"აქ ბევრი მეგობარი დავკარგე" - რეპორტაჟი "ქვესკნელიდან"
04-01-2016
"აქ ბევრი მეგობარი დავკარგე" - რეპორტაჟი "ქვესკნელიდან"
"შინ ვერ ვცნობ ნივთებს ისე, როგორც აქ, ამ მაღაროში"

დილის შვიდი საათია, ჯერ კიდევ ბნელა, მცხეთას გავცდი. ფანჯრიდან "მორბენალ" ხეებსა და სახლებს თვალს ვაყოლებ, თან იმაზე ვდარდობ, დანიშნულების ადგილამდე დათქმულ დროს მისვლას მოვახერხებ თუ ვერა. ხანგამოშვებით მძღოლისკენ მზერა ნერვიულად მეპარება. რადარებია, - მპასუხობს ისიც შეწუხებული და ამატებს, - ნუ გეშინია, მოვასწრებთო. არადა, საგანგებოდ გამაფრთხილეს, მაღაროელების პირველი ჯგუფი გვირაბში 9 საათზე ჩადის, ერთი წუთიც რომ დაგაგვიანდეს, შეცვლამდე ლოდინი მოგიწევსო. ჰოდა, როგორია
გარეთ საათობით მოცდა, როდესაც ორგანიზმში ადრენალინის მაჩვენებელი პიკს აღწევს იმაზე ფიქრით, რომ მიწის ქვეშ ოთხ კილომეტრზე მეტი "მატარებლით" უნდა გაიარო.

დაახლოებით 8.30 საათისთვის უკვე ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს გამშვებ პუნქტთან ვიდექი. საშვს ვიღებ, თან გარემოს ვათვალიერებ - ეზოში შესასვლელი პუნქტი ჯერჯერობით, ერთადერთი თანამედ­როვე ნაგებობაა. გარშემო ყველაფერს
კომუნისტების ეპოქის ნაკვალევი ეტყობა, შენობის ფასადზეც კი წლებისგან გაცვეთილი საბჭოთა მოზაიკაა გამოსახული გოგო-ბიჭის მაღლა აშვერილი ხელებით. "იდილიას" მაღაროელების "გუგუნი" არღვევს - ქვევით სატვირთო მანქანებს ტვირთავენ­, მაღლა - საბაგიროს, გვირაბიდან კი ვაგონები რიხინით გამოდიან...

მასპინძლობა ტექნიკური უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ალექსი დოღაძემ იკისრა. გზად ბატონი ალექსი უსაფრთხოების წესებს მაცნობს: "ვინც ჩვენთან მუშაობას იწყებს, პროფესიისა თუ სტაჟის მიუხედავად, 10-დღიან ტექნიკურ ინსტრუქტაჟს გადის. სწავლება თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასაც მოიცავს. 10 დღის შემდეგ, საგამოცდო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, გავა თუ არა ახალმოსული სამუშაო­ ობიექტზე. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა გვირაბში - ჭერზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენები გადის და უცაბედად არასწორად თუ შეეხე, ფატალური შედეგიც იქვეა. გვირაბის მარჯვენა მხარეს, სპეციალურ ბილიკზე მოძრაობა უსაფრთხოა. რელსებზე ჩამოჯდომაც აკრძალულია".

ამასობაში ექთანის კაბინეტს მივადექით. ქალბატონი ინგა თაბაგარი გვხვდება.­ აქ სამი ექთანი ჰყავთ, ისინი ერთმანეთს 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ ცვლიან.


- 15 წელია, მაღაროელებთან ვმუშაობ და სიკვდილისგან უამრავი ადამიანი გადამირჩენია. ვისაც გული აწუხებს, ან თავს სუსტად გრძნობს, ყოველ დილით წნევას ვუმოწმებ. ერთხელ მუშას კრაზანამ უკბინა. ალერგიული შოკი დაემართა. სოფლიდან სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე ყველა პროცედურა ჩავუტარე. გადარჩა. დაშავებული მაღაროელისთვის სისხლდენა რამდენჯერ შემიჩერებია, ვინ მოთვლის. გარდაუვალი ინფარქტიც კი ავარიდე ერთ მაღაროელს. საჭმელსაც ექთანები ვარიგებთ. ყველაფერი უნდა მოასწრო - არც ავადმყოფი და არც მშიერი მაღაროელი უკმაყოფილო არ უნდა დატოვო.
ეზოში, დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით, გვირაბი ჩანს, წითელვაგონებიანი მინიმატარებელიც იცდის. მაღაროელები ვაგონებში ჩასასხდომად ემზადებიან.

