"ბოლოს, ალბათ, თავს მოვიკლავ..." - კვირის პალიტრა

"ბოლოს, ალბათ, თავს მოვიკლავ..."

"ვიყავი თავშესაფარში, მაგრამ ძნელია ათ ქალთან ერთად ერთ კარავში ცხოვრება. ზოგი ნაციხარია, ზოგი უწესოა, ზოგიც - ლოთი... იქ გაჩერება შეუძლებელია"

საღამოს გვიან გამოვედი სამსახურიდან. ძალიან ცივა. მეგობარს უნდა შევხვდე სპორტის სასახლესთან. სწრაფი ნაბიჯით მივუყვები ქუჩას. სიცივე მაინც ძვალსა და რბილში მატანს. ფეხს ვუჩქარებ და ტელეფონში ამინდის პროგნოზს ჩავყურებ... მინუს 8 გრადუსი. გაყინულ ხელსაც და ტელეფონსაც სასწრაფოდ ჯიბეში ვაცურებ... ტროტუარზე კანტიკუნტად მიმოდის ხალხი. ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსის კედელთან 30 წლამდე მამაკაცი შევნიშნე. იდგა და არ იძვროდა. მივუახლოვდი... კედელში გამოხირულ გაზის გამათბობლის მილთან ხელებს ითბობდა...

- უკაცრავად, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - ვეკითხები, მაგრამ ჩემს შეკითხვას არაფრად აგდებს და უემოციო სახით გამათბობლის მილს გაყინულ ხელებს აჭდობს.

ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. მეგობარი სპორტის სასახლესთან მელოდება... დავიძარი, მაგრამ თვალი უკან მრჩება. ისევ გაუნძრევლად დგას, ვინ იცის, იქნებ გათოშილს განძრევაც არ შეუძლია... თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერაფრით ვეხმარები.

მეგობართან კარგა ხანს შევრჩით. ხანდახან ფანჯრიდან ქუჩაში მოსიარულეებს გავყურებ და ის გაყინული კაცი მახსენდება.

ღამის ორ საათზე გამოვედით. ტელეფონის თერმომეტრი -10 გრადუსს აჩვენებს. მეტრო "ვაგზლის მოედანთან", მუყაოზე, თეთრ ზეწარში გახვეული ქალი ზის. გულმა არ მომითმინა და მივუახლოვდი...

- გინდათ, პატრულს გამოვიძახებ და თავშესაფარში გადაგიყვანთ!

- არა, რას ამბობთ, ვიყავი თავშესაფარში, მაგრამ ძნელია ათ ქალთან ერთად ერთ კარავში ცხოვრება. ზოგი ნაციხარია, ზოგი უწესოა, ზოგიც - ლოთი... იქ გაჩერება შეუძლებელია. ძალიან ცივა, ვერ ვუძლებ... იქნებ სოფელში წავიდე. სახლი მაქვს ამბროლაურის რაიონში.

- ამ სიცივეში როგორ უნდა დაიძინოთ?

- არ ვიცი, ბოლოს, ალბათ, თავს მოვიკლავ, მტკვარში გადავხტები...

- რა გქვიათ?

- ელზა.

- ოჯახი, ნათესავები არ გყავთ?

- გულშემატკივარი რომ მყავდეს, აქ რატომ ვიქნებოდი?! სულ ამომიწყვიტა კაგე-ბემ. რა უნდოდათ, არ ვიცი, - მპასუხობს და გაყინულ ხელებს იფშვნეტს, - 30 წელია, დას ვეძებ. სად გაქრა, დღემდე ვერ გავარკვიე. ფოტოც აღარ მაქვს, რომ სადმე განაცხადი შევიტანო. ცალ-ცალკე ვცხოვრობდით ქირით. მერე სად წავიდა, არ ვიცი. მისი სახელია იზოლდა ამბროსის ასული ქემოკლიძე. ყველა ადგილი მოვიარე, სადაც მას უცხოვრია, მაგრამ - არაფერი...

- სად მუშაობდით?

- მაუდის კომბინატში. რომ დახურეს, ბაზარში პროდუქტებს ვყიდდი. რამდენიმე წელი თავი გამქონდა. იქ გავიცანი რუსი ქალი, რომელთანაც ყოველდღე საჭმელი მიმქონდა და ღამე მტოვებდა. მერე ვაჭრობაც აღარ იყო და ქუჩაში დავრჩი. ახლა ფიზიკურადაც დავუძლურდი. არაფრის კეთება აღარ შემიძლია. ვაი, ასეთ სიცოცხლეს და არსებობას...

- დღეს ჭამეთ რამე?

- ხალხს ვეცოდები, ზოგი ყავას მაძლევს, ზოგი - საკვებს, ტანსაცმელს, მაგრამ არაფერს მიჩერებენ, ყველაფერს მპარავენ.

- ოჯახი არასდროს გქონიათ?

- არა. ყოველთვის სხვის შვილებზე ვზრუნავდი, საკუთარზე არასდროს მიფიქრია. ასე დავრჩი ყველასგან მიტოვებული და გარიყული. ჩემი ქონება ახლა ერთი სახარება და ტანსაცმელია.

დიდხანს ვისაუბრეთ, მაგრამ თავშესაფარში გადაყვანაზე ვერ დავითანხმე. დავპირდი, რომ მეორე დღეს აუცილებლად მივაკითხავდი, თბილ ტანსაცმელსა და საჭმელს მივუტანდი. დაპირება შევასრულე, მაგრამ ელზა ბებია იქ აღარ დამხვდა.

...ქალაქში ისევ ცივა, ღამით - განსაკუთრებით. თბილისელების უმრავლესობას თბილად სძინავს, ზოგს კი - ცის ქვეშ, გაყინულ ქუჩებში...

თბილისში ორი მიუსაფარი გაიყინა

გასულ კვირას მოსკოვის პროსპექტზე ე.წ. კარვების ქალაქთან ორი მამაკაცი გაიყინა. ეს ფაქტი მერიაში დაგვიდასტურეს, თუმცა, იქვე განმარტეს, რომ გარდაცვლილები თავშესაფრის ბენეფიციარები არ იყვნენ:

- ერთ-ერთი მათგანი ხშირად სვამდა, როდესაც აუხსნეს, რომ თავშესაფარში ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო, ახალ შენობაში გადასვლაზე უარი განაცხადა...

შეგახსენებთ, სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა ახალი თავშესაფარი გაიხსნა, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი.

თორნიკე ყაჯრიშვილი