ძველი შენობების საიდუმლო
11-01-2016
ძველი შენობების საიდუმლო
თურმე იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა დასრულებული არც კი ჰქონდა, რომ მთავრობამ წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მის მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა. მაშინ ღვინო ძალიან იაფი ღირდა. ამბობენ, გლეხებისაგან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა და მშენებლობისას წყლის მაგივრად ღვინო გამოიყენაო

ჩვენი ქალაქი ბევრ საიდუმლო ამბავს ინახავს. თბილისში რამდენიმე ძველი, ლამაზი სახლია, რომელთაც ძალიან საინტერესო ისტორიები უკავშირდება.

ღვინით აშენებული სახლი

შენობა,
რომელიც თბილისის მთავარი­ პროსპექტის, რუსთაველის გამზირის (ყოფილი გოლოვინის პროსპექტის) 37 ნომერში მდებარეობს, თბილისური მოდერნის ყველაზე გამორჩეული ძეგლია და 1912-15 წლებში აშენდა. არქიტექტორი წარმოშობით პოლონელი პეტერბურგელი­ ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება, გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი,
სამხატვრო გალერეა და შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით გამშვენებული ბაღი ჰქონდა.

გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისელმა კომერსანტმა­ მელიქ-აზარიანცმა გადაწყვიტა, ზემელზე აეშენებინა სახლი. სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა უნდა ჰქონოდა. მან არქიტექტორს პროექტის გაკეთება დაავალა, შერჩეულ ადგილას მცხოვრებთ კი 300-300 ოქრო შესთავაზა - ოღონდ აქედან გადასახლდითო. ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა მეწაღისა, რომელიც არაფრის დიდებით არ თმობდა ჯიხურს. აზარიანცმა ვერც 500 ოქროდ შეძლო მისი დაყოლიება და არქიტექტორიც იძულებული გახდა, თავისი ჩანაფიქრი - მოედნის მხარეს სახლის მომრგვალებული კედელი სწორი კედლით შეეცვალა.

ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცმა გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნის ნიშნად გააკეთებინა

თურმე იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა დასრულებული არც კი ჰქონდა, რომ მთავრობამ წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მის მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა. მაშინ ღვინო ძალიან იაფი ღირდა. ამბობენ, გლეხებისაგან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა და მშენებლობისას წყლის მაგივრად ღვინო იხმარაო.

მშენებლობისას კავკასიაში პირველად გამოიყენეს უნიკალური ტექნოლოგია: საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში ჩაისვა, რომელმაც მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა შენობა. კედლები კი საგანგებოდ გამომწვარი აგურით აშენდა. ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცმა გარდაცვლილი 25 წლის ქალიშვილის ხსოვნის ნიშნად გააკეთებინა.

ჩვენამდე მოღწეული გადმოცემის თანახმად, მელიქ აზარიანცს უცხოელი მსახ­იობი თუ მომღერალი ქალბატონი შეჰყვარებია, რომელსაც ახლანდელ ჯავახიშვილის ქუჩაზე სახლი აუშენა. მისი მეუღლე თურმე ძალიან ეჭვიანობდა ქმარზე და იმ ქალბატონს რომ არ სტუმრებოდა, მეთვალყურეები მიუჩინა...­ ამბობენ, რომ აზარიანცმა, თავისი სახლის სარდაფიდან საყვარლის სახლამდე მიწისქვეშა გვირაბი გაიყ­ვანა, რომელიც იმდენად ფართო იყო, რომ სატრფოს მოსანახულებლად ფაეტონით მიდიოდა. გვირაბი საყვარლის სახლთან, რუსთაველის მეტროს გაყოლებაზე მდებარე სახლებს შუა, ერთ პატარა შიდა ეზოში ამოდიოდა...

საქართველოში ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, მელიქ-აზარიანცი თბილისში დარჩა. ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც დარჩენილი სიცოცხლე სიღარიბეში გაატარა. წლების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი კაცი მეგობრების შეგროვებული ფულით დაკრძალეს.

