გაეროს ჰიმნის ქართველი ავტორი
11-01-2016
გაეროს ჰიმნის ქართველი ავტორი
"გული მწყდება, რომ რუსეთი უფრო აქტიურობს, ვიდრე საქართველო"

თინათინ ჯაფარიძემ სიმღერები ბარბრა სთრეიზანდსა და სელინ დიონსაც დაუწერა...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერლის, კომპოზიტორისა და ჟურნალისტის თინათინ ჯაფარ­იძის ანგარიშზე მრავალი მსოფ­ლიო წარმატებაა - ის გახლავთ­ გაეროს ჰიმნის ავტორი, მისი დაწერილი სიმღერით ისლანდიამ 2009 წელს ევროვიზიის კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა. თინათინმა სიმღერები ბარბრა სთრეიზანდსა და სელინ დიონსაც დაუწერა... ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის დავალებით საქართველოს სულ რამდენიმე დღით ეწვია.

- თქვენ სიმღერები
დაუწერეთ ბარბრა სთრეიზანდსა და სელინ დიონს...

- დიახ. სელინ დიონს ძალიან მოეწონა­ ის სიმღერა, რომელმაც ევროვიზიის კონკურსზე ისლანდიას მეორე­ ადგილი­ მო­უტანა. ამის შემდეგ მისმა აგენტმა დამირეკა­ და გადამაფრინეს ლას-ვეგასში.­ სელინ დიონი იქ კონცერტს მართავდა. მთხოვა, მისთვისაც დამეწერა სიმღერა... მეტისმეტად თბილი შეხვედრა იყო. სელინ დიონი­ ზუსტად
ისეთივეა, როგორსაც ეკრანზე ხედავთ­ ან ინტერვიუებიდან იცნობთ. შემდეგ კონცერტს დავესწარი და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი... მოგვიანებით სიმღერა გავუგზავნე, მითხრეს, რომ ძალიან მოეწონა, მაგრამ მეუღლე ჰყავს­ ავად და დღეს ალბომის ჩასაწერად ვერ იცლის, კონცერტებსაც იშვიათად მართავს, ისიც მეუღლის თხოვნით. ბარბრა სთრეიზანდი ჩემი კერპია. პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ სიმღერა მასაც გავუგზავნე და ძალიან მოსწონებია.

- საქართველოდან როდის წახვედით...
- 9 წლის ვიყავი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავიდა. 14 წლისა­ მოსკოვიდან კანის კინოფესტივალზე წამიყვანეს. რუსული ფილმების გახსნისთვის კინოფესტივალის სახედ ამირჩიეს... იმ პერიოდში ფრანგულს ვსწავლობდი. ძალიან შემიყვარდა სელინ დიონის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი ფრანგული რეპერტუარი, რომელსაც ვასრულებდი. შემდეგ საფრანგეთმა მიმიწვია და რამდენიმე კონცერტი მქონდა ნიცაში... შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მენეჯერი. მირჩია, სხვისი სიმღერების შესრულებას თავი დაანებე, საკუთარი რეპერტუარი უნდა გქონდესო. მოსკოვში რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, შემდეგ სხვ­ადასხვა არხმა მიმიწვია, მათ შორის "ბი-ბი­-სის" რადიომ. აღმოვჩნდი ჯერ ლონდ­ონში, შემდეგ ამერიკაში... 16 წლის ასაკში ჩემი დებიუტი შედგა ბარბრა სთრეიზანდის ლირიკოსების საღამოზე ნიუ-იორკში.

- ამერიკაში კარიერა ადვილად აიწყვეთ?
- ამერიკაში ძალიან პატარა ჩავედი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ პატარა აღარ ვიყავი, აღარავინ გამანებივრებდა და ყველა პრობლემას თავად უნდა გავმკლავებოდი... ერთხანს ჩამოვშორდი მუსიკას და გაეროში დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. სტატიებს ვწერდი რუსული პრესისთვის. კარგ დროს დაემთხვა ჩემი იქ მისვლა - გაეროს­ ჰიმნს არჩევდნენ. სურდათ, უცნობი ავტორი ყოფილიყო, რადგან ცნობილებს ხშირად სკანდალური წარსული აქვთ. ჩემი სიმღერა კი ძალიან მოეწონათ...

