როგორ ათხოვებდა "ექსპრეზიდენტი" გოგონებს - კვირის პალიტრა

როგორ ათხოვებდა "ექსპრეზიდენტი" გოგონებს

ამბობს, რომ პაროდისტობაზე არასოდეს უფიქრია, თუმცა მსახიობობაზე კი ოცნებობდა.

კარგი მეკვლეა, ამიტომ, თავის დროზე სია ჰქონდა და ნაცნობ-მეგობრების ოჯახებს რიგრიგობით სტუმრობდა. ბრწყინვალედ ჰბაძავდა ექსპრეზიდენტს, რის გამოც ქუჩაში დღემდე "მიშას" ეძახიან... მსახიობი მამუკა ლომაშვილი ეცდება, თქვენი საახალწლო განწყობა უფრო გააფერადოს:

- უმეტესობას კარგად ჰქონდა დაცდილი ჩემი მეკვლეობა და ყოველთვის მეძახდნენ. მეტიც, გოგოებსაც ვათხოვებდი - მქონდა ერთი მაგიდა, სადაც ზუსტად 12 საათზე შეძვრებოდნენ და იმ წელს აუცილებლად თხოვდებოდნენ. ახლა ისეთი აქტიური მეკვლე აღარა ვარ, მაგრამ იმედია, ჩემი სტუმრობა თქვენს გაზეთსაც სასიკეთოდ დაებედება.

- როგორ გახდით "პრეზიდენტი"?

- ძალიან ბევრი ადამიანის პაროდია გამიკეთებია, მაგრამ ხალხმა მაინც მიშას პაროდიით გამიცნო. ძალიან დავიჩაგრე - "მიშამ" ჩემი სხვა სახეები დაჩრდილა. ბიძინა მახარაძე მეუბნებოდა, - მიშამ შეგჭამაო. ბოლომდე ამოვწურე ეს პერსონაჟი: საუბრის და სიარულის მანერაზე აღარაფერს ვამბობ,

გულზე ტრიბუნა ჩამოვიკიდე, წელზევით გავშიშვლდი, მოკლედ, რა აღარ გავაკეთე, რომ სააკაშვილის ორეული გავმხდარიყავი.

- როგორც ვიცი, თქვენს ამ პერსონაჟს ბოროტი ხუმრობისთვისაც იყენებდით.

- მე არა, სხვები უფრო იყენებდნენ: მთხოვდნენ, ვიღაცისთვის პრეზიდენტის ხმით დამერეკა. ძალიან არ მსიამოვნებდა ასეთი ხუმრობა, მაგრამ... სწორედ ასე დავურეკე ერთხელ ბათუმში მყოფ ერთ-ერთ მინისტრს და მკაცრად ვუთხარი: რას ჰგავს ეს ამბავი, დღეიდან ცუდად არის შენი საქმე და უნდა გადადგე-მეთქი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ვუთხარი, რომ ასე მწარედ მეგობარი გაეხუმრა... ერთხელ ლხინში ვიყავით. მასპინძელს დავურეკე და მიშას ხმით დაველაპარაკე - ეს რა კარგი ღვინო გქონია-მეთქი. მეორე დღეს ეს კაცი ორ ტონა ღვინოს უგზავნიდა მიშას. ბევრ "საშინელებას" ჩავდიოდი.

- ალბათ, ამ პერსონაჟის გამო სხვა კურიოზებიც გადაგხდენიათ.

- რასაკვირველია. პირველი გამოსვლა მაქვს ფილარმონიაში. ინგა გრიგოლიას გადაცემა მაშინაც დაუხურეს. მე ვრცელი ჩინური ტექსტი უნდა წამეკითხა და ბოლოს პრეზიდენტის ხმით დამეყოლებინა - "ინგა - ფაფუ, მე რა შუაში ვარ, ხალხო?" მაშინ მანქანა არ მყავდა და მიკროავტობუსებით ვმგზავრობდი. ერთხელაც, ხალხით სავსე სამარშრუტო ტაქსიში ამ ჩემს როლზე ვფიქრობ, თურმე ისე შევსულვარ ეშხში, რომ ჩინურად ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ბოლოს კი,

მიშას ხმით რიხიანად დავაყოლე, - "ინგა - ფაფუ, მე რა შუაში ვარ, ხალხო?". ყველა ჩემკენ შემობრუნდა. ძალიან შემრცხვა, მძღოლს მანქანა გავაჩერებინე და ფეხით გავიარე გზა ფილარმონიამდე...

