"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ" - კვირის პალიტრა

"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"ხალხი აგრესიულად კი არა, სიყვარულით გვიყურებს"

"ყველამ კარგად იცით, რომ ბაბულიკებს ყოველთვის პიჟონებად ვთვლიდი და ვთვლი... ბაბულიკებს კი არ უნდა მივბაძოთ, უნდა გავუსწროთ," - ამ ფრაზებზე "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებს მონტანელების დაჯგუფების 3 წევრი ახსენდებათ: ყირმისა, რომელსაც რატი ბაქრაძე განასახიერებს, ბეისბოლის ჯოხმომარჯვებული რაგნარა - ამ როლს თორნიკე ქინქლაძე ასრულებს და გრუშა - სანდრო მიკუჩაძე. "კვირის პალიტრა" სამივე "მონტანელს" გაესაუბრა.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე ქინქლაძე: - მონტანელები იმიტომ გვქვია, რომ ტონი მონტანა, ფილმიდან "ნაიარევი სახე", ყირმისას კერპია. ჩემს პერსონაჟს რაგნარა ჰქვია. თავიდან ბეისბოლის ჯოხით რომ გამოჩნდა, ძალიან მოეწონა მაყურებელს და მას შემდეგ ბიტიანი რაგნარა ვარ. ფიცხია, ჩხუბი უყვარს. ბევრი მანერა მე შევძინე, ბევრიც გადასაღებ მოედანზე შეემატა. მაგალითად, კევის გამაღიზიანებლად ღეჭვა გადასაღებ მოედანზე ისწავლა.

როგორც რაგნარა დადის, ზუსტად ისე დაქანაობს ბიძაჩემიც. როცა ამ როლში მნახა, გამეხუმრა, ჰონორარიდან პროცენტი უნდა გადამიხადოო.

მაყურებელმა აიტაცა რაგნარას ფრაზა: "აუ, ჩავცხებ, რა!.." ძალიან პოპულარული გახდა ახალი წლის რაგნარასეული მილოცვაც: "ჰეპი ნიუ იარ, ბრატ!" ეს ფრაზაც მე მოვიფიქრე და საახალწლოდ მორთული ბიტით რამდენიმე პერსონაჟის ცემაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.

- ცხოვრებაში როგორია თორნიკე ქინქლაძე?

- რაგნარასგან სრულიად განსხვავებული... ბებიამ გამზარდა. დედისერთა ვარ. დედ-მამა ერთად არ ცხოვრობს. დედა უკვე 10 წელია, ემიგრანტია, იტალიაში ცხოვრობს. დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ ყურებამდე ვარ შეყვარებული. ძალიან ეგოისტი ვარ პირად ცხოვრებაშიც...

სანდრო მიკუჩაძე: - ჩემს პერსონაჟს გრუშა ჰქვია. როგორც ის ამბობს, მონტანელობა ბედისწერაა. ერთ-ერთ სერიაში გრუშას შეყვარებული ეკაკო ეკითხება, რომელი ხილი გიყვარს ყველაზე მეტადო, ის კი პასუხობს, მსხალიო. ალბათ, ამიტომაც ეძახიან გრუშას.

- გრუშა ეკაკოსთან ურთიერთობისას ბევრ კარგ თვისებას ამჟღავნებს...

- ვეცადე, წამომეწია ყველა ის დადებითი თვისება, რაც მას აქვს - ქალის სიყვარული, ზრუნვა, მხარში დგომა და სხვ.

- ამ სერიალამდე მაყურებელი გიცნობდათ, როგორც ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილსა და მისი გზის გამგრძელებელს. ბატონი ჯემალი თუ გაძლევთ მითითებებს?

- კი, როგორ არა. მაგრამ მაინც რბილია... თუმცა, ისეთ ზუსტ რჩევებს მაძლევს, კმაყოფილი ვრჩები. ადრე თეატრი უფრო მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს სერიალზე მუშაობამაც გამიტაცა - კამერით მოვიწამლე...

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი პერსონაჟი დადებით ემოციებს იწვევს. ბავშვები თუ მოხუცები სიყვარულით მხვდებიან - გრუშა, როგორ გვიყვარხარო... ეს ძალიან მახარებს.

ერთმა ქუჩაში ფოტოს გადაღება მთხოვა, მერე კი მითხრა, 86 წლის დედა მყავს და იქნებ მისთვის ავტოგრაფი მომცეო. გამიხარდა, რაღა დაგიმალოთ.

ბედნიერი წელი მქონდა როგორც კარიერაში, ისე - პირად ცხოვრებაში. დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა.

რატი ბაქრაძე: - ჩემი პერსონაჟი ყირმისა მონტანელების ლიდერია...

- ბოლო სერიებში ცოტნე ცოტაშვილს გვერდით დაუდექით...

- გავუგეთ. მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ...

ამ სერიალამდე ფილმ "სეზონში" ყირმისაზე უარყოფით პერსონაჟს ვთამაშობდი. "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ დამიძახეს, ძალიან გამიხარდა. თავიდან გამიჭირდა ტექსტების დამახსოვრება... ქასთინგის შემდეგ რომ დამირეკეს, დაგამტკიცეთო, დასალევად მივდიოდი... მეორე დღეს ყველანაირი პროცედურა ჩავიტარე, მაგრამ მაინც გამიჭირდა. ეს დღე ყველაზე რთული იყო.

მეუღლე და ორი ქალიშვილი მყავს. ბავშვებს უხარიათ, მამიკოს სერიალში რომ ხედავენ. ბევრი მცნობს. ქუჩაში ხშირად მესმის - ეს ყირმისა არ არისო? ხალხი აგრესიულად კი არა, სიყვარულით გვიყურებს. რამდენიმე დღის წინ ძაღლს ვასეირნებდი მრგვალ ბაღთან. 18-19 წლის ბიჭები და გოგონები იდგნენ. ერთს ბეისბოლის ჯოხი ეჭირა. ამან ცოტა ფეხი შემანელებინა და უცებ მესმის: შენ რაგნარა იყავი, მე ყირმისა ვიქნებიო.

როლებს იყოფდნენ. გამეცინა, თან მესიამოვნა. ხშირად ისმის ყირმისას ფრაზაც: "რაგნარ, გეყოფა!"

არ ვიცი, მომდევნო სერიებში რა იქნება, თუმცა, ყირმისა მონტანელებს ახალ წელს ასე ულოცავს: "ეს წელი ყოფილიყოს მონტანას აღზევების წელი! მე ახალ სიყვარულს ვიპოვი, გრუშა - ოჯახს, რაგნარა ბაკალავრის დიპლომს აიღებს!" ალბათ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება.

ეკა სალაღაია