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომზე კრიტიკულ სტატიებს­ ვწერდი... არც ერთ­ ჩემს სტატიას ცენზურა არ შეხებია - არაჩვეულებრივი რედაქტორი მყავდა...
შემდეგ მუსიკას დავუბრუნდი, თუმცა დღემდე ვაგრძელებ წერას - ამერიკის გაზეთები საქართველოს შესახებ პუბლიკაციებს მთხოვენ.

- კონკურსზე საქართველო წარმატებას ვერასოდეს აღწევს. რა არის ამის მიზეზი?
- ჩვენ სულ ვცდილობთ ისეთი სიმღერა წავიღოთ, სადაც ფოლკლორული ელემენტებია. ევროვიზიის კონკურსი კი სულ სხვა სტილისაა... სამწუთიან გამოსვლაში­ მაინც ვერ გაგვიცნობს მსოფლიო და ჯობია­ ის მიმართულება ავირჩიოთ, რაც უფრო მოსწონთ.

- როგორია თქვენი პირადი ცხოვრება, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ?
- მტერს და ავს ქალს თაყვანისმცემლები არ ჰყავდეს... საქართველოში სულ მეკითხებიან, როდის თხოვდებიო... ყველაფერს თავის დრო აქვს!
შემომთავაზეს სოლოკონცერტი ფილარმონიაში, მაგრამ იმდენად­ არაპროფესიონალური თანამშრომლობა იყო, იმ კომპანიებმა, რომლებთანაც მე ვმუშაობდი ამერიკასა და ინგლისში, უარი განაცხადეს.

ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანაში რამე გავაკეთო.­ გული მწყდება, რომ რუსეთი უფრო აქტიურობს, ვიდრე საქართველო. ზაფხულში მოსკოვში იგეგმება ჩემი და უცნობილესი­ ფრანგი კომპოზიტორისა და მომღერლის­ რიკ ალისონის კონცერტი. უკვე გვქონდა ჩაწერა-გადაღებები მონრეალში და დიდი წარმატებით ჩაიარა... რუსეთი ძალიან დაინტერესდა ამ პროექტით და ჩვენ ვაპირებთ საკონცერტო ციკლის გამართვას რუსეთსა და საფრანგეთში.

- ქართულ ფილმშიც თამაშობდით, რომელიც ამჯერად შეჩერებულია...
- ფილმში კახი კავსაძესთან ერთად ვმონაწილეობდი... ერთობლივად იღებდნენ­ საქართველოსა და ამერიკის მხარეები და აქაც საქართველოდან არ მოხდა ხელშე­წყ­ობა. ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქართველი რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე იღებდა ფილმს "ქართული პური"... სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.

მანანა გაბრიჭიძე
იური გალდავა
13 აგვისტო 2018 12:21
სრულიად ვეთანხმები.ბოლო კომენტარს. წარმატებები 100 წელი. კრიტიკით ,რომ არ შეხვდეთ ისე,როგორ იცოცხლებთ,...


იური
04 ივნისი 2018 00:26
ღმერთმა ხელი მოუმართოს. კარგი გოგოა. რამდენი უწვალია. ესეც ხომ საქართველოს სახელია.ყოჩაღ.გაიხარე. მაინტერესებს დღეს გაერო მის მიერ დაწერილ და შესრულებულ ჰიმნს ასრულებს?- სარგებლობს?-აღიარა? ანსამბლ ,,მშვიდობას" გვინდა მის მიერ დაწერილი ჰიმნი შევასრულოთ. ნოტს და ტექსტ თუ გამოგვიგზავნის ეს დიდი პატივი იქნება."

პატივისცემით, ანსამბლის ,,მშვიდობა" სამხატვრო ხელმძღვანელი იური გალდავა.

პ.ს. სურათზე ლამაზი და საყვარელი გოგონაა.საურველი იქნებოდა სახასიათო სურათის გარდა სხვა - ჰიმნის შესრულების,ან ,..სცენაზე ,..დაედოთ.
hm
17 იანვარი 2016 00:12
არაადექვატური კომენტარები. მისამრტი შეGეშალატ?

მალადეც გოგო!!!

რედაქტორის რჩევით