"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება" - კვირის პალიტრა

"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"

"ფეისბუკში" ვანოზე ძალიან ბევრს წერენ, ეს მთავარი გამარჯვებაა ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ნიჭიერი კაცისთვის. თვით Voice-ს საიტზეც ვანოს იმდენი "ლაიქი" და კომენტარი აქვს, რაც სხვას არავის ჰქონია. ეს არაოფიციალური გამარჯვებაა...

რამდენიმე დღის წინ Voice-ს ფინალი ჩატარდა, რომელშიც SMS-ებით გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე გამოვლინდა. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაყურებელში. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ამ ამბავს. ზოგი ამბობდა, ვანო ტურაბელიძე რომ ვერ გავიდა, უსამართლობაა, საჩუქრადაც საგზურის გარდა ვერაფერი გაიმეტეს მისთვისო?! ვიღაც ამტიცებდა, ზუსტად ვიცი, გიორგი ნადიბაიძის ოჯახს ბინა ბანკში ჩაუდვია წინასწარ, რომ ამ თანხით გიორგისთვის ხმები ეყიდაო... რადგან ქეთა თოფურიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ფინალისტთა დანარჩენ მწვრთნელებს ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი დარჩნენ Voice-ს საბოლოო შედეგით.

ანრი ჯოხაძე: - ყველა ფინალისტი იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ მე როგორც პროფესიონალი და ამ საქმის ექსპერტიც, ვამბობ,

ვანო ტურაბელიძე, რომელიც ჩემი გუნდის ფინალისტი იყო, მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც იდგა, რადგან ურთულესი არია შეასრულა. სხვა კონკურსანტების გულშემატკივარიც და მწვრთნელებიც ფეხზე წამოუდგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს ვანოს. ეს დიდი გამარჯვებაა. თუმცა, ძალიან კარგმა მომღერალმა გაიმარჯვა, პერსპექტიულმა. დარწმუნებული ვარ, გიორგის კარგი კარიერა ელოდება...

ვანოს რჩევა მივეცი, რომ წავიდეს საოპერო განხრით. თუ იტალიაში წავა და იქ მიიღებს უმაღლეს განათლებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო რანგის ტენორი ეყოლება, აღიარებული და დაფასებული. მას ფენომენალურად ლამაზი ხმა აქვს. დღეს მსოფლიოში კარგი ტენორების გასაჭირია და ვანოს აქვს შანსი, თავისი ხმით მსოფლიო დაიპყროს.

- გული სწყდებოდათ, თითქოს საჩუქრებიც მოკრძალებული მიიღოო...

- მე არ ვწყვეტდი, ვინ რას მიიღებდა საჩუქრად. თუმცა, ტელეკომპანია "იმედის" რჩეული გახდა და მოკრძალებული საგზურიც აჩუქეს. სპონსორებს შეეძლოთ ვანოსთვის რაიმე გადაეცათ. მე მათ ვეტყოდი, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, ვანო ტურაბელიძე კი ნამდვილად ოქროა. ამაში ცოტა ხანში დარწმუნდებიან. სპონსორებმა გული დამწყვიტეს. ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა მათგან ყურადღებას. რას ვიზამთ, მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ. მე რაც შემეძლო, ვანოს დავეხმარე, ბოლომდე მის გვერდით ვიყავი. "ფეისბუკში" ვანოზე ძალიან ბევრს წერენ, ეს მთავარი გამარჯვებაა ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ნიჭიერი კაცისთვის. თვით Voice-ს საიტზეც ვანოს იმდენი "ლაიქი" და კომენტარი აქვს, რაც სხვას არავის ჰქონია. ეს არაოფიციალური გამარჯვებაა.

ნოდიკო ტატიშვილი: - გაიმარჯვა იმან, ვისაც ყველაზე მეტი SMS-ი ჰქონდა. გულწრფელად ვულოცავ გიორგის, მას თავისი გულშემატკივარი ჰყავდა, ვანოს, სალომესა და შოთის - თავიანთი. ჩემთვის სალომე დოლიძეა გამარჯვებული, რადგან მისი მწვრთნელი ვიყავი, გნებავთ, ეგოისტობაში ჩამითვალეთ, მაგრამ... სალომე შემდგარი მომღერალია. ზოგადად, ოთხივე ღირსეული ფინალისტი იყო - ვანო ძლიერი ხმით, შოთიკო მოზღვავებული ენერგეტიკით, სალომე განსხვავებული ტემბრით, გიორგიც კარგად მღერის.

ვიცი, ახლა გიორგი ეიფორიაშია. მინდა, რომ შეარგონ ეს გამარჯვება. მაღიზიანებს, როცა თავისუფალი აზრის გამოხატვა ეთიკურ ზღვარს სცდება. გიორგი არ იმსახურებს ლანძღვას. მასთან ერთად ვულოცავ მის მწვრთნელს, ულამაზეს ქეთას...

ნუცა შაშიაშვილი: - მთელი ჩემი Voice იყო სიყვარულის დღესასწაული. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კონკურსი ასე ლამაზად ჩატარდა. მე და შოთიკომ ვიმღერეთ ჩემი კომპოზიცია, რომელიც ბროდვეიზე შევასრულე ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად. კარგი ნომერი გამოგვივიდა. რაც შეეხება პირველ ადგილს, წინასწარ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ თუ შოთი გაიმარჯვებდა და პირველ ადგილზე გავიდოდა, შოთის მოგებული ბინა ვანო ტურაბელიძისთვის უნდა ეჩუქებინა.

- რატომ?

- შოთის აქვს ბინა, ყველაფერი აქვს, არაფერი უჭირს, თან ვანო ძალიან გვიყვარს, ჩვენი მეგობარია და ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცებდით, რომ შეჯიბრება და კონკურსი არ არის მთავარი. მთავარია მეგობრობა, ურთიერთგაგება, ქართველობა, სიკეთე და სიყვარული. ვანო ძალიან ნიჭიერი, თბილი და გულიანი ადამიანია.

ეკა სალაღაია