენებლად, რასაც სულიერების სამყარო ჰქვია. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ისე გაჭედილი იყო, სუნთქვაც კი ჭირდა.

ჩვენი თაობის უნივერსიტეტელებმა დაუეჭვებლად ვირწმუნეთ, რომ თავისუფლების სიომ დაჰბერა და ყველანი ლაღად ვგრძნობდით თავს. მართლაც რჩეული საზოგადოება შეიკრიბა იმ დღეს სვეტიცხოველში ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ დიდებულ პიროვნებასთან, - განსაკუთრებით მას შემდეგ დავუახლოვდი, რაც ჩემი ვაჟიშვილი, ბექა ხარხელაური მომიკლეს. უწმინდესმა გადამატანინა ეს უდიდესი ტრაგედია რჩევა-თანაგრძნობით...

"გაგრძნობინებს, რომ მასპინძელია და უხარია შენი სტუმრობა"

სერგო ვარდოსანიძე, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი: - უწმინდესმა შექმნა ახალი ეტაპი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და დღეს რამდენი ოპონენტიც უნდა გამოჩნდეს, ოდნავადაც ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ საქმეებს, რაც უკვე გაკეთებულია. ის ერთადერთია, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარა მშობელმა ხალხმა უდიდეს ისტორიულ პიროვნებად და ერის სულიერ წინამძღვრად.

...დაუვიწყარია 1977 წლის 25 დეკემბერი. ახალგაზრდების გუნდი მცხეთისაკენ გავემართეთ. ყველას გვსურდა ახალი პატრიარქის ხილვა. სვეტიცხოვლის ეზოსა და ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი... სულ მალე პატრიარქის აღსაყდრებაზე მოსული ხალხი სიონის ტაძრის მრევლად იქცა...

1978 წლის 2 იანვარს, სიონში წირვის შემდეგ პატრიარქს ახალგაზრდებისათვის უნდა მოესმინა. სათითაოდ გვიღებდა თავის რეზიდენციაში. ვღელავდი. მომეგება, გულში ჩამიკრა. მახსოვს, მითხრა, - კარგი იქნება, თუ მომავალში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე იმუშავებთო.

მერე მკითხა, - კალენდარი თუ გაქვთო. იმ დროს ძნელი იყო საეკლესიო კალენდრის შოვნა. ალბათ, ვიშოვი-მეთქი, ვუთხარი. ვერ იშოვიო. კარადიდან გამოიღო და კალენდარზე წააწერა: "ღმერთმა დალოცოს სერგო ვარდოსანიძე"...

უწმინდესს საოცარი უნარი აქვს, უყურადღებოდ არ დატოვოს არც ერთი ადამიანი. ვთქვათ, ტრაპეზია. უწმინდესი ზის სუფრის თავში. ყველა ადამიანს სწვდება მისი ყურადღება: ღვინო გასინჯეთ, მიირთვით, არ მოგერიდოთ, ეს კერძი დააგემოვნეთ. იგი გაგრძნობინებს, რომ მასპინძელია და უხარია შენი სტუმრობა, პატივს გცემს, გინაწილებს თავისი გულის სითბოს.

არასოდეს არის კატეგორიული ადამიანებთან, არავის ეტყვის, რატომ არ დადის ტაძარში, რატომ არ მარხულობს, არ ლოცულობს... ის დიდსულოვნად შემწყნარებელია ყველას მიმართ და არავის ეტყვის, ეს ასე კი არა, ისე ჯობიაო. როგორი ადამიანიც უნდა მოხვდეს მასთან, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მოსაუბრის აზრი, პატრიარქს შეუძლია, ბოლომდე მოუსმინოს და თანაუგრძნოს.

მოგეხსენებათ, ყოველ ოჯახს მიუკაკუნებს ხოლმე განსაცდელი და ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი ყოფილა ტკივილიანი დღე. 17 წლის წინ დედა გარდამეცვალა. პატრიარქს ეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია, ჯერ სამძიმრის დეპეშა გამომიგზავნა, თბილისში რომ დავბრუნდი, თავისთან მიხმო და ისე გაითავისა ჩემი მწუხარება, ტირილით გამოვედი მისი ოთახიდან. მას არც ჩემი ოჯახის წევრები ავიწყდება, ხშირად მოიკითხავს სახელებით, ჩემი ვაჟის, ქალიშვილისა და მეუღლისათვის სამკაულებიც გამოუტანებია. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მათთვის პატრიარქის გამოგზავნილი საჩუქრები - სასოებით უფრთხილდებიან.

ბედნიერებაა პატრიარქთან ახლობლობა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. მზის სხივები ყველას ესაჭიროება, მაგრამ თუ ძალიან მიუახლოვდები მზეს - დაგწვავს. ამიტომ ვცდილობ, ზომიერება დავიცვა და ძალიან არ მივუახლოვდე. როცა მისი ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე მუშაობა დავიწყე და საპატრიარქოს არქივში უნდა მემუშავა, გამაფრთხილა: - არქივში რომ შეხვალ, იქ შესაძლოა, ამღვრეული წყალიც ნახო, მაგრამ შენ კამკამა ნაკადულად უნდა აქციოო. თუმცა ეს არ ნიშნავს, სიმართლეს გადავუხვიო და ისტორია შევალამაზო. კარგად მესმის, რა პასუხისმგებლობაც დამეკისრა და არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ბოროტად ვისარგებლო იმ ნდობით და სიყვარულით, რაც პატრიარქისგან მოვიპოვე.

ახლახან, თავისი აღსაყდრების 38-ე წლისთავის აღნიშვნამდე ორი დღით ადრე, მის მიერ 2008 წელს დაარსებულ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს ეწვია. ამავე დღეს მოხდა წარდგინება ჩემი წიგნისა - "მზიანი ღამის 38 წელი", რომელიც უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გამოიცა... რამდენიმე წლის წინ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოაძევეს და ულუკმაპუროდ დატოვეს ცნობილი მეცნიერები. ამ უნივერსიტეტის გახსნით ჩვენმა პატრიარქმა ისინი მის ფრთებქვეშ შეიფარა და დაუბრუნა იმ წიაღს, რომელიც თავის დროზე კირიონ კათოლიკოსმა და ივანე ჯავახიშვილმა რწმენისა და მეცნიერების კელაპტრად აანთეს დედა უნივერსიტეტში.

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი ილია მეორე, რომელიც ყოველთვის გრძნობს ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას და მხრებით ატარებს ეკლესიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ესაუბრა ამირან-ლაზარე სინაურიძე