"ნიკალას დროინდელი სარდაფებიდან ნახევარიც აღარ არის, ამოაშენა ხალხმა" - ფიროსმანის ქუჩის ჩანახატები - კვირის პალიტრა

"ნიკალას დროინდელი სარდაფებიდან ნახევარიც აღარ არის, ამოაშენა ხალხმა" - ფიროსმანის ქუჩის ჩანახატები

ამ ჭადრის ფესვებმა ხომ ყოფა უტირა სახლებს, გოგოლის ქუჩასაც გადასწვდა და იქაც ყველაფერი დაბზარა. 100 მეტრ სიღრმეზე მაინც ჰქონდა გადგმული. ერთი ქუჩიდან მეორეზე გადალაგებული ტოტები კი სახლის სახურავებს ამტვრევდა. თუმცა, ეგ ოხერი იმდენად ლამაზი იყო, ხალხი მაინც ვერ ელეოდა. 4 დღე ჭრიდნენ და ძლივს წააქციეს...

- ნახე, რა გაჩვენო, ვგიჟდები ამ ფერებზე და... ამ ქუჩაზე! - მეუბნება მეგობარი და ბადრი ვადაჭკორიას გადაღებულ ფიროსმანის ქუჩის ფოტოებს მათვალიერებინებს. მეც ვგიჟდები, ამაზეც და... იმაზეც, რომ რამდენჯერ გამივლია ფიროსმანზე და ეს ფერები, ეს ეზოები სულაც არ შემიმჩნევია.

- სად მაქვს თვალები?!

- შენ მაგაზე არ იდარდო, ყველა ასე არ ვართ, ვის სცალია სილამაზის შესამჩნევად? არადა, რა სილამაზეა, ძველი ჭიშკარი, რა აივნები, მათ ფონზე სარეცხიც ნახატივით ჩანს - და "ახალაღმოჩენილ" ფიროსმანის ქუჩას ისე ჩაჰკირკიტებს, რომ ლაპარაკის გაგრძელება აშკარად ეზარება.

ის, რაც მე ფიროსმანის ქუჩაზე გავლისას არასოდეს შემიმჩნევია, აგერ, ერთხელ ჩაიარა ფოტოობიექტივმა და სამუდამოდ აღბეჭდა... უნებურად ვუჯავრდები ჩემს თავს და მეგობარს ვტოვებ - თუ სილამაზეს ვეღარ ხედავ, გამოდის, ცხოვრებამ ბოლო მოგიღო.

და აი, ზამთრის ცივი დღე და ფიროსმანის ქუჩა თავისი ნიკალას სარდაფით, #29-ში. ნეტავ, მართლა ამ სარდაფში ცხოვრობდა ნიკალა, თუ წარწერა ვარაუდით გაკეთდა? - ვბჭობ გულში და სარდაფს დაეჭვებული შევყურებ. საწყალი, ისე მოკვდა, წყალიც არავინ მიაწოდა, დღეს კი მისი საფლავის დადგენაში რატომ მილიონს არ გადავიხდით...

ესეც ნიკალას სახლის ბებო. აივნიდან ჩამომყურებს სარდაფის წინ დარჭობილს:

- ამ სარდაფში მართლა ცხოვრობდა ნიკალა?!

- ვითომ რად არ უნდა ეცხოვრა?! - მპასუხობს გაბრაზებული, - ეგ რა საკითხავია, როცა კაცი ისე გაასვენეს, წვეთი ცრემლიც არ დასდენიათ?! დღემუდამ მაგის ცოდვით სავსე სარდაფს დაღონებული ჩავუვლი - ეგრე უპატრონოდ როგორ გაუშვა ეზომ ის კაცი-მეთქი. ახლა თუ ეზოში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, მა, მაშინ ამ პატარა უბანში რატომ არ სცნობდა ხალხი ერთმანეთს, რა ჭირი ეტაკათ?!

- თქვენი სახლის სარდაფებში ახლა ვინც ცხოვრობს, ყველას იცნობთ?

- სხვას რას ვაკეთებ, ის არ გავიგო, ჩემს სახლში ვინ შემოსახლდა?! ისე, ნიკალას დროინდელი სარდაფებიდან ნახევარიც აღარ არის, ამოაშენა ხალხმა. ვისაც ამოუშენებელი დარჩა, იმაში წყალი ჩადგა. მთავრობა ამბობს, ამ სახლებს ხელს ვერ ვახლებთ, სანამდისაც იდგება, იყოსო. აბა, ჩვენ გვკითხონ!..

- ნუ გამიბრაზდებით და იქნებ მართლებიც არიან, ისეთი სიძველეებიც არსებობს, რისი შეცვლაც არ შეიძლება, იქნებ გაამაგრონ. თქვენი ეზოს რკინის ჭიშკარიც კი ხელოვნების ნიმუშია, სახლის კარებსაც ულამაზესი ჩუქურთმები აქვს... მიკვირს, როგორ არ ჩამოხსნეს და არ გაყიდეს...

