გურულებმა გვისახსოვრეს...
11-01-2016
გურულებმა გვისახსოვრეს...
ფეისბუკგვერდი "აბდალა გურულები" ფოტოს აქვეყნებს წარწერით: დღის პოზიტივი. "სრული ქაოსია ლანჩხუთის ცენტრში - გაუკვალავი გზები, დამტვრეული ხეები... მხოლოდ ძაღლი ზრუნავს მოქალაქეებზე..."

2016 -მა წელმა პირველი დიდ­თოვლობა­ მოიტანა - 1,5 მეტრამდე თოვლის საფარით დაიფარა აჭარა, გურია, სამეგრელო და კახეთი. მოსახლეობას პრობლემა პრობ­ლემაზე დაემატა - გურია-სამეგრელო დიდთოვლობისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. იმდენად მოუმზად­ებელი, რომ გურია-სამეგრელოს ნაწილი ახალ წელსა და ბედობას სანთლის შუქზე შეხვდა. ვერ დავიფიცებთ, ამის გამო გურიაში საახალწლო სუფრები არ გაშლილაო -
ამას გურულებს მარადიული უკუნეთიც ვერ აიძულებს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება რიტმიდან ნამდვილად ამოაგდო.

ეს იმანაც განაპირობა, რომ სანთლის შუქზე ნაქეიფარმა გურულებმა თითი ხელისუფლებისკენ გაიშვირეს, - ეს უკუნი და წკვარამი თქვენი ბრალია, ზამთარს მომზადებული არ შეხვდით და არც ახლა ანძრევთ­ ხელსო, რამაც ახალი წლის ღამეს ქუჩაში თოვლის
ფხეკაში გაყინული ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე აღაშფოთა და საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა: "თქვენ სიმართლის თქმა და დანახვა რომ არ გინდათ, ბოღმა­ დაგახრჩობთ ერთ დღეს. აბა, რა იყრება საავადმყოფოს აღმართზე, ვერც ამას ხედავთ? მერზე აღარ მაქვს ლაპარაკი, უკლებლივ ყველა სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი ოჯახებში არც კი გაუთენებიათ, ქუჩაში ათენ-აღამებენ. მოდი ერთი, თუ ოზურგეთში ხარ და განახებ მარილს!" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კი გამოტყდა: "ღამით ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, მე რომ განათებული ვარ, ისე განათებული იყავი შენო. მართალია ის კაცი!" კინაღამ დაუკრძალავი დარჩა მიცვალებული ჩოხატაურის სოფელ საჭამიასერში - ტრაქტორს, რომელიც ჩოხატაური-სამტრედიის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან კოხნარი-ჩოხატაურის მიმართულებით გზას წმენდდა, საწვავი გაუთავდა და... გაჩერდა.

მსგავსი პრობლემები არ შექმნიათ დინჯ კახელებს, რომლებიც ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ...

სამეგრელოში ამბობენ, 30 წელიწადია, აქ ამხელა თოვლი არ მოსულაო და მიყენებულ ზარალს ითვლიან. ზუგდიდის ცენტრში მანქანები თოვლში ჩაიმარხა, რის გამოც პატრონებმა მიატოვეს და ახალი წლის ღამეს ჩამომდგარ უკუნში "კუჩხი ბედინერის" დასაგუგუნებლად შინისკენ გასწიეს. ამ დღეებში დაგეგმილი ზუგდიდის­ ყინულის სახლის (რომელიც 5 მილიონი დაჯდა) საზეიმო გახსნა ჩაიშალა. ზუგდიდელები სოციალურ ქსელში წერდნენ: "აბა, სად ყინულის სახლი და სად ზუგდიდი, რომელი ხარლამოვი, როდნინა ან პლიუშენკო გაიზრდებოდა აქ, მესმის, ამ სახლის აშენება იქ, სადაც 6 თვე მაინც ყინავს! "ნაცების"­ პროექტი "ქოცებმა" წარმატებით გააგრძელეს და აი!"

...აი და რაი: ქვეყნის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაბნელებულ ახალ წელს კონტრაქტორებს აბრალებს, - მაგათ რომ კარგად ემუშავათ, ჩვენი მოსახლეობა ახალ წელს განათებული ფანჯრებიდან უყურებდა ფიფქების ცვენას, აფსუს, რა სიხარული ჩაუშხამეს ხალხსო! ისე, როგორც რაჭველები ამბობენ, - ამ თოვლის მოსვლა, თუ არ ჩავთვლით რაჭველებზე მეტად შენელებულ გურიისა და სამეგრელოს ხელისუფლებას, ნამდვილად ღირდა - თოვლმა მტვრისაგან გაჟღენთილი ჰაერი გააკრიალა,­ გააჯანსაღა, უფროსებს ბავშვობა გაახსენა, პატარები გაახალისა და საახალწლო სიხარული შეEქმნა. მეტიც, გურიაში გურულებს ყინვის ჩიჩილაკიც კი მოუმზადა, რომ­ელიც რომელიღაც გურულმა გადაიღო და მთელ საქართველოს უსახსოვრა კალანდობის საჩუქრად. ვისურვოთ, რომ განათებული ახალი წლები დაგვაკვებოს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით