"მამას ძალიან ენატრებოდა საქართველო­" - ოთარ სეფიაშვილი და კინოს ჯადოსნურ სამყაროში შეღებული კარი - კვირის პალიტრა

"მამას ძალიან ენატრებოდა საქართველო­" - ოთარ სეფიაშვილი და კინოს ჯადოსნურ სამყაროში შეღებული კარი

"საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოუტანეს, უნდა გენახათ, რამდენ ხანს ყნოსავდა" -

ლეგენდარული გადაცემა "ილუზიონის" ავტორი და წამყვანი, კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილი 2015 წელს, 84 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ბატონ ოთარს, რომელიც ბოლო 18 წელიწადი აშშ-ში ცხოვრობდა, ამერიკაში გამომავალი ჟურნალ "მამულის" რედაქტორ-გამომცემელი, მანუჩარ კაჭახიძე "კვირის პალიტრასთან" ასე იხსენებდა...

"ჩემს თაობას საბჭოთა ბავშვობაში ტელეეკრანზე თუ რამ უნახავს ღირებული, ეს "ილუზიონია", რომელიც პირველად ეთერში 1981 წლის 1-ელ იანვარს ხმაურიანად გავიდა. გადაცემას სკანდალები არც შემდეგ მოჰკლებია. რამდენჯერმე დახურვაც სცადეს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური ტელევიზია საპროტესტო წერილებმა ლამის წალეკა, გადაცემის დახურვაზე უარი თქვეს".

მანუჩარ კაჭახიძემ ისიც გაგვანდო, რომ ოთარ სეფიაშვილს ყველაზე მეტად თბილისი ენატრებოდა.

"უნდა გენახათ, თვალებში ვარსკვლავები როგორ აუციმციმდებოდა, როცა საქართველოზე საუბარს დავიწყებდით. აი, მაშინ, ცხადად შევიგრძნობდი, რომ ნიუ-იორკის ერთ მოკრძალებულ ბინაში, თბილისური მოგონებებით ფრთაშესხმული ახალგაზრდა მესაუბრებოდა და არა ცხოვრებით დაღლილი მოხუცი. საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოუტანეს, უნდა გენახათ, რამდენ ხანს ყნოსავდა, საქართველოს სურნელს ეძებდა. ჩემთვის გაყოფილ სულგუნშიც გემოზე მეტად, სურნელმა გააგიჟა.

"ილუზიონი" ჩემი თაობის რევოლუციური გადაცემა იყო... მკრთალად განათებულ ინტერიერში, მეწამულ სავარძელში იჯდა ნაცრისფერპიჯაკიანი კაცი და ტელემაყურებელს ამ ჯადოსნური სამყაროს კარს მშვიდი საუბრითა და კეთილი ღიმილით უღებდა".

"კვირის პალიტრას" ოთარ სეფიაშვილის შვილი, ალექსანდრე სეფიაშვილი ამერიკიდან ესაუბრა.

- ვიცი, მამა მთელ საქართველოს უყვარდა. ამას წინათ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რადგან ახალი წლის შემდეგ მის საფლავზე არ ვყოფილვარ, ამიტომ მე და ჩემი შვილი წავედით და ყველაფერი ვუთხარი, რაც კი მინდოდა რომ გამეზიარებინა... ისიც ვუთხარი, შენი ბევრი მეგობარი მიკავშირდება საქართველოდან-მეთქი. დარწმუნებული ვარ, მამასნაირი ადამიანები არ კვდებიან... ხშირად ვეკითხებოდი კინოსა თუ მხატვრულ ნაწამოებზე, მაოცებდა, რა არასტანდარტული მიდგომა ჰქონდა ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ... მასთან საუბარი უდიდესი გაკვეთილი და უდიდესი სიამოვნება იყო! მამამ წიგნი დატოვა, რომლის გამოცემაც ვერ მოასწრო, მაგრამ მე ვითავე და მალე გამოვა. ეს წიგნი ეძღვნება ქართველ-ებრაელ მხატვარს შალომ კობოშვილს, რომელსაც ქართველ-ებრაელ ფიროსმანს ეძახდნენ...

მამას ძალიან ენატრებოდა საქართველო. აქ ქართულენოვან გაზეთში გამოაქვეყნა სტატია - "მონატრება"... ბოლომდე შემოქმედებითი ცხოვრებით იცხოვრა, ორი წიგნი გამოაქვეყნა. მე ახლაც ვტირი, როცა მახსენდება, მამას როგორ ენატრებოდა თბილისის ქუჩებში გავლა, მინდა გაზაფხულის შხაპუნა წვიმაში დავდგე და კარგად დავსველდეო... მამა აქ ამერიკულ კინოს კიდევ უფრო ჩაუღრმავდა. კარგი კინომცოდნე იყო, მაგრამ ბევრი რამ საბჭოთა კავშირში ჩვენამდე არ მოდიოდა. ხშირად ადარებდა ქართულ კინემატოგრაფიას. იხსენებდა თენგიზ აბულაძეს, რეზო ჩხეიძეს... რეზო ჩხეიძე რამდენჯერმე ჩამოვიდა და განსაკუთრებული სტუმარი იყო ოთარისთვის.

- თქვენზეც გვითხარით... ვიცი, რომ წარმატებული ექიმი ბრძანდებით...

