აბაშიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ ვან დეიკის ტილო მათი საკუთრებაა - 14-მილიონიანი ნახატის ბურუსითმოცული თავგადასავალი - კვირის პალიტრა

აბაშიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ ვან დეიკის ტილო მათი საკუთრებაა - 14-მილიონიანი ნახატის ბურუსითმოცული თავგადასავალი

დაკარგული ვან დეიკის ნახატი სტამბოლში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, გუშინ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს.

(იხილეთ ფოტოგალერეა: ვან დეიკის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები)

მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან.

თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

"თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთში შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება".

დაკარგული ვან დეიკის ნახატი სტამბოლში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. როგორც თურქეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოიპარეს და რუსეთისა და საქართველოს გავლით სტამბოლში ჩაიტანეს.

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ნახატი იპოვა. კერძოდ, სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შესთავაზეს. გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა მოითხოვეს. დაკავება სტამბოლის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ნახატი მათ საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეიძინეს.

დაკარგულ ნახატზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედს" დაუკავშირდა აბაშიძეების ოჯახი, რომელთა განცხადებითაც, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო და წლების განმავლობაში, მათ ოჯახში ინახებოდა.

ეკა აბაშიძე:

"მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა. ყველა გადამყიდველმა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამ ნახატს ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამიტომ მივეცით ამ ხალხს ეს გასაყიდად".

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე  ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ".

ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს.

იხილეთ ასევე:  "საუკუნის ძარცვა": თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს