დაკარგულები... - "იქ, საიდანაც დარეკეს, შვეულმფრენიც ავიდა, მაშველიც ჩაუშვეს, მაგრამ კაცის კვალი ვერ ნახეს"
11-01-2016
დაკარგულები... - "იქ, საიდანაც დარეკეს, შვეულმფრენიც ავიდა, მაშველიც ჩაუშვეს, მაგრამ კაცის კვალი ვერ ნახეს"
"ვერ დავიჯერებ, რომ ღამით იქ დარჩენილიყვნენ. ალბათ, ზემოთ აიწიეს, მერე კი ვეღარ გამოაღწიეს და სადღაც ჩარჩნენ"

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორიდან დაკარგული სამი მონადირის ასავალ-დასავალი კვლავაც უცნობია. თუმცა, იმედი მაქვს, გაზეთის გამოსვლამდე სიტუაცია შეიცვლება და ისინი საღ-სალამათები დაუბრუნდებიან ოჯახებს. სამწუხაროდ, 10 იანვრის მდგომარეობით, მონადირეების დაღესტანში გადასვლა არ დადასტურდა, თუმცა, ჯალალოვის და სამხარაძეების ოჯახები კვლავაც იმედით ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ 30 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარებული ახალგაზრდების გადარჩენის შანსი ყოველდღე მცირდება.

28 დეკემბერს კაბალის ხევიდან
ოთხი მონადირე სანადიროდ წავიდა. ერთ-ერთმა - გიორგი თურქაძემ დაბრუნება მოახერხა, ავთანდილ და დათო სამხარაძეებმა და ლევან ჯალალოვმა ახლობლებს 30 დეკემბერს დაურეკეს. მას შემდეგ კი გაუჩინარდნენ. სოფელში დაძაბული სიტუაციაა. იმედგადაწურული მონადირეები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან - რა ვთქვათ, ოჯახებს 1%-ღა სჯერა, რომ ბიჭები დაბრუნდებიან და მაგ იმედსაც
ხომ არ ჩავუკლავთო. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარს თავს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზითაც არიდებენ - როგორც ცნობილია, საქართველოში კერძო სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიების გარდა, ძუძუმწოვართა ნებისმიერ სახეობაზე ნადირობა იკრძალება.

ჯალალოვი სანამ დარეკვას ახერხებდა, ფოტოებს ტვირთავდა თავის ფეისბუკგვერდზე. კადრებში ასახული ტერიტორია ნაკრძალი არ არის

იმ ადგილებში, სადაც მონადირეები დაიკარგნენ, ჯიხვის და ირმის მაძიებელი ბრაკონიერები დადიან. წითელ წიგნში შეტანილი ამ ორი, იშვიათი სახეობის მოკვლა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა, ცდუნება იმდენად დიდია, რომ კანონის გვერდის ავლას ჟინის მოსაკლავად ხშირად ცდილობენ. დაკარგულები არ მალავდნენ, რომ ნადირობას აპირებდნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ კიდეც, სად და რატომ მიდიოდნენ, მაგრამ სოფელში მონადირეები მაინც ფრთხილობენ, ცდილობენ, ყურადღება არ გაამახვილონ იმაზე, რის გამოც შინ მშვიდობით დაბრუნებულებს, შესაძლოა (უფრო კი - კანონით სავალდებულო), პასუხი მოეთხოვოთ. 
მიუხედავად ამისა, რამდენიმე დეტალის გარკვევა მაინც შევძელი. მონადირეთა ოთხეულს ნადირობის დაწყებისთანავე ორი გარეული ბურვაკი მოუკლავს, მაგრამ ვერ დაკმაყოფილებულან - საახალწლოდ ეშვიან ნადავლს რქიანი სჯობსო და ჯიხვის მოსაძებნად დაძრულან.

ავთანდილ სამხარაძეს შინ ცოლ-შვილი ელოდება, დათოს და ლევანს - დედები. ბიჭებს გზებიც კარგად სცოდნიათ. ჯალალოვი ორი წელი პოლონეთში ყოფილა. იქ მუშაობდა და საახალწლოდ დაბრუნებულა შინ.  თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მონადირეები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ნაკრძალში შევიდნენ, რასაც უკან დაბრუნებული გიორგი თურქაძე უარყოფს. დაკარგული სამხარაძეების თანასოფლელი, ხანდაზმული მონადირე ბიჭიკო ჩითინაშვილი ამბობს, რომ დაკარგულების დაღესტანში გადასვლის შესახებ ინფორმაციამ ძალიან გააკვირვა. ძველი მონადირე მიიჩნევს, რომ მათ შინ დაბრუნება უფრო უნდა გაიოლებოდათ, ვიდრე დაღესტანში გადასვლა. 