ნუგზარ ცუცქირიძე, მაღაროელი:
- 14 წელია, აქ ვმუშაობ, რამდენ რამეს გაუვლია ჩემ თვალწინ. ვიცი, რომ "მკვლელი პროფესია" მაქვს, მაგრამ მაღაროში მუშაობის მეტი არაფერი ვიცი! უკვე ისე შევე­ჩვიე აქაურობას, მაღაროში ქვების მდებარეობაც კი ზეპირად ვიცი.
სიბნელეშიც თავისუფლად დავდივარ. უფროსობა გვაფრთხილებს, ნუ გათამამდებითო, მაგრამ ერთსა და იმავე საქმეს რომ აკეთებ, ხელიც მექანიკურად მუშაობს.
საუბარში როლანდ სანაიაც გვერთვება: - მაღაროში 1977 წლიდან ვმუშაობ, მთელი ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული. ხშირად შინ ვერ ვცნობ ნივთებს ისე, როგორც აქ, ამ მაღაროში. პირველად გვირაბში გაფართოებული თვალებით შევედი, წარმოიდგინეთ, იმ მიმართულებით მიდიხარ, რომელსაც გასასვლელი არა აქვს. დღეს მიწაში ჰორიზონტალურად 4-5 კილომეტრს, ვერტიკალურად კი 150 მეტრს ისე გავდივართ, თითქოს სასეირნოდ მივდიოდეთ...

- გულის სიღრმეში შიში მაინც გვაქვს, - სიტყვას პეტრე ჩინჩალაძე აგრძელებს,­ - ათი წელია აქ ვმუშაობ, მიწაში მადნის მოპოვება არ მაშინებს, ერთადერთი, რაზეც ყოველი სამუშაო დღის წინ ვნერვიულობ, ჩემი მეგობრების სიცოცხლეა. აქ ბევრი მეგობარი დამიკარგავს, ჩემ თვალწინ მაღაროელს ვაგონმა ნეკნები­ დაუმტვრია, ერთს დენზე ხელი მოუხვდა და გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული ბევრი გამოგვიყვანია კილომეტრიანი გვირაბიდან. როგორც კი ვაგონებში ჩავსხდებით, ლო­ც­ვას ვიწყებ, რომ გვირაბიდან მშAვიდობიანად გამოვიდეთ. არავინ იფიქროს, შიში მალაპარაკებს. ადამიანი მიწაში საკუთარი­ ნებით რომ ჩახვალ, რისი უნდა შეგეშინდეს?! მემანქანე მაღაროელებს ანიშნებს, ვაგონებში ჩასხდომის დროაო. მატარებელი ადგილიდან იძვრის. გვირაბში ნათურები ალაგ-ალაგ კიდია, ბნელა. დაახლოებით, 500 მეტრს ფეხით გავდივართ.

- უფრო შორს ვეღარ წავალთ, თუ მაღ­აროელი არ ხარ, გზას ვერ გაიკვლევ, საშიშია, - უკან გვაბრუნებს ბატონი ალექსი. ვაგონების გრუხუნი თანდათან გვშორდება და რამდენიმე წამში წყდება.

- მაღაროელების ეს ჯგუფი მუშაობას ოთხ საათზე ასრულებს და მალევე მეორე ცვლა შემოდის. მოგვიანებით - მესამე, ღამის ჯგუფი იწყებს მუშაობას. მაღაროში 24 საათი ვმუშაობთ, - მიყვება ერთ-ერთი მაღაროელი და თან თეთრი წერტილისკენ მიმითითებს, - გამოჩნდა... აი, გვირაბის ბოლოს ეს პატარა სინათლეა ჩვენი იმედი. მაღაროდან ამოსვლისას ამ სინათლეს ველოდები. როგორც კი გვირაბის ბოლოს მას შევამჩნევ, ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ და სამშვიდობოს გამოვედი. რამდენი პრობლემა გვაქვს და როგორ მძიმე სამუშაოს ვეწევით, მაგრამ ამ ადგილას წამიერად ყველაფერი მავიწყდება...