- ახლანდელი პოლიტიკოსების პაროდიებზე არ გიფიქრიათ?

- ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ პოლიტიკური სატირა უფრო ძნელი მისაღები გახდა. თანაც, სხვისი პაროდია რომ გავაკეთო, არა მგონია, ხალხმა მიიღოს. თითქოს ყველანაირად მიშასთან მაკავშირებენ, ბევრი დღესაც "მიშას" მეძახის.

- ვიცი, ეთერ კაკულიაზეც ბევრი ამბის გახსენება შეგიძლიათ, მეგობრები იყავით...

- ეს იყო საოცარი ქალი, რომელსაც განუმეორებელი იუმორი ჰქონდა. როდესაც ეთერ კაკულიას ახსენებ, ძნელია ღიმილი შეიკავო. მართალია, ის აღარ არის, მაგრამ მინდა ღიმილით გავიხსენო: ერთხელ დავურეკე, მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით და ჩვენი დიალოგი კურიოზულად წარიმართა. ჯერ მიშას ხმით დავუწყე ლაპარაკი და ვკითხე, - როგორ მოგწონთ ეს ახალშეღებილი შენობები და ფასადები-მეთქი.

- იციიიიით, მე პოზიტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახოო, - მიპასუხა. მერე უკვე მისივე ხმით დაველაპარაკე...

- რომელი ხააარ? - მეკითხება გაოგნებული.

- ეთერ კაკულია ვარ-მეთქი.

- ვაა, საინტერესოა, აბა, მე ვინა ვაააარ? - მეკითხება და იცინის. ამ ამბების მერე ძალიან დავმეგობრდით. ხუმრობით "ეთეროლოგს" მეძახდა. გვქონდა "ეთერიზმებიც", ანუ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხუმრობები. ლაპარაკშიც ვაჯავრებდი და სიარულშიც. ერთი ჯინჯილებიანი ჩანთა ჰქონდა, რომელსაც "კასანდრას ჩანთას" ვეძახდით, გადავიკიდებდი ამ ჩანთას და სიარულში ვბაძავდი, ისიც მთელი სულითა და გულით იცინოდა.

ეთერი მარხულობდა და ხშირად ეზიარებოდა. ძალიან მკაცრი მოძღვარი ჰყავდა. ერთხელ ეთერს ეუბნება: აღსარებაში უკლებლივ ყველა ცოდვა უნდა თქვაო. მამაო, გენაცვალე, მაგას რა ჩამოთვლის, სიმღერით რომ გითხრათ, შეიძლებაო? კი ბატონოო, - უპასუხა მოძღვარმა. იმანაც გაშალა ხელი და დაიწყო: "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მაპატიოს ჩემმა უფალმააა!" ეს ისე გააკეთა, ყველაზე მკაცრ ადამიანსაც კი გაეღიმებოდა. ეთერი ყველაფერს იუმორით აკეთებდა, არასოდეს გაგრძნობინებდა თავის წუხილს და ცდილობდა, ყველგან დადებითი მუხტი შეეტანა.

თქვენი გაზეთის მეშვეობით მთელ საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. მინდა ის ხალისი და სითბო დავიბრუნოთ, რომელიც ყოველთვის გვქონდა. ღიმილიანი სახეები არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქუჩებს. ბედნიერებას, ღვთის წყალობას, ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ჩვენს ხალხს. ვფიქრობ, ღირსები ვართ, ბედნიერ საქართველოში ბედნიერად ვიცხოვროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე