ქართველი ტიუსოს არაჩვეულებრივი გამოფენა
18-01-2016
ქართველი ტიუსოს არაჩვეულებრივი გამოფენა
ნანა ბედიაშვილი: "პოლიტიკოსების ფიგურები არ გამიკეთებია, ვინც არ მომწონს, იმის ფიგურას ვერ შევქმნი... მინდა, ფიროსმანის პორტრეტი გავაკეთო"

"მხატვრების საზოგადოებაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ხატვა არ ვიცი..."


ნანა ბედიაშვილი ცვილის ფიგურების თვითნასწავლი ოსტატია. შინაურები მას ქართველ მადამ ტიუსოსაც უწოდებენ, თუმცა, მისი ფიგურები სულაც არ შექმნილა მადამ ტიუსოს მუზეუმის დათვალიერების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით. ერთ-ერთი პირველი ფიგურა ქალბატონმა ნანამ ბნელ 90-იანებში გამოძერწა, როდესაც სანთლის­ შუქზე გაჰყავდა სუსხიანი საღამოები. გაყინული
თითებით თბილი ნაღვენთის თამაშ-თამაშით მიხვდა, რომ საინტერესო მასალა მიიღებოდა თოჯინების გასაკეთებლად და შემთხვევით "შემოეძერწა" ადამიანის თავი, რასაც უკვე დიდი მონდომებით მიაბა­ ხელ-ფეხი.

- დიდი სურვილის მიუხედავად, მადამ ტიუსოს მუზეუმში არ ვყოფილვარ... სანთელი რბილია­ და სითბოში ფო­რმას ადვილად კა­რგავს, ამიტ­ომ გასამაგრებლად მოვიფიქრე, რომ მასში თაბაშირი შემერია.
მივიღე მყარი მასალა, რომელსაც კი არ ვძერწავ, ვთლი, როგორც ქანდაკებას. ­შემდეგ ამ ქანდაკებას ჩავაცვი­ ტანისამოსი. ასე შეიქმნა "ჭორიკანა ქალი". თავიდან უფრო ზღაპრის გმირებს ვამზადებდი. შემდეგ ჩემი საყვარელი ფილმების გმირებს ვაქანდაკებდი. ჩარლი ჩაპლინი განსაკუთრებულად მიყვარს და 3 ფიგურა მივუძღვენი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა "გოგონა მარგალიტის საყურით", სადაც მთავარ როლს სკარლეტ იოჰან­სონი ასრულებს. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ჩემი კოლექცი­ისთვის შევქმენი "გოგონა მარგალიტის საყურით". ძალიან გავწვალდი, განსაკუთრებ­ით მისი სკამის გაკეთები­სას. სადურგლო ხელსა­წყოები არ მაქვს, მაგრამ რაღაც მოვახერხე.

- რა ზომისაა თქვენი ქმნი­ლებები?
- დაახლ­ოებით 60-დან 120 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა.

- გამოფენები ხშირად გაქვთ?
- საკმა­ოდ. დამთვალი­ერებელთა ემოციებს ვაკვირდები და მიღებული შთაბეჭდილებები დიდ სტიმულს მაძლევს ახალი ნამუშევრების გასაკეთებლად.
პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ. მხატვრობაზე არასდროს მიფიქრია. აზრადაც არ მომსვლია, რომ აკადემიაში ჩამებარებინა. მხატვრების საზოგადოებაში კი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ხატვა არ ვიცი...
პროფესიით მხოლოდ 6 წელი ვიმუშავე. მერე ბავშვს ვუვლიდი, ახლა შვილიშვილების მოვლაში ვეხმარები ჩემს ქალიშვილს. 4 შვილიშვილი მყავს. მიყვარს კერვა და ნამცხვრების ცხობა. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი კლასიკური მუსიკაა. ათწლედი მაქვს დამთავრებული. ჩემგან მუსიკოსი არ გამოვიდა, მაგრამ კარგი მსმენელი ნამდვილად დადგა. განსაკუთრებით ბეთჰოვენი მიყვარს. ძირითადად მისი ჰანგების ფონზე იქმნებიან ჩემი ქმნილებები.

- რომელიმე პოლიტიკოსის ფიგურის შექმნას არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?
- ვინც არ მომწონს, იმის ფიგურას ვერ შევქმნი... მაქვს სურვილი, ფიროსმანის პორტრეტი გავაკეთო. წარსულში ლევან­ გაჩეჩილაძის ფიგურა მაქვს დამზადებული. მთხოვეს და მგონი, გავართვი თავი. რა თქმა უნდა, გავაჩუქე. პატრიარქის ფიგურაც გავაკეთე და საჩუქრად გადავეცი საპატრიარქოს.

- რამდენი ფიგურაა ამჟამად თქვენს კოლექციაში?

- ასზე მეტი იქნება. ბევრი გავაჩუქე. ბევრჯერ მიფიქრია, რას ნიშნავს ჩემთვის ისინი და დავასკვენი - ეს ფიგურები ჩემი არსებობის გამართლებაა.

მადამ ტიუსოს მუზეუმი

საუკუნის წინ ლონდონში გახ­სნილი მარია ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი მნახველს დღემდე აღაფრთოვანებს. მუზეუმს ფილიალები აქვს ამსტერდამში, ლას-ვეგასში, კოპენჰაგენში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სიდნეიში, ჰონკონგსა და ბერლინში.

მარია ტიუსო 1761 წელს დაიბადა სტრასბურგში, ქალიშვილობის გვარი გროსჰოლტცი იყო. მარიას დედა დიასახ­ლისად მუშაობდა დოქტორ ფილიპ კერტისთან, რომელიც ცვილის მოდელებს ამზადებდა. მან გოგონას ეს საქმე შეასწავლა და 16 წლისამ პირველი ფიგურა შექმნა. ეს იყო ლუდოვიკ XV-ის საყვარლის, მარი ჟანდიბუარის მოდელი. ფილიპ კერტისის პირველი გამოფენა 1770 წელს პარიზში გაიმართა... კერტისის გარდაცვალების შემდეგ, მისი მთლიანი კოლექცია მარია ტიუსოს გადაეცა. 41 წლის მარია ლონდონში გადადის საცხოვრებლად... 1835 წლიდან იხსნება მისი გამოფენა ლონდონში, ბეიკერსტრიტზე და სამუდამოდ იქ რჩება.

"საშინელებათა კაბინეტი" - ასე ერქვა ერთ-ერთ ოთახს, სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის რევოლუციის მსხვერპლთა და ცნობილ დამნაშავეთა ფიგურები. დროთა განმავლობაში ტიუსოს მუზეუმი ცნობილი ადამიანების ფიგურებით შეივსო. მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმის დამაარსებელი 1850 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1925 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მუზეუმი, განადგურდა ბევრი ფიგურა, საბედნიეროდ, ყალიბები შენახული იყო და მრავალი მათგანი აღადგინეს.

ეკა სალაღაია
ხათო
17 მარტი 2016 12:37
აღფრთოვანებული ვარ,წარმატებებს და სიკეთეს გისურვებთ.საოცარია ეს დაფარული და გამომჟღავნებული ტალანტი )

რედაქტორის რჩევით