"ქალბატონს გვირაბში რა გესაქმებაო?!.."

ქალბატონი მერი სპარსიაშვილი 37 წელია მეტრომშენში მუშაობს. ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც ვაჟა-ფშაველას ბოლოში, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" განახლებულ სამუშაოებში, მიწისქვედა ნაწილშია დასაქმებული:

"1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე, რომლის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ "ენგურჰესის" მშენებლობაზე გამანაწილეს. სხვათა შორის, ორი ჯგუფიდან ფაკულტეტზე ერთადერთი გოგო ვიყავი. ყველა მეკითხებოდა, მამაკაცის პროფესია რატომ შეარჩიეო, მაგრამ რა მექნა, ბავშვობიდან მხიბლავდა ეს საქმე. როდესაც "ენგურჰესზე" კაშხლის ფუნდამენტის ჩასხმას ვუყურე, ჩემი პროფესია კიდევ უფრო შემიყვარდა. მალევე "მეტრომშენში" გადმომიყვანეს და მას შემდეგ აქ ვმუშაობ. პირველი კატეგორიის ინჟინრიდან დაწყებული, განყოფილების უფროსობით დამთავრებული, თითქმის ყველა პოზიცია ეტაპობრივად გავიარე. "თბილმეტრომშენის" მთავარი დისპეტჩერიც კი გახლდით. თბილისში თითქმის ყველა მეტროს მშენებლობამ ჩემს ხელში გაიარა. ახლა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" გვირაბში ვმუშაობ, რომლის მშენებლობაც წლების წინ დაკონსერვდა. ადრე აქ წყალს ვტუმბავდით, თუმცა საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ მეტროს მშენებლობა განახლდა. მიწის ქვეშ 60 მეტრზე ვმუშაობ, სადაც ჩემ გარდა კიდევ 60 ადამიანია დასაქმებული. გარდა იმისა, რომ ტექნიკურ საქმეში ვეხმარები, მუშების ყოველდღიურად აღრიცხვაც მევალება. ისე შემეჩვია ყველა, რომ კითხვაც არავის უჩნდება, ქალბატონს გვირაბის სამუშაოებში რა გესაქმებაო. სანამ სამსახურში მოვალ, შვილიშვილები სკოლაში მიმყავს. ჩემი მეუღლე წინანდალში ცხოვრობს და შაბათ-კვირას ბავშვების სოფელში წაყვანასაც ვახერხებ".

ყველაზე საშიში...

ჭიათურის მანგანუმის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი გერმანელი გეოლოგი, აკადემიკოსი ჰერმან აბიხი. 1846 წელს აბიხი ადგილზე გაეცნო მანგანუმის საბადოს და ამის თაობაზე 1849 წელს მეფისნაცვლის კანცელარიას წარუდგინა მოხსენებითი ბარათი. გამოკვლევების მიუხედავად, ბუნების ეს სიმდიდრე ხელუხლებელი რჩებოდა, ვიდრე აკაკი წერეთლის უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით არ დაიწყო ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა და შემდეგ უკვე მადნის დამუშავება. უცხოელების დაინტერესების მიზნით წერეთელმა ჭიათურის საბადოს შესახებ ბროშურა შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულსა და რუსულ ენებზე. 1879 წელს მადნის მოპოვების დაწყებამ განაპირობა ჭიათურის სახელით ცნობილი დასახლების აშენება, რომელიც მრეწველობის ამ დარგის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, ქალაქად კი მხოლოდ 1921 წელს გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ მადნის მოპოვების ისტორია თვით ქალაქის ისტორიაცაა. მადნის დამუშავება 1879 წელს დაიწყო, როდესაც ჭიათურაში ჩამოვიდნენ კრუპის ქარხნის, აგრეთვე ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის "ვახტერისა და კომპანიის" წარმომადგენლები. მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიებს შორის ერთ-ერთი მაღაროელის პროფესიაა.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით