"ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩვენ და სლოვაკებს" - ზაურისა და დარინეს სიყვარულს "რაჭა, ჩემო სიყვარულო 2" გააცოცხლებს?! - კვირის პალიტრა

"ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩვენ და სლოვაკებს" - ზაურისა და დარინეს სიყვარულს "რაჭა, ჩემო სიყვარულო 2" გააცოცხლებს?!

ბადრი კაკაბაძე: "დავბერდი, 61 წლის შევსრულდი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, გული არ ბერდება"

გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ

ბევრის საყვარელი ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო" მალე 40 წლის გახდება. მისი გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა. ფილმი 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ჩვენი რესპონდენტი მსახიობი ბადრი კაკაბაძეა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მისი სახელი უპირველესად ზაურის როლთან ასოცირდება ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო".

- ამ ფილმით გამიცნო მაყურებელმა. თუმცა მანამდეც მქონდა პატარა-პატარა როლები ნათამაშები. მაშინ 21 წლის ვიყავი, ისეთ არტისტებთან მომიწია მუშაობამ, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე... დღეს აღარავინ არის ცოცხალი, ყველაზე ბოლოს ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, ახლა მგონი, ჩემი ჯერი დადგა.

- თქვენს პარტნიორზე, დარინას როლის შემსრულებელზე, რას გაიხსენებთ?

- იმ დროს ჩეხოსლოვაკიელების უპირველესი მსახიობი იყო, ჩემზე ორიოდ წლით უფროსი...

- ამბობდნენ, ბადრის შეუყვარდაო...

- ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ბავშვობიდან ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვიცოდი, რომ მსახიობობის გარდა, სხვა გზას არ ავირჩევდი. ზაურის როლზე რომ დამამტკიცეს, თეატრალური ახალი დამთავრებული მქონდა. სცენარი ძალიან მომეწონა. ბევრი სახალისო და განუმეორებელი ეპიზოდი შევიდა ფილმში. მაგალითად, კედლის დანგრევა... დარინას გამო ხიდიდან წყალში ჩემ მაგივრად კასკადიორი გადაეშვა. გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ.

ფილმს აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში ვიღებდით, რაჭაში მხოლოდ ერთი კადრია გადაღებული.

- თქვენი როლებიდან რომელიმეს გამოყოფთ?

- თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ჩავარდნილი როლები არ მქონია. 40 წელიწადია, სცენიდან არ ჩამოვსულვარ. დიდწონიანი როლები "რაჭა, ჩემო სიყვარულოსა" და ლეილა გორდელაძის "აქედანა და შენამდეში" მქონდა. იქაც მთავარი როლი ვითამაშე, თუმცა ზაურისგან რადიკალურად განსხვავებული.

ზაურს მხიარულებითა და ენამოსწრებულობით ვგავარ. სხვა რითი უნდა ვგავდე - ხომ გახსოვთ, როგორ ახასიათებენ: "რა კაცი ხარ, კაცო: ქარაფშუტა შენა ხარ, ქარიხვეტია და ვინ იცის, კიდევ რა..."

- ულვაში მართლა ფილმისთვის მოუშვით?

- ულვაში ყოველთვის მქონდა. ორჯერ მაქვს გაპარსული. მაგ ფილმისთვის და მეორედ - სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ზურიკელას ვთამაშობდი და იქ გავიპარსე. გრძელ ცხვირს ულვაშით ვნიღბავ.

- თქვენი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა ამ ფილმის შემდეგ?

- 3 შვილის მამა გახლავართ. უფროსი 40 წლისაა, დაოჯახებულია. გოგონა უნგრეთში ცხოვრობს. სიბერის შვილი მყავს კიდევ - 20 წლის ირაკლი.

ახალგაზრდობაში გიტარას ვუკრავდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, დარდიმანდული პერიოდებიც მქონია. ახლა დავბერდი, 61 წლის შევსრულდი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, გული არ ბერდება. ემოციური გახლავართ. ფეთქებადიც, მაგრამ მეორე წუთს მავიწყდება სიბრაზე.

ამ სიბერეში სულ თოვლის ბაბუა ვარ.ხან კონცერტია, ხანაც წარმოდგენა და ვარ მიდი-მოდიში. 87 წლის დედა მყავს. მისი მიტოვება არ შეიძლება და ახლა მას ვუვლი. ახალ წელსაც დედასთან ერთად შევხვდი. მერე შინაურებმა გამახარეს სტუმრობით.

გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. წარმატების, წინსვლის წელი ყოფილიყოს. მშვიდობა იყოს და, რაც მთავარია, საქმე გაკეთებულიყოს, ცხოვრება გაგრძელებულიყოს და სტიმული გვქონდეს, გვიხაროდეს ხვალინდელი დღე.

"რაჭა, ჩემო სიყვარულო 2"-ის გადაღება იწყება?

გაზეთ "ამბროლაურის მოამბის" რედაქტორი დალი დარახველიძე იხსენებს: - ქართველებისა და სლოვაკების მეგობრობა ასე დაიწყო: სლოვაკებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მათი მოსახელე კუთხე იყო. მიმართეს საელჩოს, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა. 1965 წლიდან იწყება ურთიერთობა სლოვაკ და ქართველ რაჭველებს შორის. თუმცა მათ ერქვათ რაჩა, ჩვენ - რაჭა.

პირველი დელეგაცია საქართველოდან 1966 წლის ზაფხულს გაემგზავრა სლოვაკეთში. ჩვენ შორის ყოველწლიური მიმოსვლა თითქმის 90-იან წლებამდე გრძელდებოდა.

სლოვაკებმა რაჭიდან ვაზის ნერგები წაიღეს - ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშები გაახარეს, ჩვენთანაც გააშენეს თავიანთი ყურძნის ჯიშები.

ფილმი, "რაჭა, ჩემო სიყვარულო","ამ მეგობრობის საფუძველზეა დამყარებული. თუმცა შეცვლილია სახელები. სოფელი სადმელი იყო დამეგობრებული ბრატისლავა რაჩას კოოპერატივთან და არა კვალიეთი, როგორც ფილმშია ნათქვამი. სოფელი კვალიეთი რაჭაში არც არსებობს. რაჭაში, მეფრინველეობის ფაბრიკაში სტუმრობის დროს, დაგვხვდა დარინას როლის შემრულებელი ანდრეა ჩუნდერლიკოვა. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩვენ და სლოვაკებს: ხასიათით, ტრადიციებით, განსაკუთრებით ღვინის სიყვარულითა და სტუმარმასპინძლობით ვგავართ ერთმანეთს.

ამბროლაურში ერთ-ერთ ქუჩას ბრატისლავა რაჩის ქუჩა ეწოდება, იქ კი აქვთ სადმელისა და თბილისის ქუჩები, რომელიც ქალაქის გაზრდის გამო უკვე ბრატისლავას შეუერთდა.

სლოვაკების ელჩმა გამოთქვა სურვილი, გადაიღონ "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" მეორე ნაწილი. დიდი ინტერესით ველით და გაგვიხარდება, თუ სურვილი სურვილად არ დარჩება.

ეკა სალაღაია