როგორ წვრთნიან ქართველ პარაშუტისტებს - რეპორტაჟი მედესანტეთა ბაზიდან
11-01-2016
როგორ წვრთნიან ქართველ პარაშუტისტებს - რეპორტაჟი მედესანტეთა ბაზიდან
ვეცნობი ქართულ ჯარს და საამაყო ფაქტებთან ერთად პარადოქსებსაც ვხვდები.

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზის დათვალიერებისას მეგონა, დროში­ ვიმოგზაურე-მეთქი. ამ ძველ შენობაში წვიმის დროს ისეთივე თავსხმაა, როგორიც გარეთ. სამხედროები ხუმრობენ, ოთახიდან ოთახში ქოლგებით დავდივართო.

აქ 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა. მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერი აქვთ - ოფიცრებს საკუთარი ფულით შეუძენიათ, ისევე, როგორც ბევრი საჭირო ნივთი.
ბოლნისის ბაზაში, საპარაშუტო სწავლების სკოლასთან ერთად, მცირერიცხოვანი სამხედრო ნაწილი დგას. სამუშაო და საცხოვრებელი პირობები ყველას ერთნაირი აქვს.
მხოლოდ სასადილოა ახალი და გაფიქრებინებს, რომ მალე ბაზასაც ეშველება, თუმცა, 2016 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს პარაშუტისტების ბაზის მატერიალურ-ტექნიკურად გაჯანსაღებაზე ზრუნვა გათვალისწინებული არ არის. ყური მოვკარი, - ბაზა პრიორიტეტული არ არის და არც მისი რეაბილიტაციის სა­კი­თხია აქტუალურიო! არადა, უნიკალურია. სხვა ქვეყნებში პარაშუტისტების მომზადებას ხშირად ხელს უშლის
უამინდობა, ბოლნისში კი მთელი წელი საუკეთესო საფრენი ამინდია. თავის დროზეც ამის გამო შეურჩევიათ ეს ადგილი მათ მოსამზადებლად.
ერთი ამბავი გამახსენდა, - ქუთაისში ბავშვებს­ ცურვას ცარიელ აუზში რომ ასწავლიდნენ...­ ასეა აქაც - საპარაშუტო სწავლების სკოლას თვითმფ­რ­ინავი არ ჰყავს. ეზოში ძველისძველი, ფრინველთა საბუდრად ქცეული, სკორეთი შებილწული საფრენი მანქანები უმოძრაოდ დგას. წვრთნების დაწყებამდე 10 დღით ადრე სკოლა სწავლების საჰაერო ძალებს საგანგებო განცხადებით მიმართავს, რომ საფრენი აპარატი "ათხოვონ".

პარაშუტისტები ასე არ ითვლიან...

ანეკდოტია:
რაჭველი თვითმფრინავიდან­ ხტება. გააფრ­თხილეს, - პარაშუტი მეათე დათვლაზე გახსენიო. რაჭველმა­ დინჯად დაიწყო: - ქვე შენი ჭირიმე და ერთი, ქვე ორი და... ქვე ათამდე ძირს დაენარცხა. სინამდვილეში პარაშუტისტები ასე არ ითვლიან...
საპარაშუტო მომზადების სკოლაში მეგზურობა ინსტრუქტორმა, კაპიტანმა გელა ჯიშიაშვილმა გამიწია. ინსტრუქტორს ვთხოვ, გაკვეთილი ისე ჩამიტაროს, როგორც მომავალ პარაშუტ­ისტს. ვიღებთ პარაშუტებს, ვკეცავთ, ვამზადებთ გადმოხტომისთვის, შემდეგ ინსტრუქტორების დახმარებით ვირგებ და ვცდილობ, დავიმახსოვრო, როდის რა გავაკეთო. იმას, რაც ჰაერში მედუზასავით იშლება­, პარაშუტის გუმბათი ჰქვია და მოთავსებუ­ლია სპეციალურ ჩანთაში, რომელიც სხეუ­ლზე გაქვს მორგებული. თვითმფრინავიდან 35 მეტრის დაშორებით, ანუ გადმოხტომიდან 2-3 წამის შემდეგ პარაშუტს ხსნი, საიდანაც ჯერ თოკები გამოდის, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი გუმბათს შლის.

გელა ჯიშიაშვილი: - პარაშუტისტი არ ითვლის 1, 2, 3...
უნდა დაითვალოს სამციფრიანი რიცხვები, მაგალითად: 501, 502, 503. განსაკუთრებით პირველად გადმოხტომისას პარაშუტისტი ძალიან ღელავს და ერთციფრიანი რიცხვების ჩამოთვლით ვერ გათვლის პაუზებს, უცებ ჩაამღერებს - ერთი-ორი-სამიო, რადგან ჩქარობს პარაშუტის გახსნას.

