როცა სახლში ბუხარი გიზგიზებს - კვირის პალიტრა

როცა სახლში ბუხარი გიზგიზებს

ცივ ზამთარში არაფერს შეუძლია შეგიქმნათ ისეთი კომფორტი, როგორიც ბუხარს.

ბუხართან ასოცირდება სითბო, საახალწლო საჩუქრები, ცხელი ჩაი, ფერადი წინდები და საყვარელი წიგნი. ბუხრის კუთხე ნებისმიერი ოჯახის ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ის ხომ გათბობის მყუდრო და თან ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა. სწორედ ბუხრიდან ელიან ბავშვები სანტა კლაუსს. თუ სახლში თქვენც გაქვთ ეს ფუფუნება, თბილად მოკალათდით და წაიკითხეთ, საიდან მოვიდა ჩვენამდე ბუხარი, როგორი უნდა იყოს. ამისათვის კი გთავაზობთ პრაქტიკულ და საინტერესო რჩევებს, რომლებსაც ამ საქმის პროფესიონალები გვიზიარებენ.

ბუხრის ისტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, სწორედ მაშინ, როდესაც გაჩნდა მისი პირველი პროტოტიპი "შუაცეცხლი". VIII საუკუნეში ბუხარი ფეოდალებისა და საეკლესიო პირების საცხოვრებელი სახლების განუყოფელი ატრიბუტი იყო. დღესდღეობით ბუხრის ძირითადი დანიშნულება სახლში მყუდრო გარემოს შექმნაა.

ნოდარ შოშიტაშვილი, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: - ბუხარი ქართული ფენომენი არ არის, ის ჩვენთან, სავარაუდოდ, ევროპიდან და თურქეთიდან შემოვიდა, მაგრამ საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა განაპირობა მისი გაფორმების ეროვნული სტილი. როდესაც ოდასახლს აშენებდნენ, ჯერ ქმნიდნენ ბუხრის კონსტრუქციას და მის გარშემო იწყებდნენ სახლის მშენებლობას. იმისთვის, რომ ბუხარმა სრულფასოვნად იმუშაოს, მას პროპორციების ზუსტად დაცვა სჭირდება. მოსაპირკეთებლად, ძირითადად რბილი ქვა გამოიყენებოდა. ნელ-ნელა, ბუხრის მოპირკეთების პროცესში, ხალხმა საკუთარი ფანტაზია ჩააქსოვა. ამან საფუძველი დაუდო ორნამენტირებას. საქართველოში ბუხრების მშენებლობაში სრულყოფილად გამოვლინდა ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიური სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში გამოხატული იყო კერასა და დედაბოძზე. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს კოსმოგონიურ გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტებს - განსაკუთრებით სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს.

მეათე საუკუნემდე ბუხრები მხოლოდ წარჩინებულთა ოჯახებში იყო. XV-XVI საუკუნეებში კი მისი ნახვა ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთა ოჯახში შეიძლებოდა.

ამერიკელმა მეცნიერმა, გრაფმა რამფორდმა XVIII საუკუნის დასასრულს შექმნა ბუხრის ახალი დიზაინი - ახლა უკვე კვამლსადენი მილის კედელში ჩაშენება შეიძლებოდა. რუსეთში ბუხრების ბუმი პეტრე I-ის დროს დაიწყო. მან გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყოველი მაღალჩინოსნის სახლში უნდა ყოფილიყო ბუხარი, ნიშნად ფუფუნებისა, რაც ხაზს უსვამდა სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში.

ევროპული სტილის, ძველებური ბუხრები თბილისის ძველ უბნებში ხშირად გვხვდება. ასეთ ბუხრებს ნახავთ სოლოლაკში, აღმაშენებელზე, მთაწმინდაზე. ხშირად გვხვდება პოლონური, გერმანული წარმოშობის ბუხრები, რომელთაც სხვადასხვა ავტორი ჰყავს. მათი ანალოგები ან მსგავსი ტიპის ბუხრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. დავინტერესდით ასეთი ბუხრების ფასებით და ერთ-ერთ საერთაშრისო ონლაინაუქციონს ვეწვიეთ. ფასები 2.000 დოლარიდან იწყება და 50.000 დოლარამდე მერყეობს. გააჩნია ბუხრის სტილს, მის სიძველესა და შესრულებას. ანტიკვარული ბუხრებით ძირითადად უცხოელი კოლექციონერები არიან დაინტერესებულნი. ისინი საქართველოს სპეციალურ ჯგუფთან ერთად სტუმრობენ და დიდი სიფრთხილით, ნაწილებად შლიან ბუხარს. შემდეგ მიაქვთ სასურველ ადგილზე და ისევ თავიდან აწყობენ.

ვისაც ახლა უნდა ბუხრის აშენება, მათზეც ვიზრუნეთ და ფასებითაც დავინტერესდით - ფასები 2.000 ლარიდან იწყება და მატულობს, მასალის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ბუხარი ახალი წლის განწყობას, ყველაზე მეტად უხდება. თუ ჯერ არ გაქვთ სახლში ბუხარი, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. შეიქმნათ კომფორტი და ჩვენი ჟურნალი შინ, თბილ ბუხართან წაიკითხოთ.

მებუხრის რჩევები

მოთხოვნა ამ პროფესიაზე საკმაოდ დიდია. მებუხრე კახი ოსეფაშვილი სასარგებლო რჩევებს გვთავაზობს, რომლებიც ბუხრის შენების პროცესში გამოგადგებათ:

- ბუხრის მშენებლობას საგანგებო წესები აქვს, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ასევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში. ეს განსაკუთრებით ეხება ბუხრის იმ ნაწილების ქვას, სადაც ცეცხლი ინთება და საამისოდ შერჩეული უნდა იყოს ცეცხლგამძლე ქვა.

ბუხრის ავკარგიანობისათვის უმთავრესია წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე მხარე გულამოღებულია, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებლივ მოძრაობას ქვემოდან ზევით. ბუხარი შესაბამისობაში უნდა იყოს ინტერიერთან როგორც ფერის, ისე მოსაპირკეთებელი მასალისა და დიზაინის სტილის თვალსაზრისით. მინიმალისტური ან სკანდინავიური სტილის ინტერიერებს ახალი თაობის ელექტრობუხრები უხდება, ძალიან ლამაზია ღია ტიპის ან არატრადიციული დიზაინის მქონე ბუხრებიც. კლასიკური ინტერიერისთვის უმჯობესი ტრადიციული, მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარია.

ნუ გააკეთებთ ბუხარს კართან ან ფანჯარასთან ახლოს, ბუხრის გაკეთება სასურველია ყრუ კედელთან. მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მოცულობა და იმის მიხედვით განსაზღვროთ ბუხრის ზომა.

სალომე გორგოშიძე

ჟურნალი "შინ"