"როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა" - როგორ გადაარჩინა ძაღლმა სიკვდილს ზურა ყიფშიძის ოჯახი - კვირის პალიტრა

"როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა" - როგორ გადაარჩინა ძაღლმა სიკვდილს ზურა ყიფშიძის ოჯახი

თურმე მსახიობ ზურა ყიფშიძეს ცხოველები განსაკუთრებულად ჰყვარებია. აი, რა გაიხსენა ბატონმა ზურამ ჟურნალ "გზასთან":

- მყავს ბავშვობის მეგობარი დიმა გედევანიშვილი, რომელიც ფილმში "როცა აყვავდა ნუში" თამაშობს. მის ბინაში, სოლოლაკში ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობდი და ჩვენს ძაღლს პატარა სახლი აივანზე მოვუწყვეთ. ერთ საღამოს შუქი ჩაქრა, დენის გამათბობელი კი ჩართული დაგვრჩა. როგორც ჩანს, ღამით ფეხი წავკარი და წავაქციე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შუაღამისას, როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა... ეს იგრძნო ძაღლმა და აივნის კარს მანამდე ურტყა თათი, ვიდრე კარი არ შემოანგრია; ოთახში შემოვარდა, ყველა გაგვაღვიძა და სიკვდილს გადაგვარჩინა. ამ ზამთარს ბაგირას ვასეირნებდი და ყინულზე ისე დავეცი, ფილტვები "ჩამეკეტა", ვეღარ ამოვისუნთქე. საწყალს, ძალიან შეეშინდა და დიდხანს მლოკავდა; ვიდრე არ ამოვისუნთქე, არ მომეშვა.

-ცხოველები ალბათ ბავშვობაშიც გიყვარდათ?

- კი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ მათი ყოლის უფლებას არ მაძლევდნენ. დეიდები ბინაში სისუფთავეს იცავდნენ და აბა, ბაცილებიან ძაღლს შინ ვინ მიმაყვანინებდა?!. უფლის წყალობით, ახლა ისეთი ოჯახი მაქვს, რომ რამდენ ძაღლსაც მინდა, იმდენს ვიყოლიებ. ერთი ახლა დაანახვა ჩემი სახლი დეიდებს... გუშინ ღამით საწოლიდან ცოტა ხნით ავდექი. დასაწოლად რომ დავბრუნდი, დავინახე, ბაგირა ჩემს ლოგინში იწვა, თან ისე, რომ ადგილი ჩემთვისაც ჰქონდა დატოვებული (იღიმის). ცხოველები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს. ბავშვობაში თურმე, თავისი ნაგაზი სკოლაში აცილებდა და ეზოში ელოდებოდა; ბოლო გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარი რომ დაირეკებოდა, საკლასო ოთახის კარს თათით აღებდა, ჩემი ცოლის ჩანთას პირით იღებდა და ბავშვი შინ მიჰყავდა. თუ ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს კლასში შეაყოვნებდა, შანსი არ იყო, ძაღლი პატრონს იქ აღარ გააჩერებდა: მან იცოდა, რომ წასვლის დრო იყო! ვფიქრობ, ბავშვები ცხოველებთან ერთად უნდა იზრდებოდნენ.

ამას წინათ, ჩემს მეგობარს ძაღლი მოუწამლეს და ლამის გავგიჟდი; ადამიანი, რომელიც ამას იკადრებს, ციხეში უნდა ჩასვა! არ მიყვარს ის ხალხიც, ვინც ძაღლებს აჩხუბებს. ოჯახის წევრები უფრო მეტად მიშლიან ნერვებს, ვიდრე ძაღლი და აბა, პატივი არ უნდა ვცე ასეთ ცხოველს?!

იხილეთ სრულად