2016 წლის დასაწყისის "ფეისბუკსკანდალები" - რატომ ფიქრობს გიგი თევზაძე, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერაა? - კვირის პალიტრა

2016 წლის დასაწყისის "ფეისბუკსკანდალები" - რატომ ფიქრობს გიგი თევზაძე, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერაა?

"როდესაც იცი, რომ შენი მოსახლეობის ლამის 90% თავს მართლმადიდებლად თვლის და შობის აღნიშვნას ოკუპანტების მხარდაჭერად აცხადებ, ფილოსოფოსი კი არა, მამალი "პადჟიგატელი" ხარ"

მართალია ახალი წელი ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც დადგა, თუმცა "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატუსს უკვე მოჰყვა  სკანდალების ქარ-ცეცხლი.

ჯერ იყო პოეტ რატი ამაღლობელის ლექსი, იქცა განხეთქილების ვაშლად, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა - პოეტს გამოუჩნდნენ როგორც დამცველები, ისე მოწინააღმდეგეები. (იხილეთ: "მე მიყვარს პატრიარქი, ჩემი გაყინული პატრიარქი" - შსს ამტკიცებს, რომ მოხუცი არ გაყინულა, თუმცა გამოხმაურება არ წყდება)

შემდგომ კი პატრიარქთან დაკავშირებით "ფესიბუკში" ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის გამოქვეყნებული სტატუსი იქცა განსჯის თემად:

"9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა.

ხოდა მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და "ხრუსტალის" ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო.

ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება!".

ნინია კაკაბაძეს  მისი ძმა პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ასევე "ფეისბუკში" გამოეხმაურა:

"ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო. მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე - ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:

პირველ რიგში, დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც - მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ ორივე - მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათოლიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.

რა თქმა უნდა, ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდათ ბურჟუაზიული ცხოვრების სტილი - იგივე მეშჩანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი. ამაზე ორივე მათგანი თავის წიგნებშიც და საჯარო გამოსვლებშიც ბევრს ლაპარაკობდა. დედაჩემისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის, რაღა თქმა უნდა უკიდურესად მიუღებელი იყო თანამედროვე ცხოვრების სტილი, სადაც ადამიანის გასაქონლება ხდება და ბურჟუაზიული დამოკიდებულებები სჭარბობს. ამ ჭირს ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აკრიტიკებდნენ. ის ღირებულებები. რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დგას (გამონაკლისების გარდა) მათთვის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი იყო.

რაც შეეხება პატრიარქს - მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო - თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში. პირიქით, 1979 წელს დედაჩემიც და მამაჩემიც ირანის ისლამურ რევოლუციასაც შეხვდნენ სიხარულით, რადგან მათ მიაჩნდათ რომ როგორც საბჭოთა, ისე დასავლური მატერიალიზმი არის დამღუპველი კაცობრიობისათვის და მიშელ ფუკოსი არ იყოს, ისინიც ფირქობდნენ რომ მსოფლიოს ნამდვილი "სულიერი რევოლუცია" სჭირდება. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეალი არასდროს ყოფილა არც მამაჩემის და არც დედაჩემის იდეალი. პირიქით ორივე მათგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების ნაწარმოები იყო ლუის ბუნუელის "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი".

ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც მხოლოდ გასულ წელს შეწყდა. ამ გამოცდილების საბუთად შემიძლია მოვიყვანო მათი ნაშრომები და საჯარო გამოსვლები, სადაც ისინი ყველაზე მეტად ბერდიაევის სტილის ეგზისტენციალიზმის სულს ეთანხმებოდნენ და არამც და არამც საბჭოთა ან ბურჟუა მატერიალიზმის სულს. სხვა ადამიანების გამოცდილებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. და არც ის ვიცი რა საბუთებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც გარდაცვილი ადამიანების სახელით საუბრობენ. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ", - დაწერა ირაკლი კაკაბაძემ.

არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის სტატუსი, რომელიც შობა დღეს გამაოქვეყნა:

"არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ."

ამ სტატუსის შემდგომ გვინდოდა გიგი თევზაძეს განმარტება გაეკეთებინა, ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა განმარტებისთვის თავის უკვე მეორე სტატუსზე მიგვითითა, რომელიც პირველ სტატუსზე მოყოლილი ხმაურის შემდეგ დაწერა.

"ეს მათთვის, ვისაც საკითხში გარკვევა აინტერესებს:

"თითქმის მთელი ქრისტიანული სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები. წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიაც ქრისტეშობას სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავდა."...... - დაწერა გიგი თევზაძემ.

გიგი თევზაძეს გამოექომაგა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი:

"25 თუ 7. ქრისტიანობა (с маленькой буквы) 21-ე საუკუნის საქართველოში. ვისაც ამ თემებზე მსჯელობისას გიგი თევზაძე ან რატი ამაღლობელი გინდათ შეჭამოთ, ქრისტეშობა არ გიზეიმიათ, სამწუხაროდ. (ამ დღეებში, არც 25-ში და არც 7-ში, ქრისტეს თქვენთან არ ჩაუვლია)."

თევზაძის სტატუსს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა:

"როდესაც იცი, რომ შენი მოსახლეობის ლამის 90% თავს მართლმადიდებლად თვლის და შობის აღნიშვნას ოკუპანტების მხარდაჭერად აცხადებ, ფილოსოფოსი კი არა, მამალი "პადჟიგატელი" ხარ, ჩემი მოკრძალებული აზრით! "პადჟიგატელი", რომლის ექს-შუქურას კუდი ეწვის, ქვეყანა რომ მის გარეშე მშვენივრად მიაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და ერთი სული აქვს, ქვეყნის მოსახლეობაში "ჩორტი" ჩამოაგდოს...

მეტი არაა ჩემი მტერი, სინამდვილეში თქვენ ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია არ გინდოდეთ! თქვენ მხოლოდ თქვენი რეინკარნაცია გსურთ... და ამისთვის ნებისმიერ პროვოკაციაზე წამსვლელი ბრძანდებით.

P.S. - ისე, ამ აღმოჩენამდე როცა მივიდა, თავისი თანაგუნდელები მაინც გაეფრთხილებინა, ალილოზე მისვლით თურმე როგორ "პროოკუპანტურ საქციელს" ჩადიოდნენ!" - დაწერა "ფეისბუკშივე" ზვიად კირტავამ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ცნობილი სოლომონ თერნალელის ფსევდონიმით გახდა.