"არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ­ომია" - კვირის პალიტრა

"არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ­ომია"

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...  ისევ ისე ვიცხოვრებდი.

ანზორ ერქომაიშვილი:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

- მსოფლიოში ასეთი მასშტაბით შევძლებდი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას...

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...

- ბაბუაჩემი.

მოვლენა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა...

- ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, ბაბუამ მირჩია, მუსიკას გავყოლოდი, დამისაბუთა, რატომაც... დავუჯერე.

უარს ვერასოდეს ვიტყვი...

- ქართული სიმღერის შესრულებაზე.

როცა მაქებენ...

- თუ გაქებენ და გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა, თუ დაიჯერე - უბედურება.

თავისუფლება ჩემთვის არის...

- ცხოვრების წესი, ვაკეთო ის, რაც მინდა, თავისუფლად და ლაღად.

როცა მატყუებენ...

- ხშირად არ ვიმჩნევ, რათა შეურაცხყოფა არ მივაყენო იმას, ვინც მატყუებს, თუმცა, ვცდილობ, თავი არავის მოვატყუებინო.

ბოროტება ჩემთვის არის...

- კეთილის დაგმობა...

ვნანობ, რომ...

- ჩემი ცხოვრების დიდი დრო უქმად გავხარჯე. მეტის გაკეთება შემეძლო.

ჩემთვის მიუღებელია...

- ბუნებისგან დაკანონებულის უარყოფა...

თბილისში ავაშენებდი...

- ხალხური სიმღერის მუზეუმს, სადაც ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლების ნამუშევრები იქნებოდა მოთავსებული.

არასოდეს ვამბობ...

- ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მირჩევნია, საფლავში ჩავიტანო.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- ისევ ისე ვიცხოვრებდი.

დათო ტურაშვილი:

თავისუფლება არის...

- ადამიანის არჩევანი, სულიერი მდგომარეობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ყველაზე ხშირად, ალბათ, ამიტომაც გვიჭირს, ვიყოთ თავისუფლები.

როცა მატყუებენ...

- ძალიან ვბრაზდები. შეიძლება ეს ტყუილი არ იყოს ტრაგიკული ან საბედისწერო, მაგრამ მაინც ბოროტებაა. ჩემთვის არსად, არაფრის ფასად, ტყუილი არ მოსულა.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

- რატომღაც მეგონა, ჩვენ უფრო თავისუფლები ვიქნებოდით; მეგონა, უფრო მეტის მოთმენა და სიყვარული შეგვეძლო.

ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია...

- ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთაც აქვთ იუმორის გრძნობა, შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა, მოსმენა და მოთმენა.

თბილისი ჩემთვის არის...

- ქალაქი, რომელზეც ამდენი სადღეგრძელო დაულევიათ, ამდენი ლექსი დაუწერიათ, ამდენჯერ შეუქიათ და ბოლოს ასე გაუუბედურებიათ - ყველაფერი მოისპო, აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია.

მერაბ კოკოჩაშვილი:

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, არ არსებობს შემთხვევა, როცა ტყუილი გამართლებული იქნება.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- როდესაც სიმართლე არსადაა, როდესაც სიკეთე არ არის, სიყვარული არ არის, ძალიან ვბრაზდები.

ჩემთვის მიუღებელია...

- ადამიანის მიმართ უღირსი დამოკიდებულება, უპატივცემულობა.

ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება...

- როცა ძალიან პატარა ვიყავი, ძაღლი ვერ დავიცავი. როგორც ჩანს, შემეშინდა. ეს არასოდეს მავიწყდება და ვცდილობ, არ შევშინდე...

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩემს საქმიანობაზე.

მარადიულია...

- სიმართლე, სიყვარული, სიკეთე.

განმარტოება მიყვარს, როდესაც...

- განმარტოებისთვის მარტო ყოფნა აუცილებელი არ არის. თუ რაღაც გაწუხებს, ხალხმრავლობაშიც მარტო ხარ შენს ფიქრებთან.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

- საბჭოთა კავშირი ასე დაიშლებოდა, რომ საქართველო დამოუკიდებლად იარსებებდა.

სტიმულს მაძლევს...

- ცხოვრება... მრავალფეროვანია, ახალი იმედების მომცემია.

ბედნიერებაა...

- მშვიდობა, როდესაც ირგვლივ სიკეთე და სიყვარული სუფევს.

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...

- პატარა ვიყავი, მამა რეპრესირებული იყო... არ მეუბნებოდნენ, მაგრამ საიდანღაც ვიცოდი და ვგრძნობდი. მოგვიანებით დედამ მითხრა, უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე, რომ მამა რეპრესირებულიაო. აღმოჩნდა, რომ ამ ამბავს მე დედას ვუმალავდი, დედა კი მე მიმალავდა... იმ დროს ვსადილობდით და ცრემლი

წვნიანში ჩაეწვეთა...

ვერასოდეს ვიქნებოდი...

- ვერც ერთ ტექნიკურ პროფესიას ვერ გავყვებოდი...

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...

- ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დედამ მოახდინა. მარტო მზრდიდა, არც და მყავდა, არც - ძმა. მისი ყველა თვისება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

იმედგაცრუება...

- მიგრძნია ადამიანებისგან, საქმისგან, ჩემი ფილმებისგან... რატომღაც ჩემს ფილმებს თავიდანვე არ იღებდნენ, დრო გაივლიდა და მერე აფასებდნენ.

ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...

- ბრძოლის გარეშე, რადგან ცხოვრება ომია.

თამთა ასათიანი