რატომ არ სჯეროდა თოვლის პაპის ლია ლიქოკელს
04-01-2016
რატომ არ სჯეროდა თოვლის პაპის ლია ლიქოკელს
"მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ. იმ წლებში ხევსურეთში კანფეტიც კი ძნელად საშოვნი იყო. მახსოვს, დედაჩემი რძეს და შაქარს მოხარშავდა ხოლმე... გემრიელი იყო ძალიან, შინაური გემრიელობა, სახლის ტკბილეული..."


ლია ლიქოკელი ბარისახოში დაიბადა­ და გაიზარდა, როგორც თავად ამბობს, თავისი მხარისას და მთებისას წერს თავისთვის, თუმცა მკითხველები ამჩნევენ... ბოლო ორი წელიწადია, რაც ის ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამ­რჯვებულია და სოციალურ ქსელშიც მისი ლექსები
და მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორ იხსენებს ის ბავშვობას, გრძელ ზამთრებსა და საახალწლო ტრადიციებს, ამ საკითხებზე ლია ლიქოკელი გვესაუბრება.

ლია ლიქოკელი: - ხევსურ­ეთში გავიზარდე. იქ ძველით ახალ წელს აღნიშნავენ და წელიწადს ეძახიან. ის ჩემს დროს უკვე აღარაფრით იყო გამორჩეული, სხვა სოფლების ახალ წელს ჰგავდა. ერთი მახსოვს მხოლოდ - ახალი წლის დილას პაპაჩემი შემოდიოდა­ ჩვენს საძინებელში, მუჭით
შემოიტანდა თოვლს და გადმოგვაყრიდა ჯერ კიდევ საბნებში ჩათბუნებულებს. თან რაღაცას ბუტბუტებდა - დალოცვასავით იყო, ალბათ, თავისი მონაგრის კარგად ყოფნას ნატრობდა...
წლებთან ერთად ჩემი დამოკ­იდებულება ახალი წლის მიმართ იცვლება და იცვლება. ბავ­შვობაში ხომ ძალიან მიყვარდა, მინდოდა ყოფილიყო ჯადოსნური­, სასწაულების მოხდენა რომ შეუძლია და ამას ახალ წელს ვუკავშირებდი.­ ბედნიერი ადამიანების ყურება მსიამოვნებდა და უფროსები რომ მხიარულობდნენ, განსაკუთრებით ეგ მიხაროდა. თუმცა, წლები გადიოდა და ნაკლებად უხაროდათ უფროსებს. ძველებურად აღარც სტუმრად სიარული ეხალისებოდათ, ჩვენთანაც იშვიათად მოდიოდა ვინმე. ასე დაიწყო ჩემი საახალწლო სევდა. მერე თანდათან გაიზარდა. ერთხანს კიდეც შემძულდა ეს უსაფუძვლო ზეიმი და უსაგნო­ მხიარულება. ვუყურებდი და ვხვდებოდი, - რა ცოდოა ადამიანი, როგორ სჭირდება სიხარული. როგორ სჭირდება ბედნიერება, თუნდაც უაზრო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. სევდიანი ამბავია ეს ძალიან. სევდაში კი ადვი­ლად იბად­ება სიყვარული. ამიტომ მეც გამიჩნდა უფერულ ყოველდღიურობაში ჩაკეტილი, ბედნიერებამოწყურებული ადამიანების სიყვარული და გადაიარა ახალი­ წლის სიძულვილმა... მერე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ისევ მჯეროდეს ახალი წლის ჯადოსნური ღამის-მეთქი და წელს ავდექი და წავედი ჩემი ბავშვობის სახლში, სადაც ახლა მარტო დედაჩემი და მამაჩემი დარჩნენ და მათთან ერთად შევხვდი ახალ წელს. ერთმანეთი გვყავდა და ეს იყო დღესასწაულიც!

- თოვლის პაპას წერილებს არასდროს სწერდი?
- არ მჯეროდა თოვლის პაპის... და საერთოდაც, ჩემს ბავშვობაში ლაპლანდიის შესახებ არაფ­ერი ვიცოდი. თოვლის პაპა ჩემთვის არცთუ მნიშვნელოვანი ვინმე იყო. სიყალბის უგემური ელფერი­ დაჰკრავდა. ის საბავშვო ბაღისა და სკოლის საახალწლო ზეიმების ატრიბუტი იყო და მეტი არაფერი. შინ მასზე არაფერს გვიყვებოდნენ. არც საჩუქრებს­ ვიღებდით, ასეთი ტრადიცია არ გვქონია. თანაც, ცუდ დროს დაემთხვა ჩემი ბავშვობა - მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ. იმ წლებში ხევსურეთში­ კანფეტიც კი ძნელად საშოვნი იყო. მახსოვს, დედაჩემი რძეს და შაქარს მოხარშავდა, კარგად­ რომ შესქელდებოდა, ფიცარზე გააბრტყელებდა, შეგრილებას დაელოდებოდა და მერე კუბებად დაჭრიდა. გემრიელი იყო ძალიან, შინაური გემრიელობა, სახლის ტკბილეული...
ჰოდა, ასე გამოვიდა, რომ თოვლის პაპისთვის წერილი არასოდეს მიმიწერია. არ ვიცი, რომ მიმეწერა, რას ვთხოვდი...

- შევიტყვეთ, რომ ახალ წიგნს გა­მოსცემთ "გრძელი ზამთრების ქვეყანა",­ რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტის შედეგია...
- ეს წიგნი მოულოდნელად გაჩნდა. ჯერ წიგნიც არ არის, ახლა იწერება, ახლა "წიგნდება". მხოლოდ ელექტრონულად არსებობს, კვირაში ერთი თავი იტვირთება. ექსპერიმენტულია იმ მხრივ, რომ გაერთიანებულია ორი ავტორის - ჩემი და გიორგი კეკელიძის წიგნები. მე ჩემი მთების, ჩემი მხარის ამბებს ვყვები, გიორგი - გურიისას. დიდი კონტრასტია, მაგრამ ეს არის საინტერესო...

- ბოლო ორი წელიწადია, ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამ­არჯვებული ხარ, როგორ ფიქრობ, რატომ მოისწრაფვიან შენკენ "წეროები"?
- ეს მოთხრობების კონკურსია. საერთოდ, მოთხრობებს არ ვწერ, მაგრამ რადგან კონკურსები­ პოეზიაში არ ტარდება, პროზაში­ ვცადე ბედი. უცნაურია ეს ჩემი გამარჯვებები, რადგან მიჭირს პროზის წერა, უფრო პოეზიისკენ გამირბის ხელი. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კითხულობენ ჩემს მოთხრობებს და მოსწონთ კიდეც. ალბათ ისიც მოქმედებს, რომ ჩემი სტილი ადვილად საცნობია...­ თავად პოპულარიზაციაზე არასდრ­ოს ვფიქრობ, არც რამეს ვგეგმავ. დაე, ყველაფერი თავისით მოხდეს. თუ რამე კარგი გამომივიდა, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც შეამჩნევს, დაინახავს...

giorgi
04 იანვარი 2016 16:35
ლია, პაპა რომ თოვლს გადოგაყრიდათ ლოგინში მწოლიარეთ, ამბობდა, ,,ასე თეთრად დამობერდით"-ო. ასე იყო მთაში...
გილოცავ ახალ წელს, კარგი გოგო ხარ.

რედაქტორის რჩევით