კარსანის საიდუმლო - კვირის პალიტრა

კარსანის საიდუმლო

სოფელი კარსანი"ერთ-ერთი საინტერესო ადგილია საქართველოში.

ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს. 2002 წლის აღწერით,"კარსანში მხოლოდ ცხრა კაცი ცხოვრობდა.

მოგზაურობა კარსანში

მეგობრებთან ერთად კარსანში გავემგზავრე, რომელიც მცხეთის რაიონს ეკუთვნის და თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ვიწრო გზა მთას მიუყვება. აქა-იქ შენობების ნანგრევებია შემორჩენილი. მაღალ ხეებში ჩამალული გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა სანახევროდ დანგრეულია. იატაკი ზოგან ჩაშლილია, ჭერი ჩამონგრეული. ზედა სართულებზე, სადაც ობსერვატორიის შემდეგ საავადმყოფოს პალატები იყო, ექიმის ჩანაწერები, წამლის ფლაკონები და შპრიცებია მიმოფანტული. აქა-იქ ყრია ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები.

შენობის ახლოს ორმოს წავაწყდით, საიდანაც ვიწრო გვირაბით პატარა კვადრატულ ოთახში მოვხვდით. შესასვლელი აგურით იყო ამოშენებული, რომელიც როგორც ჩანს, მოგვიანებით გამოუნგრევიათ. ოთახში საჰაერო მილია. ცენტრში კი ამწის მსგავსი უცნაური დანადგარის კარკასია შემორჩენილი.

იქაურობის შემხედვარეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს შენობა რაღაც მიზეზით საოცარი სისწრაფით დატოვეს.

ხევის პირას კიდევ ერთი ნაგებობაა, რომელიც ვიწრო და ბნელი დერეფნებით რამდენიმე წრიულ დარბაზს უკავშირდება. დარბაზების ჭერი ზოგან ცისფრად არის შეღებილი, ზოგან კი წითლად. კედლებზე უცნაური წარწერებია - "ღამე გავათიეთ და შიშით ვკანკალებდით", "ვჭამეთ შემწვარი ძაღლი"... როგორც ჩანს, წრიულ-დარბაზებიანი შენობა ობსერვატორიას ეკუთვნოდა... გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობას ხელი რომ არ შეშლოდა, კარსანის ტერიტორია დაცული იყო - 500 მ რადიუსში იკრძალებოდა ყოველგვარი მშენებლობა. ობსერვატორიამ კარსანში 1935 წლამდე იმუშავა, მას შემდეგ, რაც რკინიგზა გაიყვანეს, მატარებლების მოძრაობისას მიწა ბიძგებს იძლეოდა და კვლევებს ხელს უშლიდა, ამიტომ ობსერვატორია დუშეთში გადავიდა.

ამ შენობაში განთავსებულ ტუბდისპანსერს კი ორი განყოფილება ჰქონია. ერთში ჩვეულებრივი პაციენტები იყვნენ, მეორეში - პატიმარი პაციენტები.

მათი პალატები რკინის გისოსებში იყო ჩასმული. თვითმხილველთა გადმოცემით, გასული საუკუნის 80-იანი წლების არეულობის დროს, იქ რომელიღაც დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იქ იყო ძვირფასი ლითონის დანადგარები.

საავადმყოფო გაძარცვეს და დაარბიეს, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, პატიმრების ჩათვლით, გაიქცნენ. განადგურდა პრეპარატები, პაციენტთა ანალიზის მასალები... მომდევნო წლებშიც იქაურობა ჯართის მოსაპოვებლად იძარცვებოდა. სახურავი, მილები, ელექტრო, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობები, ყველაფერი, რისი დაშლა და წაღებაც შეიძლებოდა, წაიღეს...

კედლებზე უცნაური წარწერებია: "ღამე გავათიეთ და შიშით ვკანკალებდით", "ვჭამეთ შემწვარი ძაღლი"...

საიდუმლო თუ ფანტაზიის ნაყოფი

მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე საიდუმლოდ მიიჩნეოდა. ვფიქრობ, საიდუმლო ლაბორატორია და საიდუმლო იარაღზე მუშაობა კარსანში ხალხის ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე სინამდვილე. მეცნიერებათა დოქტორმა, ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების სპეციალისტმა შუქრი აბრამიძემ (გახსნის დღიდან 18 წელი ქიმიური რეაქტორის ამ დანადგარის მთავარი ინჟინერი და შემდგომში ობიექტის ხელმძღვანელი გახლდათ), მითხრა, რომ კარსანში იყო რადიოქიმიური ლაბორატორია, ჰქონდათ გამა-გამოსხივების წყაროები, აკეთებდნენ სტერილიზაციას და გარკვეულ დასხივებას სხვადასხვა ნიმუშებისა, მაგალითად, სათესლე მასალის, სიმინდის, თამბაქოსი და სხვა...

პირველი ებრაელები კარსანში

კარსანის სავარაუდო ეტიმოლოგიაა - კარისანი, ე.ი. არმაზციხის სამხრეთი კარის მიმდებარე ტერიტორია. ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში", ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების მონათხრობში გამოჩნდა. "ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას". "ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე" (აბიათარ მღვდელი).

ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კვართის მცხეთაში მომტანი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელია. ეს უკანასკნელი თხრობაში უცბად ჩნდება. არ ჩანს მისი ვინაობა, წარმომავლობა და კვართის ჩამოტანისთანავე უცბადვე ქრება. მისი აზრით, ლონგინოზის სახელი საგანგებოდაა დამატებული ჭეშმარიტი თხრობის შთაბეჭდილების შესაქმნელად. ავტორს სურს, მკითხველი დაარწმუნოს, რომ ამბავი სანდო კაცის დაწერილია.

არქეოლოგიური გათხრები

კარსნისხევში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით, იგი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ჩანს დასახლებული. გამოვლენილია ამ პერიოდის სამარხები, გათხრილია ადრეული შუა საუკუნეების ნასოფლარი და სამაროვანი. გამოვლენილი ძეგლების ანალიზით ირკვევა, რომ მეთუნეთა ნამოსახლარი, სახელოსნო უბანი, მარნები და საწნახელი ასახავს დედაქალაქობის დროინდელი მცხეთის ერთ-ერთი მასაზრდოებელი უბნის ცხოვრებას. კერძოდ, იგი წარმოადგენს არმაზციხის ეკონომიკურ სახსარს ახ. წ. პირველ საუკუნეებში. სამარხებში აღმოჩნდა ადამიანთა ჩონჩხებიც, რომელთაგან ზოგი გვერდულად, ზოგი პირაღმა იყო დამარხული და პირი დასავლეთისკენ ეჭირა.

თეა ინასარიძე