- განა ყველაფერი იყიდება?! - მიპროტესტებს ბებო და ცოცხს ხელში ატრიალებს, - ჩვენ აღარ ვიქნებით და ეგ რკინის კარი დარჩება! - და... ცისფრად შეღებილ აივანს ძველი წითელი კიბით მიუყვება... კიბის თავზე ფერადი ზეწრები ისე ფრიალებს, როგორც ფერადი სიზმარი. თავად ცხოვრებაც ხომ სიზმარია, ამიტომაც ამ სიზმრით უნდა დატკბე, თორემ თვალს გაახელ და არაფერიც აღარ იქნება, ისე, როგორც ეს უზარმაზარი ჭადარი ფიროსმანზე, რომელიც მოჭრეს ალბათ, იმიტომ, რომ გარშემო სახლები ფესვებით ააყირავა. მაინც რამ გაზარდა ამხელა, ან ამხელა წარსული რამ ატარებინა? იდგა ალბათ, მის ქვეშ მთვრალი ნიკალა, ხვევდა ხელებს და უყვებოდა თავის მარგარიტაზე. აუცილებლად მოუყვებოდა, რადგან სხვა მეგობარი არც ჰყავდა. თუმცა, ეს ჭადარი ნიკალაზე უფროსიც კი იქნებოდა. მაინც რამდენით? ვფიქრობ და გულმოდგინედ ვათვალიერებ მის გადაჭრილ ძირს, - ამბობენ, ხე იმდენი წლის არის, რამდენი რგოლიც აქვს მერქანზე შემოვლებულიო. მაგრამ ვერაფერს ვხედავ, რადგან ამ საუკუნის ჭუჭყით არის დაფარული.

"აქ ვცხოვრობ და დღემუდამ ნიკალას ცოდვით სავსე სარდაფს დაღონებული ჩავუვლი - ეგრე უპატრონოდ როგორ გაუშვა ეზომ ის კაცი-მეთქი? ისე, ნიკალას დროინდელი სარდაფებიდან ნახევარიც აღარ არის, ამოაშენა ხალხმა. ვისაც ამოუშენებელი დარჩა, იმაშიც წყალი ჩადგა"

- ხომ არ იცით, ეს ჭადარი რა ასაკის იყო, როცა მოჭრეს? - გავძახი ლამის ნანგრევებად ქცეული სახლის წინ შეკრებილ მონარდეებს, რომლებიც თავჩარგულები მპასუხობენ - ასე, 2 საუკუნისო. მე კი არ ვეშვები, - მაინც რატომ მოჭრეს?

- დიდი რომ გახდა, იმიტომ. მაგის ფესვებმა აქ ხომ ყოფა უტირა სახლებს, გოგოლის ქუჩასაც გადასწვდა და იქაც ყველაფერი დაბზარა.

- რას ამბობთ, ამ ჭადრის ფესვები გოგოლის ქუჩაზეა ჩასული?

- გახლავს! 100 მეტრ სიღრმეზე მაინც ჰქონდა გადგმული. ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადალაგებული ტოტები კი სახლის სახურავებს ამტვრევდა. თუმცა, ეგ ოხერი ისე ლამაზი იყო, ხალხი მაინც ვერ ელეოდა. 4 დღე ჭრიდნენ და ძლივს წააქციეს...

გაოცებული ჭადარს გარშემო ვუვლი და უცებ ფესვთან ამოყრილ ყლორტებს ვამჩნევ, ზამთარშიც რომ შერჩენია ფოთლები... უყურე ამას, მართლაც როგორ ჰყვარებია სიცოცხლე!

ცოცხალივით ვფიქრობ ჭადარზე და ფიროსმანის ფეხდადგმულ ქუჩას მივუყვები. ამ ადგილიდან ფიროსმანიც წავიდა და ბევრი სხვაც, მაგრამ სილამაზე დარჩა. და ჩემ წინ გამაოგნებელ ფერებად არის ჩამოლაგებული. როგორ ხდება, რომ ამ ფერებს ის ჩავუვლით, ვერც კი ვამჩნევთ, ყოველთვის სადღაც მივიჩქარით, დრო კი ჩვენსავით მიქრის და წლებიც მიაქვს; უსასრულო წლებს რა ენაღვლებათ, ჩვენ კი უნდა გვანაღვლებდეს...

ფიროსმანის ქუჩა

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურსა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ინიცირება მოეწყო. შეხვედრაზე წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე ფიროსმანის ეპოქისთვის დამახასიათებელი დუქნების, სამიკიტნოებისა და მსგავსი ობიექტების აღდგენას გულისხმობს. პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს ვთხოვეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ამ პროექტზე მუშაობა არ დაწყებულა.