კოტრიალა და სკუპი

გელამ მასწავლა სილიან მოედანზე კოტრიალი და ხტომა, ე.წ. სკუპი. ხმელეთზე დაშვებისას მთელი ძალა ფეხებს რომ არ დაადგეს და ტრავმის საფრთხე ავირიდოთ, დარტყმა ხუთ წერტილზე უნდა გადანაწილდეს. სწორედ ამ გადანაწილების ხელოვნება უნდა ისწავლო ერთი შეხედვით გასართობი კოტრიალის დროს და როდესაც დაოსტატდები, ანძაზე ასვლის უფლება გეძლევა, სადაც მედესანტესავით სახით პირდაპირ, გვერდულად თუ ზურგით მანამ მოგიწევს დაშვება და რეპეტიციები, სანამ პარაშუტისტის წესები რჯულზე უმტკიცეს ჩვევად არ გექცევა...

გელა ჯიშიაშვილი: - ეს მაკეტი აქ მხოლოდ შიგნით მოქცევისა და გადმოხტომის წესების სასწავლებლად დგას. უნდა იცოდე, საიდან შემოუარო თვითმფრინავს. დაუშვებელია საფრენ აპარატთან ცხვირის მხრიდან მისვლა, რადგან იქ ხრახნი ტრიალებს და კუდიდან უნდა მივუახლოვდეთ. თვითმფრინავში პარაშუტისტებთან ერთად არის ორი ინსტრუქტორი, ძირითადი და დამხმარე. ძირითადი მთლიან საფრენ აპარატს და იქ მყოფთ აკონტროლებს, დამხმარე კი დეტალებს ამოწმებს.

საპარაშუტო სწავლების სკოლაში ჩემი ერთდღიანი სასწავლო კურსი დასრულდა. "კვირის პალიტრის" გამოჩენამ უზომოდ გაახარა ბიჭები. სამხედრო გვერდს და ჟურნალ "არსენალს" ყოველთვის ვკითხულობთ და გვიხარია, რომ ჩვენს საქმესაც მოიხსენიებთო. ვფიქრობ, ამ ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საზოგადოების, მედიის ყურადღებაც აკლიათ. იქნებ მათთან ჩვენს დაახლოებას სხვა ცვლილებებიც მოჰყვეს. ბაზა-სკოლას შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის პარაშუტებიც აკლია... უთვითმფრინავო, დეფიციტურპარაშუტებიანი სკოლა ისეთივე უამურ შეგრძნებას იწვევს, როგორსაც მუხროვანში რეინჯერთა ბაზა, რომელსაც წესიერი ღობე არა აქვს და ხშირად გაზონებზე ძროხები ძოვენ... იმედია, ხელისუფლება ქართულ არმიას და კონკრეტულად მის ელიტურ დანაყოფებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს.

რესურსებამოწურულ თვითმფრინავში ვერ ჩავჯდებიო

რამდენიმე წლის წინ კრწანისის სასწავლო ბაზაზე ქართველები და ამერიკელები­ ერთად გადიოდნენ სწავლებას. ქართულ დესანტს ამერიკელი ტყვე უნდა ეხსნა და სამშვიდობოს გაეყვანა. ჯარისკაცებმა ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება ტყვე"იხსნეს და სამშვიდობოს გაყვანა რომ დაუპირეს, უარი უთქვამს, - მაგ რესურსებამოწურულ თვითმფრინავში ვერ ჩავჯდები და ავტომობილით გამოგყვებითო...

zurab qashibadze
17 იანვარი 2016 20:58
ნამდვილად იმსახურებენ ეს ბიჭები უკეთეს პირობებს. სოძ
GIGILO
17 იანვარი 2016 13:09
სვანები უპარაშუტოდ ხტებიანო და მართალია?
მამუკა რიკაძე
16 იანვარი 2016 21:23
მადლობა მინდა გადაუხადო ამ სტატიის მომზადებისათვის და გამოქვეყნებისათვის ქალბატონ ეკას, დიდი მადლობა ქალბატონო ეკა მე ერთერთი იმათთაგანი ვარ ვინც ამ ბაზაზე მსახურობს და იმედი მაქვს თქვენი ეს მუშაობა ტყუილად არ ჩაივლის და განვითარდება საქართველოში ეს მიმართულება რასაც ქვია საპარაშუტო მომზადების აკოლა.

რედაქტორის რჩევით