- ამერიკაში მედიცინა ძალიან განვითარებულია, მაგრამ უფრო ბიზნესის სახეს ატარებს... მყავს პაციენტები, მაგრამ მაინც ვარჩიე, მეცნიერებას გავყოლოდი... ქართველი მეუღლე მყავს, ვაჟი - ოთარიკო ფიზიკა-მათემატიკოსია, ხარისხიც დაიცვა. თამუნა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ ბაბუის კვალს გაჰყვა და ამერიკის ყველაზე ინტელექტუალურ შოუში მუშაობს. მსოფლიოში ცნობილი ადამიანები - მწერლები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები თუ მეცნიერები მისი რესპონდენტები არიან. თამუნა ყველაზე მეტად ახარებდა ბაბუას თავისი წარმატებებით. მამამ ბევრი რამ ასწავლა, ბევრი ჟურნალისტური საიდუმლო გაუმხილა...

- საქართველოში არ ჩამოხვალთ?

- მე და ოთარიკო ვგეგმავთ ჩამოსვლას. თამუნა იყო რამდენიმე წლის წინ.

- ვიცი, "ილუზიონი" გრძელდება...

- მანუჩარ კაჭახიძემ და მამამ გადაწყვიტეს "ილუზიონი" აღედგინათ. მანუჩარი აქ შესანიშნავ ჟურნალს - "მამულს" უშვებს და მამა წერდა ტექსტს არა მაყურებლისთვის, არამედ მკითხველისთვის. იმდენი მოასწრო, რომ კიდევ ერთი წლის მარაგი დატოვა. ასე რომ, მამას გარდაცვალების შემდეგაც "ილუზიონი" ამერიკაში აგრძელებს სიცოცხლეს და "მამულის" ყველა ნომერში იბეჭდება.

"ვუყურებ ამ ქალს და დავეჭვდი..."

რემბრანდტის "დანაე" (1636-1647), სურათი ერმიტაჟის კოლექციიდან, შექმნილია პერსევსის დედა დანაეს შესახებ ძველბერძნული მითის მიხედვით

ალექსანდრე სეფიაშვილმა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბო მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებაც, რომელიც რემბრანდტის ცნობილ ნახატს უკავშირდება... ალექსანდრე სეფიაშვილმა მკერდის კიბოს პრობლემებზე მუშაობისას შემთხვევით აღმოაჩინა, რომ რემბრანდტის ტოლოზე გამოსახულ ქალს მკერდის კიბო ჰქონდა...

- კულუარულად მსმენია თქვენს აღმოჩენაზე ერმიტაჟში, რამაც რემბრანდტის ნახატის მანამდე ცნობილი ისტორია შეცვალა...

- 80-იან წლებში მე და ჩემი მეუღლე პეტერბურგში ვიყავით. ერმიტაჟში წავედით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ... ავარჩევდი ხოლმე ერთი მხატვრის შემოქმედებას და იმას ვუთმობდი მთელ დროს. იმ პერიოდში ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ვმუშაობდი, დიდი მონდომებით ვიკვლევდი სარძევე ჯირკვლის კიბოს პრობლემებს და სულ ეს მიტრიალებდა თავში... შევხედე რემბრანდტის "დანაეს", ვუყურებ ამ ქალს და რაღაც დავეჭვდი... მოგეხსენებათ, რემბრანდტი ძალიან ფოტოგრაფიულად ხატავდა და მთელი სიზუსტით აღწერდა კონტურებს. ქალს ძუძუზე დავაკვირდი, დავიწიე უკან, მერე ისევ მივუახლოვდი და მივხვდი, რომ ვიზუალურად ყველა ნიშანი იყო იმის, რომ ძუძუს კიბო ჰქონდა... მეუღლეს რუსულად გადავულაპარაკე და ეს სიტყვები ერთმა კაცმა გაიგონა. მომიახლოვდა და გაოცებულმა მკითხა, - თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებთ ამასო? ის კაცი მუზეუმის თანამშრომელი აღმოჩნდა. აღვუწერე ის ნიშნები, რაც ვიზუალურად ძუძუს კიბოს ახლავს. ეს კაციც დააკვირდა... მერე მითხრა, მისამართი დაგვიტოვეთ, მუზეუმი ამას გამოიკვლევს და შედეგს მოგწერთო... ხუთი თვის შემდეგ მივიღე ბარათი, სადაც წერდა, ჩვენ ისტორიულად გამოვიკვლიეთ ყველაფერიო... ცნობილია, რომ რემბრანდტის მოდელი მისი მეუღლე იყო, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ცოლის მხოლოდ სახე იყო, სხეული კი რემბრანდტის შვილის ძიძისა ყოფილა... ეს კაცი მწერდა, ნახატი შევისწავლეთ და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ქალს ამ ტილოს შექმნისას, მართლაც ჰქონია ისეთი დაავადება, რომელიც ძალიან ჰგავდა სიმსივნესო...

- ეს ხომ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იყო და რატომ არ შესძინეთ მეტი მასშტაბი?

- არ მეგონა, თუ ვინმეს ყურადღებას მიიქცევდა... ძალიან ბევრი საქმეც მქონდა და ამ საკითხს ვეღარ მივდიე. ასე საჯაროდ, პირველად თქვენ გიამბეთ.

მანანა გაბრიჭიძე