მირზა ხანის სასახლეები

ჭონქაძის ქუჩაზე ბევრი გამორჩეული სახლია. თუ დააკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევთ აღმოსავლური სტილის თაღს, რომელსაც ზედა ნაწილში წარწერა აქვს: "მირზა რიზა ხანი". იქვე სპარსული ელემენტებით მოჩუქურთმებული ლამაზი სახლია. ამ სახლში სპარსეთის საკონსულო იყო და სპარსეთის ელჩი დანიშ მირზა რიზა ხანი ცხოვრობდა. ის ირანის შაჰის ბრძანებით ჯერ თბილისის გენერალური საკონსულოს მდივნად დაინიშნა, მოგვიანებით კი კონსულად.
მირზა ძალიან ჰუმანური, კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი იყო. ხანის ავტობიოგრაფიული წიგნის­ (შემორჩენილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარი) დიდი ნაწილი საქართველოში მის ცხოვრებას ეთმობა. პირველად თბილისში რუსული ენის სასწავლებლად ჩამოვიდა და ერთ-ერთ პანსიონში ცხოვრობდა. რუსულის გაკვეთილებზე მასთან ერთად ერთი პატარა ბიჭი, ვანო ალიხანოვი დადიოდა. ბიჭს ყოველდღე კანფეტები მოჰქონდა და მეგობრებს­ უნაწილებ­და, მათ შორის მირზასაც... ერთხელ ერთმა გოგონამ, რომელიც ასევე გაკვეთილებს იღებდა ქ-ნი სტასიულევიჩისგან და რატომღაც მირზას ამრეზით უყურებდა, ვანოს უსაყვედურა: შეიძლება თათრისთვის კანფეტების მიცემაო?"ვანომ უპასუხა: როგორ არ მივცე მას კანფეტები, ოდესღაც ის კონსული გახდება და თბილისში იცხოვრებს. მერე თავის სახლში გადაიხდის შაჰის დაბადების დღეს, მოაწყობს ფეიერვერკს, დამპატიჟებს წვეულებაზე­ და ტკბილეულით გამიმასპინძლდებაო. ამ ამბიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ მირზა დაბრუნდა თბილისში, ის უკვე გენერალური კონსული გახლდათ. როდესაც პირველად აღნიშნა შაჰის დაბადების დღე, ვანო ალიხანოვი მართლაც გაახსენდა და მისი მოძებნა გადაწყვიტა. იპოვა კიდეც და თავისთან მიიწვია. მათ ერთად უყურეს ფეიერვერკს აივნიდან და ბევრი ტკბილეულიც მიირთვეს. სწორედ­ ამ დროს გაახსენა მირზა ხანმა ვანოს წინასწარმეტყველება, რომელიც სასწაულებრივად ახდა...

ამ შენობაში მირზა ხანი ხშირად აწყობდა წვეულებებს, სადაც რჩეული საზოგადოება იყრიდა თავს. ერთხელ, როცა შინ გვიან დაბრუნდა, შესასვლელში შიკრიკი მაჰმად-ალი დაინახა - იატაკზე გაშხლართულს ეძინა. მირზამ მსახურს უხმო და მიზეზი ჰკითხა. მსახურმა უთხრა, რომ მაჰმად-ალი ცოლს ეჩხუბა და შინიდან წამოსული აქ თავშესაფრის სათხოვნელად მოვიდა, მაგრამ თქვენს ლოდინში სკამზე ჩაეძინა და იატაკზე ჩამოცურდაო. მირზა ძალიან გაბრაზდა და მისი გაღვიძება დააპირა, მაგრამ გარეთ ყინვა იყო და შეეცოდა... თვითონ თავის ოთახში ავიდა, კარი ჩაკეტა და დაიძინა. ღამით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, მხოლოდ დაყვირება მოასწრო და გონება დაკარგა. დილით თავისი სახლის ეზოში მოეგო გონს. მიწაზე იწვა და შეშფოთებული მაჰმად-ალი თავს ადგა. როგორც აღმოჩნდა, მსახურს ღუმლის მილი გადაუკეტავს და გამონაბოლქვი მირზას ოთახში შესულა. ბედზე, მისი ყვირილი მაჰმად-ალის გაუგონია, კარი შეუმტვრევია და გაგუდვას გადაურჩენია. შიკრიკი რომ გამეგდო, ახლა მკვდარი ვიქნებოდიო, - წერს მირზა ხანი...

მისი ყოველი მოგონებიდან ჩანს, რომ სიკეთე არ იკარგება. მირზა რიზა ხანი ბევრ თბილისელს დაეხმარა. ერთ ზაფხულს მშენებლობაზე ქართველი ყმაწვილი უნახავს, რომელიც პაპანაქებაში მუშაობდა. მირზას უკითხავს, რამდენს გიხდიან დღიურადო. ხუთ კაპიკს და ამ ფულს სწავლისთვის ვაგროვებო. გულაჩუყებულმა მირზამ ყმაწვილს სწავლის დასრულებამდე ყოველთვიური ხელფასი დაუნიშნა...

ბორჯომის ცნობილი სანატორიუმი "ფირუზა" ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით. ეს სახლი მირზა რიზა ხანის აგარაკი იყო. თბილისის არქიტექტურისგან მკვეთრად განსხვავებული, სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი, სარკესავით კედლები და ჭერი მნახველს თვალს სჭრიდა...

თეა ინასარიძე
მაია
18 იანვარი 2016 15:57
ეს სასახლე ბორჯომშია ...
givi
18 იანვარი 2016 12:42
მადლობა
status quo
18 იანვარი 2016 10:52
ყველა ერის წარმომადგენელი დაეტიოს თავისი ქვეყნის ფარგლებში.დღეს იმიტომაა არეულობა მთელს მსოფლიოში, რომ მასობრივი გადაადგილება ხდება ხალხის.არ მოწონთ თავიანთი ქვეყნები და გუგულებივით სხვისი გამზადებული მოსწონთ.სომხები დაეტიეთ თქვენს ხრიოკ სომხეთში.სომეხზე დიდი მტერი ქართველობას არ ჰყოლია,თურქი, სპარსი,რუსი მიქარვაა სომეხთან შედარებით....

რედაქტორის რჩევით