ბიჭიკო ჩითინაშვილი: - სანამ ამინდი შეიცვლებოდა, არაფერი გაუჭირდებოდათ. გზები შესანიშნავად იციან. ბოლოს საიდანაც დარეკეს, იქიდან ორმეტრიან თოვლში დაღესტანში ვერ გადავიდოდნენ. ჩვენკენ უფრო რბილი რელიეფია, იქით კი რთული კლდეებია. თუ ძალა ეყოფოდათ, დაბლა უნდა ჩამოსულიყვნენ.

- რა ადგილიდან დარეკეს?

- ლაკოს ხევიდან იალაღამდე მონადირეების პატარა ქოხია. წვიმიანში თავს შეაფარებ, მაგრამ თუ თოვს, იქ ღამეს ვერ გაათევ, გაიყინები. ვერ დავიჯერებ, რომ ღამით იქ დარჩენილიყვნენ. ალბათ, ზემოთ აიწიეს, მერე კი ვეღარ გამოაღწიეს და სადღაც ჩარჩნენ. იქ, საიდანაც დარეკეს, შვეულმფრენიც ავიდა, მაშველიც ჩაუშვეს, მაგრამ კაცის კვალი ვერ ნახეს. 

- მაგ მხარეში რაზე შეიძლება ნადირობა?
- კანონით არაფერზე, მაგრამ ჯიხვი და ირემი შეიძლება შეგხვდეს.

- გადარჩენილ მონადირეს შეხვდით?
- დიახ. უკან დაბრუნებული და დაკარგულები ერთმანეთს ასცდნენ. მათ ჩათვალეს, რომ გიორგი სადღაც გადავარდა, რადგან ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ და ძებნა დაუწყეს. მთაში ასეა - კაცი რომ დაგეკარგება, უნდა იპოვო. სხვანაირად დაბრუნება სირცხვილია. ამან კი გამოასწრო ქარბუქს და როგორღაც გამოვიდა სამშვიდობოს, მაგრამ ისინი გახდნენ საშველი.
ბატონი ბიჭიკო სხვა დეტალებზე საუბარს თავს არიდებს. თუმცა, სოფელში ამბობენ, რომ იმ დღეებში მთაში ჯიხვ-ირმის დასახოცად კიდევ ერთი, რვაკაციანი ჯგუფი მიდიოდა, რომელთაც გზად გადაეყარათ ქარბუქს გადარჩენილი გიორგი თურქაძე. მონადირეები გამოდარებას ელოდნენ, რომ დაკარგულები მოეძებნათ, მაგრამ ძალიან რომ გაავდრდა, მიხვდნენ, საკუთარი ძალით ვერაფერს გახდებოდნენ და ყველა უკან დაბრუნდა.

გიორგი სულამანიძე, ლაგოდეხის­ დაცული ტერიტორიის დირექტორი:
­ -  დაკარგული მონადირეები ნაკრძალის ტერიტორიას არ გაჰკარებიან. კაბალის ერთ-ერთი შესართავიდან ლაკოს ხეობაში ასულან. ჯალალოვი სანამ დარეკვას ახერხებდა, ფოტოებს ტვირთავდა თავის ფეისბუკგვერდზე. კადრებში ასახული ტერიტორია ნაკრძალი არ არის. მონადირეები ნაკრძალში შემოსვლას ერიდებიან. იციან, რომ ფოტოხაფანგებთან გავლისას საფრთხე ელოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ნიღბებს იკეთებენ, როგორც კი ვინმე შეიარაღებული ან ნიღბიანი კადრებში გამოჩნდება, მათ დაკავებას ვცდილობთ. სამწუხაროდ, ბევრს ესეც ვერ აშინებს და მაინც შემოდიან ნაკრძალში. 
იმის გამო, რომ დეკემბერი უთოვლო იყო, ბევრ ბრაკონიერს სძლევდა ცდუნება, იმ ტერიტორიებით წასულიყო ჯიხვის და ირმის საძებნად, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ხშირად ტყეებში იარაღით არც კი შემოდიან. მაღლა მთებში სამალავები აქვთ და იქ ზეთით სავსე პოლიეთილენის ცელოფანებში ან მანქანის საბურავის გადაჭრილ კამერებში ინახავენ იარაღს. მოინადირებენ, იარაღს კვლავ სამალავში დატოვებენ და ნადავლით სავსე ჩანთებით ბრუნდებიან უკან. თუ დაკავებას დააპირებ, ჩანთას გადააგდებს და გაიქცევა.

უიარაღოზე ისედაც მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი მოქმედებს. ამიტომაც ურიგო არ იქნება დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილების რეჟიმის კანონით გამკაცრება. ასე არა მხოლოდ ნადირ-ფრინველს დავიცავთ, ადამიანებიც აღარ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში.
kaxeti
14 იანვარი 2016 12:31
საკუთარ ტოტს ვიჭრით..,ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას..,ასეთი ვანდალიზმი ბუნების მიმართ მხოლოდ საქართველოში ხდება.
antokeli
11 იანვარი 2016 11:51
დიდი ბოდიში, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ვინც წავა, ადრე თუ გვიან რამეს მოიწევს.

რედაქტორის რჩევით