"არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ­ომია"
18-01-2016
"არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ­ომია"
ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...  ისევ ისე ვიცხოვრებდი.

ანზორ ერქომაიშვილი:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

- მსოფლიოში ასეთი მასშტაბით შევძლებდი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას...

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...
- ბაბუაჩემი.

მოვლენა, რომელმაც ჩემი ცხოვრება­ შეცვალა...
- ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, ბაბუამ მირჩია, მუსიკას გავყოლოდი, დამისაბუთა, რატომაც... დავუჯერე.

უარს ვერასოდეს ვიტყვი...
- ქართული სიმღერის შესრულებაზე.

როცა მაქებენ...
- თუ გაქებენ და გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა, თუ დაიჯერე - უბედურება.

თავისუფლება ჩემთვის არის...
- ცხოვრების წესი, ვაკეთო ის,
რაც მინდა, თავისუფლად და ლაღად.

როცა მატყუებენ...
- ხშირად არ ვიმჩნევ, რათა შეურაცხყოფა არ მივაყენო იმას, ვინც მატყუებს, თუმცა, ვცდილობ, თავი არავის მოვატყუებინო.

ბოროტება ჩემთვის არის...
- კეთილის დაგმობა...

ვნანობ, რომ...
- ჩემი ცხოვრების დიდი დრო უქმად გავხარჯე. მეტის გაკეთება შემეძლო.

ჩემთვის მიუღებელია...
- ბუნებისგან
დაკანონებულის უარყოფა...

თბილისში ავაშენებდი...
- ხალხური სიმღერის მუზეუმს, სადაც ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლების ნამუშევრები იქნებოდა მოთავსებული.

არასოდეს ვამბობ...
- ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მირჩევნია, საფლავში ჩავიტანო.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- ისევ ისე ვიცხოვრებდი.

დათო ტურაშვილი:

თავისუფლება არის...

- ადამიანის არჩევანი, სულიერი მდგო­მარეობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ყველაზე ხშირად, ალბათ, ამიტომაც გვიჭირს, ვიყოთ თავისუფლები.
როცა მატყუებენ...
- ძალიან ვბრაზდები. შეიძლება ეს ტყუილი არ იყოს ტრაგიკული ან საბედის­წერო, მაგრამ მაინც ბოროტებაა. ჩემთვის არსად, არაფრის ფასად, ტყუილი არ მოსულა.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...
- რატომღაც მეგონა, ჩვენ უფრო თავისუფლები ვიქნებოდით; მეგონა, უფრო მეტის მოთმენა და სიყვარული შეგვეძლო.
ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია...
- ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთაც აქვთ იუმორის გრძნობა,­ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა, მოსმენა და მოთმენა.

თბილისი ჩემთვის არის...

- ქალაქი, რომელზეც ამდენი სადღეგრძელო დაულევიათ, ამდენი ლექსი დაუწერიათ, ამდენჯერ შეუქიათ და ბოლოს ასე გაუუბედურებიათ - ყველაფერი მოისპო, აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია.

მერაბ კოკოჩაშვილი:

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, არ არსებობს შემთხვევა, როცა ტყუილი გამართლებული იქნება.
რამ შეიძლება გამაბრაზოს...
- როდესაც სიმართლე არსადაა, როდესაც სიკეთე არ არის, სიყვარული არ არის, ძალიან ვბრაზდები.

ჩემთვის მიუღებელია...
- ადამიანის მიმართ უღირსი დამოკიდებულება, უპატივცემულობა.

ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება...
- როცა ძალიან პატარა ვიყავი, ძაღლი ვერ დავიცავი. როგორც ჩანს, შემეშინდა. ეს არასოდეს მავიწყდება და ვცდილობ, არ შევშინდე...

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ჩემს საქმიანობაზე.

მარადიულია...

- სიმართლე, სიყვარული, სიკეთე.

განმარტოება მიყვარს, როდესაც...

- განმარტოე­ბისთვის მარტო ყოფნა აუცილებელი არ არის. თუ რაღაც გაწუხებს, ხალხმრავლობაშიც მარტო ხარ შენს ფიქრებთან.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...
- საბჭოთა კავშირი ასე დაიშლებოდა­, რომ საქართველო დამოუკიდებლად იარსებებდა.

სტიმულს მაძლევს...
- ცხოვრება... მრავალფეროვანია, ახალი იმედების მომცემია.

ბედნიერებაა...

- მშვიდობა, როდესაც ირგვლივ სიკეთე და სიყვარული სუფევს.

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...
- პატარა ვიყავი, მამა რეპრესირებული­ იყო... არ მეუბნებოდნენ, მაგრამ საიდანღაც ვიცოდი და ვგრძნობდი. მოგვიანებით დედამ­ მითხრა, უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე, რომ მამა რეპრესირებულიაო. აღმოჩნდა, რომ ამ ამბავს მე დედას­ ვუმალავდი, დედა კი მე მიმალავდა... იმ დროს ვსადილობდით და ცრემლი
წვნიანში ჩაეწვეთა...

ვერასოდეს ვიქნებოდი...

- ვერც ერთ ტექნიკურ პროფესიას ვერ გავყვებოდი...

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...
- ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დედამ მოახდინა. მარტო მზრდიდა, არც და მყავდა, არც - ძმა. მისი ყველა თვისება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

იმედგაცრუება...
- მიგრძნია ადამიანებისგან, საქმისგან, ჩემი ფილმებისგან... რატომღაც ჩემს ფილმებს თავიდანვე არ იღებდნენ, დრო გაივლიდა და მერე აფასებდნენ.

ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...
- ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ­ომია.

თამთა ასათიანი
ლაშა
18 იანვარი 2016 17:07
სამივე ერის გამორჩეული, სამაგალითო ადამიანია.

რედაქტორის რჩევით